დავითგარეჯას ისტორიის მოკლე ქრონოლოგია
,,ამისათვისცა აღირჩია აქა სჯაჲ გარეგან უდაბნოთა შინა. ამისთვის ეწოდების უდაბნოსა მას გარესჯა" - ცხოვრება დავით გარეჯელისა
· დავითგარეჯას დაარსება უკავშირდება საქართველოს აღმოსავლეთში VI საუკუნეში ჩამოსულ, ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, დავით გარეჯელის სახელს, რომელმაც მონასტრის დასაარსებლად ჰერეთს მიაშურა. უშუალოდ მის მოღვაწეობას უკავშირდება უდაბნოს მონასტრის ძირში მდებარე დავითის ლავრა. შემდგომში ამ ადგილებში და მის გარშემო გაშენდა კიდევ რამდენიმე მონასტერი.

· დავითგარეჯა თავიდანვე საკმაოდ მრავალფეროვანი რელიგიური ცენტრი გახდა. მაგალითისთვის, გვაქვს ცნობა, რომ დავით გარეჯელთან სტუმრად მივიდა ბაქარ ბარბაროზი (,,ნათესავთან ადგილთა რუჲსთავისთა") და ამავე ცნობით, დავით გარეჯელმა და ბაქარმა ერთმანეთში საუბარი გააბეს სომხურ ენაზე.

· მატიანე გვაწვდის ცნობას, რომ შუა საუკუნეებისთვის ამ მიდამოებში 12 სამონასტრო სივრცე არსებობდა, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა სიმბოლური მნიშვნელობით ყოფილიყო გამოყენებული.

· XII საუკუნეში დავით აღმაშენებლმა დავითგარეჯას მონასტერი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა და ის ბეგარისგან გაანთავისუფლა.

ფოტო: დავითგარეჯა, უდაბნოს მონასტრის ტერიტორია
· აღმაშენებლის ძე, მეფე დემეტრე I, საკუთარმა ვაჟმა - დავითმა, ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, იძულებით გაამწესა ბერად დავითგარეჯას მონასტერში. ვარაუდობენ, რომ სწორედ აქ ყოფნის დროს დაწერა დემეტრემ რამდენიმე იამბიკო, რომელთანაგ ყველაზე ცნობილი გახლავთ: ,,შენ ხარ ვენახი". დემეტრემ მონასტერში მხოლოდ ექვსი თვე დაჰყო და დავითის გარდაცვალების შემდეგ ტახტი დაიბრუნა.

· 1265 წელს დავითგარეჯა მონღოლებმა დაარბიეს.

· XIV საუკუნეში, გიორგი ბრწყინვალეს ზეობის ხანაში, დავითგარეჯას მონასტერი აღდგა და მოძლიერდა.

· თუმცა XIV საუკუნის მეორე ნახევარში, თემურ-ლენგის ლაშქრობების შედეგად, აქ სამონასტრო ცხოვრება კვლავ შეწყდა.

· 1424 წელს ალექსანდრე დიდმა დავითგარეჯას მონასტერი მცხეთის სვეტიცხოვლის კათედრალს გადასცა.

· 1616-1617 წლებში მონასტერი ირანულმა შემოსევებმა საგრძნობლად დააზიანა.

· XVIII საუკუნეში მონასტერი ისევ ქართველი მეფეების საკუთრებაშია და მან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება.



დავითის ლავრა
დავითგარეჯას კომპლექში შემავალი რამდენიმე ცნობილი
მონასტერი:


დავითის ლავრა, უდაბნო, დოდოს რქა, ბერთუბანი, საბერეები, ჩიჩხიტური, ქოლაგირი.


მონასტრის ცნობილი მოღვაწეები:

დოდო გარეჯელი (სავაურადოდ, ანდრონიკაშვილთა გვარის წარმომადგენელი და დავით გარეჯის მოწაფე. მის სახელს უკავშირდება დოდოს რქის მონასტრის დაარსება), მეფე დემეტრე I; ონოფრე გარეჯელი (გურული ფეოდალი ოთარ მაჭუტაძე) (XVII-XVIII საუკუნეები); სულხან-საბა ორბელიანი აქ აღიკვეცა ბერად XVII საუკუნეში; ცნობილი კალიგრაფი გაბრიელ საგინაშვილი (XVII-XVIII საუკუნეები); გრიგოლ დიდორქელი (ვახვახიშვილთა გვარიდან) - დავითგარეჯას ლიტერატურული სკოლის მოღვაწე და მწერალი (XVII-XVIII საუკუნეები); კათალიკოსი ანტონ I (XVIII ს.); ტიმოთე გაბაშვილი - ცნობილი ქართველი კარტოგრაფი, მხატვარი, მწერალი, დიპლომატი და შემდგომში, ქუთათელი მთავარეპისკოპოსი (XVIII ს.); გაბრიელ მცირე, რომელსაც სწორედ აქ მოკვეთეს თავი ლეკების ერთ-ერთი შემოსევის დროს - 1802 წელს.


დავითგარეჯას წარწერები:

დავითგარეჯაში აღმოჩნელია სხვადასხვა დროის და ტიპის წარწერები. აქ ვხვდებით ქართველ ფეოდალთა, მონღოლთა და XVII-XVIII საუკუნის თბილისელი სომეხის ქართულად შესრულებულ წარწერასაც კი. დავითგარეჯას მონასტრებში ასევე ვხვდებით წარწერებს ქართულ, სომხურ და ბერძნულ ენებზე.

Made on
Tilda