„მივადექით საზღვარს. დიდი თოვლი იყო და არავის უშვებდნენ. რუსეთის ჯარიც იდგა იქვე." მესაზღვრეს ყელში ამოუვიდა ამდენი წვალება და მეუფე მალხაზს განუცხადა, რომ ახლავე პოლიციაში ჩააბარებდა მათ. მეორე ვარიანტიც იყო - ჯარისკაცების მოქრთამვა. მაგრამ ბოლო თეთრები იმ 300 დოლარის შეგროვებას დასჭირდა, რომელიც ახლა მესაზღვრეს ედო ჯიბეში. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ ხანდახან ეს გამოსავალი შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამ აღმოჩნდეს, რაც ცხოვრებაში გაგიკეთებიათ. ასე მოხდა აქაც. მალხაზ სონღულავშვილი მესაზღვრეს დაესესხა იმ 300 დოლარს, რომელიც ცოტა ხნის წინ, ქრთამის სახით, გადასცა, რომ ეს 300 დოლარი, ქრთამის სახითვე, ახლა უკვე ჯარისკაცებისთვის გადაეცა. ალბათ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მიხვდა, რომ ასეთ უცნაურობას მხოლოდ ისეთი ადამიანი მოიფიქრებდა, ვინც ამ 300 დოლარს აუცილებლად დაუბრუნებდა მას.
მეუფე მალხაზმა ჩეჩენი გოგონა, ბავშვებითურთ, მშვიდობით გადმოიყვანა საქართველოში, სადაც მათ ოჯახის წევრები ელოდნენ, ხოლო თავად, საქართველოში გადმოსვლისა და კიდევ ერთხელ 300 დოლარის შოვნის შემდეგ, ადგილობრივ მოხევეს ეს „ნასესხები" თანხა სასაზღვრო პოლიციის ჩინოვნიკთან გაატანა.
ასე გასრულდა ეს ამბავი, „ვითა სიზმარი ღამისა"... და ასე სრულდება ასეთი ამბები და რჩება წარსულში ნანახ უცნაურ სიზმრებად: ზოგჯერ იკარგება დროში, ზოგჯერ ავიწყდებათ, მაგრამ ხანდახან, მხოლოდ ხანდახან, იხსენებენ და უყვებიან სხვებსაც, რომ მათაც გაიგონ, თუ როგორ ეხმარებოდა ერთი პატარა ქართული ეკლესია ჩეჩენ დევნილებს რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს.