სოფელი ბანოჯა
მარიამ ჩოგოვაძე
ჩემი სოფელი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს . იგი წყალტუბოს ერთ-ერთი რაიონია. მასზე რამდენიმე ლეგენდა არსებობს , ერთი მათგანი გადმოგვცემს თუ რატომ დაერქვა სოფელს ბანოჯა . დამტკიცებულია, რომ სათაფლიის მღვიმიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით არსებობდა ციხე, რომლის ფრაგმენტებია შემორჩენილი და შესწავლილი. მათ შორისაა „საცეცხლური" , ანუ ამოღრმავებული ქვა, რომელიც მხედრებმა გააკეთეს , რათა სპარსელების შემოსოვების დროს ცეცხლი აენთოთ მასზე და ამგვარად ეცნობებინათ დამხმარე რაზმისთვის მტრის შემოსევა. სწორედ, სპარსელთა ერთ-ერთი ძლიერი თავდასხმის შემდეგ გამარჯვებულ და დაღლილ-დაქანცულ მხედრებს ერთხმად დაუძახიათ „ ბანოჯა" , რაც სპარსულ ენაზე აუღებელ ციხესიმაგრეს ნიშნავდა.

ბანოჯაში არის სხვადასხვა საბადოები , ძელქვის კორომი, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი და სათაფლიის კარსტული მღვიმეები. სოფელს სტუმრობენ , როგორც საქართველოს მოქალაქეები ასევე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები . განსაკუთრებით მათ სათაფლიის ნაკრძალი იზიდავთ, რომელიც 1933 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა, ხოლო 1935 წელს დაარსდა. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, ესენია : წიფელი, წაბლი, ძელქვა, რცხილა, ბზა და სხვა. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. სათაფლიის მღვიმეში იღებს სათავეს პატარა მდინარე ოღასკურა, რომელიც ქუთაისს დასავლეთ მხარეზე ჩამოუდის და სოფელ გუბთან უერთდება მდინარე გუბისწყალს.

სოფელი არა მარტო ბუნებით გამოირჩევა არამედ , იმითაც , რომ აქ აღიზარდნენ , როგორც საქართველოში გამოჩენილი ადამიანები, ასევე ისეთებიც , რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ. ესენი არიან: ცნობილი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე და მისი ძმა საქართველოს სახალხო არტისტი ვასილ ბალანჩივაძე.

აღსანიშნავია , რომ ბანოჯა ინფრასტრუქტურით ძალიან ღარიბია. ჩვენ , 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ , სადაც სამყარო ცივილიზებულია. ვფიქრობ, უმნიშვნელო საკითხები განხილვის საგანი აღარ უნდა იყოს , როგორიცაა ქუჩის განათებით უზრუნველყოფა , ახალგაზრდებისთვის გასართობი სივრცეები: სკვერი, მოედანი და სხვა.

ზაფხულობით აქ ჩამოდიან ქალაქში მცხოვრები ოჯახები. ბავშვები იკრიბებიან წყაროსა თუ მოედანზე , ცდილობენ ზაფხულის ცხელი დღეები მხიარულად გაატარონ. აღსანიშნავია ,რომ ბანოჯის ბუნებით აღფრთოვანებულმა უცხოელმა ტურისტებმა დაჩებზე მიწები შეიძინეს და სახლები ააშენეს , ძველ სახლებს კი რეაბილიტაცია ჩაუტარეს . წელიწადის სეზონების მიუხედავად ისინი ზაფხულსა თუ ზამთარს ბანოჯაში ატარებენ მკვიდრ მოსახლეობასთან მეზობლური თანაცხოვრებით. დილა აქ ძალიან ადრე ექვს საათზე იწყება და სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. ქუჩაში შემხვედრს ნაცნობსა თუ უცნობს ღიმილით ესალმებიან, ეს ფაქტი კი ძალიან სასმიამოვნოა. ბანოჯაში განვითარებულია სასოფლო- სამეურნეო საქმიანობა , ადრიან გაზაფხულზე იწყება ხვნა-თესვა, მეფუტკრეობა , თუმცა მევენახეობა ნაკლებადაა . ადრე ბანოჯაში ძალზე განვითარებული იყო მეაბრეშუმეობა და მეჩაიეობა, სიმღერ-სიმღერით იწყებდნენ საქმიანობას. დღეს არსებობს ისეთი ადგილი დაჩებზე , რომელსაც ახლაც კი ჩაიებს უწოდებენ.

ბანოჯაში ფუნქციონირებს ერთი სკოლა, რომელიც ძველად მელიტონ ჩოგოვაძის სახელობის იყო ახლა კი „ ბანოჯის საჯარო სკოლად" იწოდება , თუმცა ის მცირე კონტიგენტიანია , რასაც ახლავს თავისი გამომწვევი მიზეზებიც , რადგან ოჯახების უმეტესობას შვილები ქალაქის სკოლაში დაჰყავს . ისმის კითხვა თუ ყველა ასე მოიქცევა, მაშინ როგორ გახდება სკოლა სრულფასოვანი და უკეთესი, თუ მას შანსი და ამის შესაძლებლობა არ მიეცი . ვფიქრობ , ეს ყველა სოფლის პრობლემაა. აღსანიშნავია , რომ აქ 50-იან წლებში ბაღი იყო , თუმცა დღეს აღარ ფუნქციონირებს , რაც სოფლისთვის ძალიან ცუდია , რადგან მოსახლეობა დღითიდღე მატულობს . ვფიქრობ, ამ სოფლით ინტერესდებიან , რადგან არ არის მიუსვლელი გზები და მთიანი ადგილები , თანაც ის ორ ქალაქს შორისაა მოქცეული ქუთაისსა და წყალტუბოს. სოფელში მაღაზიების ნაკლებობაა , თუ არის ისიც პატარა ფართზე. ვფიქრობ, თითოეულ სოფელში ერთი სუპერმარკეტი საჭიროა , რათა მცხოვრებლებს ყოველდღე არ მოუწიოთ ქალაქში წასვლა .

სოფლის ერთ- ერთ პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება, თუმცა ეს არა მხოლოდ სოფლის არამედ მთლიანი სამყაროს პრობლემაა. ბანოჯაში რამდენიმე წყაროა , ერთი მათგანი ჩემი სახლის წინ არის , რომელიც მოსახლეობის ინიციატივით შემოიღობა და განათება დამონტაჟდა , მაგრამ ამ ყველაფერს არ უფრთხილდებიან , აზიანებენ , ხშირად აბინძურებენ წყაროს , რაც წყლისთვის საზიანოა.

ამასთან ერთად კარგი რაღაცეებიც ხდება. მახარებს ის ფაქტი , რომ ბანოჯაში არის თავშესაფარი . ვფიქრობ, მაშინ , როცა ქვეყანაში ეკონომიური მდგომარეობა სუსტია და ასობით უსახლკაროა ,ნამდვილად უფრო მეტი თავშესაფარია საჭირო. ვის არ უნდა , რომ მისი მშობლიური მხარე კარგი, კეთილმოწყობილი და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი იყოს. მართლაც , უბრალოდ სადმე უცხო მხარეს, რომ გაიგებ შენს სოფელზე კარგს, იტყვი : „ მე ამ სოფლის შვილი ვარ" და იამაყებ.

მე ძალიან ვწუხვარ , როცა სოფელს ასეთი პერსპექტივები აქვს, მაგრამ მის წარმოსაჩენად არაფერი კეთდება , ეს ისეთივეა როგორც ჭკვიანი ადამიანი, რომელიც მისი გონების განვითარებისთვის არაფერს აკეთებს და უბრალოდ მასში ჩახშობის უფლებას აძლევს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ , ჩემს სოფელს ნამდვილად აქვს ისეთი გარემო პირობები , რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩემი აზრით, მოსახლეობამ სოფლის კეთილდღეობისთვის უნდა იზრუნოს და თითოეულმა ადამიანმა რაღაც წვლილი შეიტანოს.

„არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს

იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს".






* ტექსტი ქვეყნდება კონკურსში გადმოგზავნილი ფორმით - უცვლელად.
Made on
Tilda