ნაშრომში კარგად ჩანს, რომ კათოლიკეებს ჰქონდათ მაღაზიები, ზარაფები, ზარაფხანებიც კი, ასევე ქარვასლები, საფეიქროები, სანთლისა და საპნის ქარხნები, შალისა და ტყავის საწარმოები, დუქნები, ზეთის ქარხნები და სხვ. ჭიჭინაძე ქართული გვარის ვაჭრებიდან და მრეწველებიდან ასახელებს ზუბალაშვილებს, ხურსიძეებს, ნებიერიძეებს, ფიბუაშვილებს, ნარუაშვილებს, ალიბეგაშვილებს, დანიბეგაშვილებს, მღებრიშვილებს, მამუკაშვილებს, საფარაშვილებს, დავითიშვილებს, ბეჟანიშვილებს, გრიგოლაშვილებს, თუმანიშვილებს, ბაინდურაშვილებს, ვარლამიშვილებს, ზარაფიშვილებს და ა.შ. გორის აღწერისას, ავტორი წერს, რომ ქალაქში იყვნენ კათოლიკე, სომეხი და ებრაელი ვაჭრები. მისი ცნობით, მოსახლეობის რაოდენობა 15 ათას მცხოვრებს აღწევდა, ვაჭრობა კარგად იყო განვითარებული, ხოლო კათოლიკე ვაჭრების დუქნების რიცხვი 200-ს აღწევდა. მე-18 საუკუნის შუა პერიოდში, ავტორისავე ცნობით, გორში კათოლიკეებს დევნიდნენ, რის გამოც მრავალი მათგანი "სომხობაზედ გადავიდნენ". (გვ. 25) ახალციხესთან დაკავშირებით, ჭიჭინაძე წერს, რომ დაახლოებით 1829 წელს ქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა 20 ათასი იყო, საიდანაც 16 ათასი კათოლიკე იყო. ახალციხელ კათოლიკე ვაჭრებს შორის დასახელებულია შემდეგი გვარები: გოკიელოვი, ფირალოვი, გოზალოვი, ჭილიმუზაშვილი, მღებრიშვილი, ოც(ი)ხელი, ფეიქაროვი, თუმანიშვილი, ნასყიდაშვილი, ნარიბეგაშვილი, ნავროზაშვილი, ზუბალაშვილი, ტეტიაშვილი, ისარლოვი, ოქროაშვილი, კიკნაძე და სხვ.