დავიწყოთ ასე: თუ არ არის სინამდვილე მაშინ რა არის შეუძლებელი? მაგალითად ავიღოთ საქმოსანი, რომელიც ვარსკვლავებს ითვლის გაუთავებლად. ის არის შეუძლებელი? თუ ის, რომ ამ საქმოსანს სჯერა, რომ რამდენ ვარსკვლავსაც დაითვლის იმდენ ვარსკვლავს ფლობს? და რა არის ამაში ახალი? ჩვენც ხომ მიგვაჩნია, რომ ამ ვარსკვლავებით გარშემორტყმულ დედამიწაზე არის მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის... ჩვენც ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი რაც დათვლადია მისაკუთრებადიცაა, რადგან ყველაფერზე მაღლა რიცხვებსა და რაოდენობას ვაყენებთ; როცა ერთ პატარა ვარდსაც კი შეუძლია დიდი სიყვარული გვაჩუქოს... ის მიწა კი, რომელზეც ვცხოვრობთ მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და არავის სხვას.
თუ ის არის შეუძლებელი, რომ პლანეტას ვესტუმროთ, რომელზეც მეფე სკამზე ზის და მის ქვეშევრდომად მიაჩნია ცაც და მიწაც მასზე მოძრავი ყველა არსებისა და მნათობის ჩათვლით? იქნებ სინამდვილეში ის არის შეუძლებელი, რომ ხელმწიფემ გაიაზროს, რომ მზის მსგავსად ვერ შეძლებს იყოს ყველაფრის მბრძანებელი? მათ შორის მათიც, ვინც მას ნებით ემორჩილება?
იქნებ, ის არის შეუძლებელი, რომ თუ ადამიანს სურს თავი მხოლოდ საუკეთესოდ, გამორჩეულად და განუმეორებლად დაინახოს ვერ შეძლებ მას დაანახო მისი ნაკლები, რომლებიც მის სიძვირფასეს სინამდვილეში არაფერს აკლებს. მას მხოლოდ ტაშით თუ გავუხარებთ გულს. მსგავსი ყურადღება კი მას არასდროს ეყოფა.
ალბათ, ასე უფრო მართებული იქნება ვთქვათ: შეუძლებელია ადამიანმა დაივიწყოს ის, რის დავიწყებაც უნდა, თუ იმით ცდილობს მის დავიწყებას, რამაც დავიწყების სურვილი გამოიწვია პირველ რიგში.
არა... ძალიან უცნაურად ჟღერს ეს წინადადება. როცა შეუძლებელზე ვსაუბრობთ უკეთესია წესებს შევეხოთ. მიუხედავად იმისა ბუნება იცვლის თუ არა მდგომარეობას, მაგალითად ვეღარ იტანს ამხელა დაბინძურებას, ან უბრალოდ სურს თავისი თავი ოდნავ შეაფხიზლოს სხვადასხვა ხერხით, წესები უცვლელი რჩება, რადგან ეს ასეა დაწესებული და ჩვენ - როგორც ჩანს - ვერაფერს ვიზამთ.