24 საათზე ნაკლები დარჩა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და კიდევ უფრო ინტენსიურად და ხმამაღლა ისმის არგუმენტირებული მოწოდებები სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების, სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობისთვის. ამ აქტიურობის შედეგად, კენჭისყრის დღემდე არჩევნებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია ამომრჩევლებისთვის: თავიანთი უფლება-მოვალეობები და ზეწოლის შემთხვევაში არსებული თავდაცვის მექანიზმენი, საარჩევნო სისტემაში მოქმედი ახალი წესები და სანიტარულ-ჰიგიენური რეგულაციები... შესაბამისად, მთავარი გადასამეორებელი საკითხი თავად არჩევნების მნიშვნელობას უკავშირდება.

არჩევნების წინა დღეს ზემოთ აღნიშნული საკითხების პარალელურად სიღრმისეულად და მკაფიოდ უნდა გადავიაზროთ თავად მონაწილეობის არსი და მნიშვნელობა. დღეს საღამოს საკუთარ თავთან დარჩენილებმა უმთავრესია იმაზე დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი საკუთარი არგუმენტი და მოტივაცია არჩევნებში მონაწილეობისთვის, რა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ხვალ დღის განმავლობაში საარჩევნო ყუთთან უნდა მიგვიყვანოს თითოეული ჩვენგანი? არის ეს საზოგადოებრივი ზეწოლა, სამსახურეობრივი ძალდატანება, იძულება, მუქარის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება თუ რაღაც სხვა, ამაზე უფრო აღმატებული და მნიშვნელოვანი? რომელია ღირებული მოტივაცია შენთვის, არა როგორც მასწავლებლისთვის, სტუდენტისთვის, აქტივისტისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციის ან მედიის წარმომადგენლისთვის, პენსიონერისთვის ან საჯარო მოხელისთვის, არამედ როგორც ადამიანისთვის და მოქალაქისთვის? ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი მთავარი საკვანძო საკითხია, რადგან ის შესაძლოა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შინაგანი, ძალიან პირადი და ინტიმური გამოძახილი იყოს, რომელიც ცდილობს გვაჩვენოს თითოეული ამომრჩევლისთვის ფართოდ გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა - სივრცე, სადაც მოწოდება "შენი ხმა გადამწყვეტია" ბანალური ლოზუნგი კი არა, რეალური მოცემულობაა.

დღეს შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არ გყავთ იდეალური და მისაღები კანდიდატი, არ მოგწონთ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, მათი ძირითადი აქტორები, პროგრამები, დაპირებები და მოწოდებები, ხანდახან შეიძლება იფიქროთ, რომ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოში არჩევანი საერთოდ არ არის, მაგრამ გარწმუნებით, არჩევანის ფენომენი ყოველთვის შედარებითია და ჩვენც ამ უკანასკნელი საზომის მიხედვით გვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ხშირად, წინასაარჩევნო კამპანია იმდენად ხმაურიანი და დაძაბულია კენჭისყრის დღემდე გვინელდება ენთუზიაზმი და ემოცია. ამას ემატება ხმამაღალი მოწოდებები, რომ არჩევნებში მონაწლეობაზე უარიც უფლება და ნების გამოვლინებაა, მაგრამ არ მჯერა, ამ არგუმენტს შეეძლოს ზემოთ აღნიშნული შინაგანი ხმის გადაფარვა, რადგან დღის ბოლოს სამოქალაქო სიმამაცე სწორედ ამ განწყობებზე გამარჯვება, სიზარმაცისა და გულგრილობის დაძლევაა. არჩევნებში ჩადებული დრო და ენერგია ფუჭად გაფლანგული არ არის, რადგან თითოეული ხმა ითვლება და ერთ ხმასაც გადამწყვეტი ძალა აქვს. დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები, რომლებიც პირველ რიგში საკუთარ ცხოვრებაში აკეთებენ არჩევანს დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ და ამის შემდეგ აკეთებენ სხვა არჩევანს სამოქალაქო არენაზე. მე უკვე შევაჩერე ჩემი არჩევანი დემოკრატიულ კულტურაზე. ახლა ისღა დამრჩენია შემდეგი არჩევანი თავისუფლად და უშიშრად გავაკეთო და თქვენც მოგიწოდოთ ამინდის, განწყობის თუ სხვა პირადი ფაქტორების მიუხედავად მოუსმინოთ შინაგან ხმას და მიხვიდეთ კენჭისყრაზე. ძალიან მინდა, ახლო მომავალში არჩევნებში აქტიური მონაწილეობა ქართული დემოკრატიული კულტურის ნაწილი გახდეს და ყოველი შემდგომი არჩევნებისას ასეთი ინტენსიური არგუმენტირებული მოწოდებებისა და კიჟინის აუცილებლობა აღარ იდგეს. მსურს, პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესში კენჭისყრაში მონაწილეობა და ნების თავისუფალი გამოვლენა ოჯახის, თემის, ზოგადად საზოგადოების დონეზე ტრადიცია გახდეს და ის საქართველოს სამოქალაქო ცხოვრების საკრალურ რიტუალად გადაიქცეს.
ლია დეკანაძე
პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი.
"სამოქალაქო დარბაზის" წევრი

© "სამოქალაქო დარბაზი"
Made on
Tilda