საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლობის შემდეგ უფრო და უფრო მეტად ძლიერდება, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა, თუმცა იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა ბიულეტენებში თავისუფლად ისმოდეს აუცილებელია სამოქალაქო კულტურის კიდევ უფრო განვითარება. ამ პროცესში კი სამოქალაქო გამბედაობა და საუკეთესო პრეცედენტების შექმნა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სწორედ სამოქალაქო გამბედაობაა, როცა შეგიძლია ამხილო ძალადობა, ზეწოლა, მოსყიდვა ან დაშინება, რომელიც კანონით დასჯადი ქმედებაა.
2020 წლის არჩევნები სხვადასხვა მიზეზის გამო ისტორიულია, ამიტომ ისტორიული როლი აქვს თითოეულ ხმას და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. აჭარის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში 18 დეპუტატს ავირჩევთ პროპორციული სიით, ხოლო 3-ს მაჟორიტარულით. ასევე კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას. დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. საკანონმდებლო ცვლილება ასევე შეეხო საჯარო სკოლების პედაგოგებს, აგრეთვე, სსიპ-ებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებსაც, რომლებიც სამუშაო საათებში ვერ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო აგიტაციაში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის მდგრადობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.