ეპიკურეს მიხედვით, ცოდნას მოაქვს თავისუფლება, რადგან ის სპობს ირაციონალურ შიშებსა და მისწრაფებებს. მოვლენების ტემპიდან გამომდინარე კი შეუძლებელია სათითაოდ ყველა ადამიანს, რომელიც თავად არ ცდილობს ეს გააკეთოს, მიაწოდონ ცოდნა/ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რათა მათში ირაციონალური შიშები, ამ შემთხვევაში თავისუფლების დაკარგვისა, მოსპონ. და ამასთანავე, თითოეულ მათგანში გააღვიძონ რაციონალური მე, რომელიც კანონის მიხედვით მიღებულ ზომებში არა პატერნალისტურ მზრუნველობას ან ტოტალიტარული კონტროლის დამყარების მცდელობას, არამედ თავად ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს - ადამიანს დაინახავს. მეორე მხრივ კი, გამოღვიძებული რაციონალური-მე ყველა ინსტიტუტის მიღმა აღმოაჩენს უზარმაზარ ადამიანურ რესურსს, რომელიც მიზნის მიღწევს საშუალებად გადაქცეულა. ადამიანებს დაინახავს სახელმწიფო მეთაურების, ექიმების, ექთნების, პოლიციელების, პასუხისმგებელი პირების მიღმა, რომელთა შრომაც სხვა დროს უბრალოდ დაქირავებული საქმეა, მაგრამ ახლა ის დიდი სათნოებაცაა, რომელსაც დაფასება და მხარდაჭერა სჭირდება, რათა იდეა-მიზანი ადამიანი განხორციელებულ იქნეს.
ამრიგად, კრიზისულ ვითარებაში, როცა ყველანი სახიფათო ხიდის წინაშე ვდგავართ, მნიშვნელოვანია თავისუფლების არსი გონივრულად, პასუხისმგებლობასთან ერთად გადავიაზროთ და გავაცნობიეროთ ის შედეგები, რომლებიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეიძლება მოჰყვეს, როგორც ინდივიდების, ასევე სოციალური ინსტიტუტების მხრიდან.