სახელების ასეთი დამთხვევა შემთხვევითი სულაც არ არის, წიგნში მოყვანილი პერსონაჟების სახელები თითქმის ერთნაირია, მაგრამ მათი ხასიათები და მსოფმხედველობა რადიკალურად განსხვავებულია და იცვლება თაობიდან თაობამდე. წიგნის ერთ - ერთი გამორჩეული პერსონაჟი არის პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, რომელიც ხასიათით ძალიან ჰგავს ხოსე არკადიოს, თუმცა უამრავი განსხვავებული და გამორჩეული ნიშან - თვისება აქვს. წიგნში მოთხრობილია პოლკოვნიკის სიყვარულის, პოლოტიკური მისწრაფებების, სამოქალაქო აქტიურობის და სხვა ამბები, რომლებიც ამ პერსონაჟის კომიკური გარდაცვალებით მთავრდება. რომანის ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია ჯადოქარი, ბოშების თავკაცი მელკიადესი, რომელიც ბუენდიების ოჯახს თან დაჰყვება, როგორც აჩრდილი და ხოსე არკადიოდან დაწყებული მომავალ თაობებს ეცხადება და ურთიერთობს მათთან. მელკიადესი საკუთარი სიბრძნით და გამჭრიახობით სარგებლობს და მეტწილად განაპირობებს ბუენდიების ოჯახის ბედს. გამჭრიახობისა და სიბრძნის გარდა ეს პერსონაჟი საკუთარი ეშმაკობით გამოირჩევა და შეგვიძლია სწორედ ბიბლიურ სატანას შევადაროთ. მელკიადესი არის ის პერსონაჟი, რომელიც იწინასწარმეტყველებს „მაკონდოს" დაცემას და ბუენდიების გვარის გაქრობას. რომანის სიუჟეტი ძალიან ვრცელია და ეხმიანება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემას თუ აზრს. რომანის სიუჟეტი არის ერთგვარი ისტორია სამყაროსი, თუ როგორ შეიქმნა, როგორ განვითარდა იგი, როგორ ჰქონდათ ადამიანებს ცრურწმენები, რომელიც შემდგომში რელიგიამ ჩაანაცვლა და რწმენამ უფრო კონკრეტული დანიშნულება და ხასიათი მიიღო, როგორ გაჩნდა პოლიტიკური მსოფლმხედველობა და ჩამოყალიბდა განსხვავებული პოლიტიკური მიმდინარეობები, რომელთაც ყავდათ დამცველები და მოწინააღმდეგეები, როგორ მოხდა ინდუსტრიალიზაცია, როგორ შეიცვალა ურთიერთობები და დამოკიდებულებები ადამიანებს შორის და რამ გამოიწვია ყოველივე ეს. ამრიგად, შესაძლოა ითქვას, რომ „მარტოობის ას წელიწადში" ყველაფერია, რაც კი ცივილიზაციას გამოუცდია დღემდე და რასაც მომავალში გამოცდის. ბუენდიების ოჯახის ისტორია უაღრესად ვრცელია და თითოეული თაობა რადიკალურად განსხვავებული, თუმცა ყველა ხოსე არკადიოს ან აურელიანოს აქვს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მარტოობა. მარტოობა, როგორც ინდივიდის მუდმივი ყოფა, მარკესის რომანში ერთ ერთი უმთავრესი სათქმელია. იცვლება დრო, იცვლება გარემოებები, მაგრამ არ იცვლება სახელი, რომელსაც მარტოობა ჰქვია. გაბრიელ გარსია მარკესის რომანში არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი ადამიანთა პოლიტიკური შეხედულებები. ზემოთხსენებული პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია ახალგაზრდობიდან ლიბერალი იყო და იბრძოდა ლიბერალებისთვის, კონსერვატორების წინააღმდეგ ომში, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ხვდებოდა, რომ ომი პოლოტიკური შეხედულებების გამო ისეთივე აბსურდულია, როგორიც მელკიადესის ალქიმიური ჯადოქრობები. „მთავარი განსხვავება ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის არის ის, რომ ლიბერალები დილით დადიან ეკლესიაში, ხოლო კონსერვატორები საღამოს" (გარსია მარკესი, მარტოობის ასი წელიწადი, 256) საბოლოო ჯამში პერსონაჟი აცნობიერებს, რომ მისი ბრძოლა არაა პოლიტიკური, არამედ იგი საკუთარი პატივმოყვარეობისთვის იბრძვის. მარკესის რომანს ახასიათებს მოვლენების განუწყვეტელი გამეორება. ბუენდიების ოჯახის შვიდ თაობას თითქმის ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ და მოვლენებიც ერთმანეთის მსგავსად მეორდება, თითქოს დრო არ ვითარდება და არ მიდის, არამედ მუდმივ ცირკულაციაშია. ამ ხერხით ავტორი თითქოს გვეუბნება, რომ სამყაროს არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული და თაობები და ადამიანები, წინა თაობების მიერ დაშვებულ შეცდომებს თუ მიღწეულ წარმატებებს მუდმივად იმეორებენ დროის ცირკულაციურ მსვლელობასთან ერთად. შესაბამისად, ბუენდიების ოჯახის ისტორიები სამყაროს ისტორიებია, რომლებიც მეორდებიან და განუწყვეტელ წრეს ქმნიან. ნაწარმოების ბოლოს ვეცნობით უნიკალურ პერსონაჟს ბუენდიების გვარიდან, რომელიც სანსკრიტზე დაწერილ პერგამენტს კითხულობს. ამ პერგამენტზე წერია ყველა ის გენიალური და ამაღელვებელი ისტორია, რაც „მაკონდოს" და ბუენდიების გვარს გამოუვლია. მეშვიდე თაობის პერსონაჟი - აურელიანო ეცნობა პერგამენტს და იგებს სიმართლეს ბუენდიების გვარის შესახებ, იგებს, რომ არსებობდნენ წინაპრები ხოსე არკადიო, ურსულა, ხოსე არკადიო უმცროსი, ამარანტა, რებეკა და სხვები. კითხვისას ეცნობა დაუჯერებელ ისტორიებს, თუ როგორ ეწვივნენ „მაკონდოს" ბოშები, როგორ შეიფარა ბუენდიების ოჯახმა უსახლკარო გოგონა - რებეკა, რა მოხდა, როცა მთელ „მაკონდოს" უძილობის სენი შეეყარა, რომელმაც გულმავიწყობა და მეხსიერების სრული გაქრობა გამოიწვია, როგორ დააღწია თავი „მაკონდომ" უამრავ სირთულესა და უბედურებას. პერგამენტის გაოგნებული მკითხველი, კიდევ უფრო განცვიფრდება, როცა პერგამენტში წაიკითხავს არამხოლოდ წარსულს, არამედ აწმყოსაც.