ჩემი სოფელი - ავლევი
ნანა გელიტაშვილი
ჩემი სოფელი ერთი პატარა ადგილია, ლამაზი და მშვიდი, აქ ყოფნა ყველაზე დიდი შვებაა ჩემთვის. სოფელში ჩამოედინება მდინარე, სახელად ''ფრონე'', მიყვარს ზაფხულობით მეგობრებთან ერთად, ცხელ ამინდებში გაგრილება და შემწვარი სიმინდით ტკბობა, მდინარის პირას.

გადმოცემით, როგორც ვიცი, სოფელში ადრე უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, ზამთარ-ზაფხულ, დიდები თუ პატარები, მუდამ აცოცხლებდნენ აქაურობას. ყოველთვის მიჩნდება სურვილი ისევ ისეთი მხიარული იყოს ჩემი საყვარელი ადგილი, როგორიც ადრე. ახლა ზამთარში გამაყრუებელი სიჩუმე ისადგურებს ხოლმე, მხოლოდ ზამფუხოლობით თუ შეივსება აქაურობა ახალგაზრდებით, ისიც დროებით და სექტემბრის დადგომისას იმდენად საშინელი მარტოსულობა ისადგურებს სულში, რომ შეუძლებელია აიტანო ცარიელი ქუჩები, შუქჩამქვრალი სახლები, მარტოდ დარჩენილი ბებოები და ბაბუები, რომელთაც არ მიატოვეს საკუთარი სახლ-კარი.

ადრე ავლევს არც შუქი, არც გზა, არც ბუნებრივი აირი და არც არანაირი კომფორტი არ გააჩნდა, მაგრამ ოჯახის წევრების მოყოლილი ამბებით, მაინც უდიდესი ბედნიერება სუფევდა თითოეულ სახლში, ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთის სიყვარული შეეძლოთ ადამიანებს.

რა ჯობია ზაფხულის არდადეგებზე სოფელში ჩამოსვლას, მთელი დღეები მეგობრებთან ყოფნას და ძალიან ბევრი მოგონების დაგროვებას. დიახ, ეს სოფელი უამრავ მოგონებას იტევს, ცუდსა თუ კარგს, ერთადერთია, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ავლევზე კარგი ადგილი არ მეგულება არსად. სოფლისადმი დაუშრეტელი სიყვარულის გამო რამდენიმე წელია რაც აქ ვცხოვრობ, ბებიასთან ერთად, ენით აღუწერელია ის სიამოვნება, რასაც განვიცდი ყოველდღე, საღამოობით მასთან ერთად ჩაის დალევა, ტკბილი მურაბა, რაიმე მხატვრული ლიტერატურა ან საუბარი და ათას ჭირვარამგამოვლილი ''ბებიას ისტორიების'' მოსმენა, რომლებიც ბევრჯერ მომითხრო, მაგრამ არასდროს არ მბეზრდება. მე ბედნიერი ვარ, რომ ჯერ კიდევ მაქვს „უფლება" მივიღო სიამოვნება აქ ცხოვრებით.

2008 წლის აგვისტოსს ომმა უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩემს სოფელს და აქ მცხოვრებ მოსახლეობას, დღესდღეობით სულ რაღაც 400-მდე ადამიანი ცხოვრობს სოფელში, ეს იმიტომ, რომ რუსებმა გადაწვეს უამრავი სახლი, დახოცეს უამრავი ახალგაზრდა და არც კი მინდა წარმოდგენა, იმ საშინელი სტრესისა, რაც აქაურმა ხალხმა გამოიარა. რუსებმა ჩემი სახლიც დაბომბეს და ასევე, ყოველ მეორე ნაბიჯზე ადვილად შეამჩნევს კაცის თვალი, ჩარაზულ კარს, მის შიგნით კი დამწვარ და განადგურებულ სახლს, არადა ვინ იცის ერთ დროს აქ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მშვიდად, საკუთარ ოჯახთან ერთად. ყოველთვის ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ავლევი ომამდე ან საერთოდ მის გარეშე, ვფიქრობ, და წარმოვიდგენ ხოლმე როგორი ლამაზი სახლები იქნებოდა, დამწვარი აგურების ადგილას, როგორი ჟრიამული იქნებოდა ყველა კუთხეში. როგორ მინდა შემეძლოს ნახვა იმ ლამაზი მთებისა, რომლებიც ჩემიი ოთახის ფანჯრიდან შემომყურებს, მაგრამ არ შემიძლია, რატომ? იმიტომ, რომ იქ რუსები არიან და ის აკრძალული ადგილია ჩემთვის, ჩვენთვის. ნეტავ შემეძლოს ტყეში ასვლა, მეგობრებთან ერთად პიკნიკის მოწყობა, მაგრამ არც ეს შემიძლია, მე შეზღუდული შესაძლებლობები მაქვს ჩემს საკუთარ მიწა-წყალზე და უზომოდ მასევდიანებს ეს ფაქტი. მახსოვს ბავშვობაში ვერც კი ვიაზრებდი, რომ სოფელი, სადაც მე ჩამოვდივარ, ასეთი წარსულით არსებობდა. მე რომ ჯადოსნური ფერია ვიყო, სოფელს ამ ტრაგედიას ავარიდებდი თავიდან, რათა საღამოობით მარტო სეირნობისას, ყველა სახლის ფანჯრიდან შუქი ბრჭყვიალებდეს და ადამიანების ფუსფუსს ვხედავდე.

ომების და ცუდი წარსულის გარდა ავლევს კარგი მოგონებებიც აქვს, მაგალითად, 1909 წელს ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ჯონსტანტინე ამირეჯიბმა სასოფლო-სამეურნეო სკოლა გახსნა, დღესდღეისობით ეს სკოლა ისევ ფუნქციონირებს და ისევ გამოდის სკოლის შენობიდან ბავშვების ჟრიამული. წარსული უდიდესი აქვს ამ ადგილს, მაგრამ ვოცნებობ, ორმაგად დიდი და კარგი მომავალი ჰქონდეს შემდეგში. შარშან ავლევში სტადიონი და სკვერი გაკეთდა, სადაც ზაფხულში უამრავი ბავშვი ერთობოდა და ხალისობდა, მეც მიხაროდა, ზოგჯერ გარედან შევხედავდი მათ მომღიმარ სახეებს და ამდენ ადამიანს რომ ვხედავდი ერთად ბედნიერს, გულში თითქოს იები ყვავილობდნენ სიხარულისგან, გავიღიმებდი და მეც შევუერთდებოდი ხოლმე მათ, იმდენად დადებითად ვიმუხტებოდი, რომ წამოსვლაზე აღარც კი ვფიქრობდი.

როგორ მინდა, სოფელში, სადაც ჩემი ადამიანები არიან, ბევრი გასართობი იყოს, თუნდაც, კაფე, სადაც წიგნებს წავიკითხავდით ან ბევრი სუპერმარკეტი და რაც ყველაზე მთავარია, მინდა მოხუცი ხალხისთვის იოლი იყოს სოფელში ცხოვრება. ადრინდელთან შედარებით ძალიან ბევრი რამ აქვს სოფელს, ლამპიონები, ასევე გზა, რომ ნორმალურად შეძლო სიარული, ტრანსპორტი, რითაც შეგიძლია თავისუფლად გადაადგილება და ასე შემდეგ. მიხარია, რომ ხალხს იმაზე უკეთეს პირობებში შეუძლია ცხოვრება, ვიდრე აქამდე შეეძლო.

ჩემს სოფელში შევცვლიდი ნაავარიებ სახლებს, უფრო მეტ მაღაზიას გავხსნიდი, რადგან მოხუცებს ერთი სოფლიდან მეორეში გადასვლით აღარ უწევდეთ სურსათის შეძენა, უბრალოდ მინდა, რომ კარგი პირობები ჰქონდეს თითოეულს, მე წელს წავალ ქალაქში და იქ ვიქნები, დანარჩენები კიდევ დარჩებიან და არ მინდა რომელიმეს გაუჭირდეს აქ ყოფნა, რადგან ზოგჯერ ისე ხდება, რომ გაუსაძლისი პირობების გამო, ქალაქში გადადიან საცხოვრებლად და სოფელი ცარიელდება, არ მინდა წლების შემდეგ ჩამოვიდე და გაუკაცრიელებულ ადგილს ჰგავდეს აქაურობა. ჩემთვის იმდენად მნიშველოვანია ჩემი სოფელი, რომ მთელს მომავალს მასზე ვაგებ, მინდა ვიშრომო ბევრი, რათა ავლევი ავაყვავო, გავაბედნიერო, მოვუარო და ვიზრუნო.

რომ ვფიქრობ, ამქვეყნად არაფერი ისე არ მაღელვებს, როგორც სოფლის დაკარგვა, ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ავლევი რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ისევე, როგორც მისი მეზობელი სოფლები, მეშინია, რომ, როგორც აფხაზეთის მოსახლეობა ვერ ნახულობს საკუთარ მშვენიერებას, ისევე დამემართება მეც და აქაური ყოველდღიურობა მხოლოდ მოგონებებად დამრჩება, ყველა იმ ბედნიერი წუთისა, რაც აქამდე გადამხდენია აქ. ერთადერთი ყველაზე დიდი საშიშროება რაც ავლევს ემუქრება არის რუსეთი, თორემ დანარჩენი წვრილმანები ადვილად მოსაგვარებელია და ნელ-ნელა გვარდება კიდეც. როცა საკუთარი შემოსავლის წყარო მექნება, აუცილებლად დავეხმარები ჩემ სოფელს, მინდა, ჩემი შვილები და შვილიშვილები აქ იზრდებოდნენ და მათაც გავუზიარო იმ ბედნიერების ნაწილი, რასაც მე განვიცდი, აქ ყოფნისას; მინდა, ისედაც ლამაზი ავლევი, უფრო ლამაზ ადგილად ვაქციო და ყველა რიგი პრობლემები აღმოიფხვრას.

ავლევი, როგორც ახლა, ისე მომავალშიც, წარმომიდგენია, მშვიდ და წყნარ სოფლად, თავისი მცირერიცხოვანი მოსახლეობით და ბედნიერი მოხუცებით. ჩემი ''მოგონებათა სკივრი'' არის ჩემი სოფელი, ადგილი, სადაც ბავშვობა და თითქმის, მთელი ზრდასრულობა მაქვს გატარებული და ვგონებ, ავლევი ის ადგილი იქნება, სადაც ჩემს მოხუცობას გავატარებ, ლხინში, ბედნიერად, და ისე მოვუყვები ჩემს შვილიშვილებს გასაოცარ ამბებს, როგორც ახლა, ბებიაჩემი მიყვება მე.


* ტექტსი ქვეყნდება კონკურსში გადმოგზავნილი ფორმით - უცვლელად.
Made on
Tilda