ხულო - სამოთხე მთებში


ანა აბულაძე



ხულო, ეს ადგილი სამოთხეა მთებში. ყოველგვარი სიამოვნებით და იდუმალებით აღგავსებს, როცა მის სურნელს შეიგრძნობ და მიუახლოვდები. ეს ადგილი მზისგან არის მოვლილი, ზაფხულობით გრილი და ცოტა ხმაურიანი, ზამთრობით კი-ცივი, ფერმკრთალი და ამაღელვებელი.

მალე გაზაფხული მოვა და ვცდილობ წარმოვიდგინო, თუ როგორ ფერებში დავხატავდი ხულოს, სად ჩავატევდი მის მშვენიერებას, როგორ აღვწერდი მის იდუმალებას და როგორ შევიგრძნობდი მის სურნელს...

თვალს რომ ვხუჭავ, წინ წარმომიდგება აყვავებული ხეები, ახლადამოსული მწვანე ბალახი, გიგანტური არგინეთის მთა, მაღლა, მთისკენ როცა მიემართები და გზად მწვანე ტბაზე შეჩერდები, მომაჯადოებელ და მისტიურ მწვანე ტბაზე, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, შეუძლებელია შეიგრძნო მისი იდუმალება, სიმკაცრე და მშვენიერება. გასაოცარი და მომხიბვლელი გოდერძის უღელტეხილი, ევროპაში სიგრძით მეორე თაგოს საბაგირო გზა, მხიარული და სასიამოვნო ბეშუმი, დოღი, შუამთობა, კემპინგი თაგოში და ბევრი მხიარულება... ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმის, რაც შეიძლება ნახო ხულოში. ბევრი რამის მოყოლა მომინდა, ვერც კი დავატევ ამ ფურცლებზე...

მინდა მოგიყვეთ, რომ ზაფხულობით, და განსაკუთრებით შემოდგომაზე, მშვენიერია ხულო. არაფერი ისე არ მიყვარს, როგორც თაგოს კარვებიდან მთელი ხულოს და არგინეთის ცქერა. როცა უყურებ, ერთი მხრივ, ძველებურ, ულამაზეს სახლებს, მეორე მხრივ კი ქალაქური ტიპის ბინებს დაბის ცენტრში და გრძნობ, თუ რა ძლიერი კავშირია შენსა და ამ იდუმალ ადგილს შორის.

ამასთან ერთად უამრავი გამოწვევა აქვს ხულოს. ეს ერთი შეხედვით პატარა, მყუდრო, ზღაპრული, უშფოთველი ადგილი, მაგრამ ბევრ წინააღმდეგობას ებრძვის ის დღესდღეისობით:

მინდა ტკივილით აღვნიშნო ხალხისგან დაცლილი სოფლები, რომლებსაც ხულო აგარაკად გაუხდიათ და მას მხოლოდ ზაფხულობით თუ ესტუმრებიან და შორიდან ცდილობენ თავიანთი კუთხის შენახვას აქ. ზოგი ემიგრაციაში, ზოგი საზღვარგარეთ სამუშაოდ, ზოგი ქალაქში საცხოვრებლად გადასული და ა.შ.

თითქმის დაცარიელებული ხალხისგან და მხიარულებისგან. მიდიან, მიდიან და მოდიან მხოლოდ ზაფხულობით, ზოგჯერ ამ დროსაც არა. რაც დრო გადის, თანდათან უფრო მოწყენილი მეჩვენება აქაურობა. ჩაშავებული, მხრებჩამოყრილი, მიტოვებული სახლები, სევდიანი ორღობეები, მოივლი მთელ სოფელს და გზად რამდენიმე ადამიანი თუ შემოგხვდება. ადრე გაცილებით უფრო ხალხმრავალი იყო, მერე ნელ-ნელა დაცარიელდა.

ხულოს აღსაწერად ერთი წიგნი დაგვჭირდება, ცალკე მოსაყოლად დიდი ამბავია. ამ ჩვენს სოფლებს დღეს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, რომლებსაც ძალიან ფრთხილი და გონიერი მოგვარება და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა სჭირდება; გულშემატკივარი და მოყვარული ადამიანების ძლისხმევა, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს სოფლების პრობლემების მოწესრიგება და თან ერთის გაკეთებით არ გაფუჭდეს და დაიკარგოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.

პრობლემებთან ერთად ბევრი პროგრესი აქვს ამ მხარეს, ყველაფრის მიუხედავად. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ახალგაზრდები, რომლებიც დღესდღეისობით მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ხულოს მშვენიერი ბუნება, მისი ღირსშესანიშნაობები, ისტორია და ხულო იმაზე უფრო უკეთესი გავხადოთ, ვიდრე არის. მუდმივად ახლის ძიებაში ვართ, ჩვენი ინოვაციური იდეებით და დიდი მონდომებით. არ გვაშინებს ახალი იდეა, ახალი აზრი, ახალი ქმედება, საწინააღმდეგო პასუხი. მჯერა, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც მოახდენს მთელ რიგ ცვლილებებს ხულოში...

ცოტას მოგიყვებით ჩემს ეზოზეც: აქ მუდამ სიწყნარეა. ქარი თუ შეარხევს ვაშლისა და ალუბლის ხეებს. საკმარისია ეზოში შედგა ფეხი და სახეზე გრილი სიო გეფერება, მუცელში პეპლები იწყებენ შრიალს, სხეულში სიმსუბუქეს და სილაღეს გრძნობ. მაშინ ხვდები, რომ მოწყდი ყოველდღიურ ერთფეროვნებას, სიყალბეს, ქალაქის აურზაურს და აქ, სადღაც სხვა სამყაროში, თავისუფალი ცის ქვეშეთში მოხვდი.

მენატრება ის დრო, როცა ბავშვები ყიშინით და სირბილით ვიკლებდით ეზოებს, შემოდგომაზე, ვფარფატებდით მოცვივანი ფოთლების ქვეშ, წითელ-ყვითელ ფერებში მორთული ბუნება ზღაპარს გვაგონებდა. გაზაფხულზე ყვავილების თაიგულებს ვაკეთებდით და ვტკბებოდით ამ პროცესით. მახსენდება წისქვილი, სადაც სიმინდის ტომრით რიგში ბაბუას ვუსმენდი თუ როგორ იხსენებდა ომის ამბებს და მეამაყებოდა ასეთი ბაბუს გვერდით ყოფნა. ეს პატარა სურათი მხოლოდ ნაწყვეტია იმ ბედნიერი დღეებისა.

შესაცვლელი ხულოში ბევრია, თუნდაც ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რაც რთულად გამოსასწორებელია. სტერეოტიპული დამოკიდებულებები ახალგაზრდული საქმიანობების, თუნდაც მოხალისეობის მიმართ, რაც ჩვენ უფრო მეტად გვაკარგვინებს მოტივაციას მოხალისეობის მიმართ, მაგრამ მაინც ვიბრძვით მივაღწიოთ ყველაფერ სასიკეთოს, რაც ჩვენ გვსურს და ჩვენია განვითარებისთვის არის საჭირო. მე მაინც ვფიქრობ, რომ დღესდღეისობით ეს სტერეოტიპული დამოკიდებულებები ცოტათი მაინც შემცირდა და ეს გამოიწვია ახალგაზრდების დიდმა ძალისხმევამ, ჩართულობამ, სიჯიუტემ. ვაჩვენეთ ხალხს, რომ მოხალისეობა არ არის მხოლოდ სიკეთის კეთება, ეს არის ცვლილებების მოხდენა ჩვენს და ხულოს ცხოვრებაში.

ვფიქრობ, ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის უნდა შეიქმნას რაღაც ახალი, ინოვაციური, განსხვავებული, რითიც უფრო მეტად განვვითარდებით ჩვენი ინტერესების, იდეების, და შესაძლებლობების მიხედვით. მჯერა, მომავალში ეს მიზანი მიღწეული იქნება, რადგან ისეთი აქტიური ახალი თაობა ვიზრდებით აქ, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენზე ადაპტირებული გარემოს მოწყობას.

მომავალში როგორი წარმომიდგენია ხულო? დავფიქრდები და გეტყვით: ოცნება ბევრია, განხორციელება არის რთული. მომავალში ვისურვები ხალხით სავსე ხულოს და მის სოფლებს. იმაზე უფრო დიდ და მხიარულს, ვიდრე ახლა არის. ბევრი განხორციელებული იდეებით და მიზნებით, ჩვენი, ახალგაზრდების მხრიდან, ჩვენს ოცნებებს ასრულებულს. არ იფიქროთ რომ ხულოელი ახალგაზრდების ოცნება და მიზანი ხულოდან გასვლა და რაიმე წარმატების მიღწევა არის. არა, ასე არ არის, ჩვენი ყველაზე დიდი ოცნებაა, იყოს ხულო ისეთი, სადაც შევძლებთ ხარისხიან სწავლა-განათლებას, აქ დარჩენას და ჩვენი ინოვაციური იდეების განხორციელებას. ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია ახალგაზრდებს გაცილებით მეტი დრო და ყურადღება მიექცეს. ნაწილობრივ მიღწეულია ეს მიზანი, მაგრამ არა საკმარისად.

საბოლოოდ ვიტყვი ჩემს მწუხარებასაც: გვიანი შემოდგომის სუსხიან საღამოობით, როცა ბინდი ჩამოწვება, გახურებულ „ფეჩთან" მჯდომს, გულს დარდად მაწვება შიში, რომ ერთხელაც მოვალ ჩემს ხულოში და აქ აღარავინ დამხვდება.


* ტექსტი ქვეყნდება კონკურსში გადმოგზავნილი ფორმით - უცვლელად.
Made on
Tilda