7) ანჩისხატი და მუხრანთუბანი - მუხრანთუბანი დროთა განმავლობაში თბილისში გადმოსულ და დასახლებულ დიდგვაროვანთა უბნად მიიჩნეოდა. ეს უბანი ამჟამად ტურისტებითაა გადატვირთული. სწორედ აქ შეგხვდებათ ჩვენამდე მეტ-ნაკლებად პირვანდელი იერსახით მოღწეული თბილისის ყველაზე ძველი ეკლესია - ანჩისხატი (VI-VII საუკუნეები), რომელიც სწორედ თბილისის წარჩინებულთა ეკლესიად ითვლებოდა. მეფე ერეკლეს დროს ეკლესიასთან დაარსდა აკადემიაც. ეკლესიას „ანჩისხატი" მას შემდეგ შეერქვა, რაც აქ ტაო-კლარჯეთის სოფელი ანჩიდან შესანახად გადმოასვენეს მაცხოვრის ხატი. მანამდე მას, სავარაუდოდ, „მარიამწმიდის" და „ზარის" ეკლესიად მოიხსენიებდნენ. ეს უკანასკნელი, გადმოცემის თანახმად, მას არაბთა ბატონობის დროს ზარის დარეკვის პრივილეგიისა და უფლების გამო შეერქვა. ეკლესიის შესასვლელში XVII საუკუნეში კათალიკოს დომენტი II-ის დროს აგებული სამრეკლო შეგხვდებათ. თავად ეკლესია რამდენჯერმე იყო მოხატული (მათ შორის, XVII და XIX სუაკუნეებში). ეკლესიის აფსიდში შემორჩენილია ე.წ. ,,იესესძირი", რომელიც ბაგრატიონთა ებრაულ წარმოშობას გადმოგვცემს. აქვე, საპატრიარქოს შენობასთან, არის 1710 წელს აგებული და შემდგომში რესტავრირებული V საუკუნის ,,კარის" ეკლესია.