სოფელი დიოკნისი (ხულო, აჭარა)
დიანა ძირკვაძე
დამერწმუნეთ, რთულია იმ სილამაზის აღწერა, სადაც მე ვცხოვრობ. აქ წელიწადის ოთხივე დროის სრულად შეგრძნებაა შესაძლებელი მთელი თავისი სიკეთეებით.

ჩემი ფავორიტი მაინც გაზაფხულია. ნეტავ განახათ აყვავებული ტყემლის ყვავილები, ანდა იები, რომლებსაც გზაზე მიმავალნი ვერცკი შენიშნავთ, თუმცა ყველაფერს მიგახვედრებთ იის სურნელი, რომელიც სადღაც შორს, ღრმა ბავშვობაში დაგაბრუნებთ.

ყველაზე მეტად კი მაინც ის მაყვარებს გაზაფხულს, რომ ბუნებასთან ერთად ხალხიც ცოცხლდება და სკოლიდან დაბრუნებისას უხვად შემიძლია ვარიგო თბილი ,,სალამი" .

შემდეგი ზაფხულია, ცხელი ზაფხული. ამ დროს სოფელი სავსეა ქალაქიდან დაბრუნებული გოგო-ბიჭებით, რომლებიც ფეხტიტველნი რბიან ჩვენს პატარა მოედანზე. იწყება ,,ზაფხულის საღამოები", კოცონი და მდინარე, რომელში მოსახვედრადაც საკმაოდ დიდი გზის გავლაა საჭირო. ამას მოყვება ,,გზის თამაშობანი". ასეთი ცოცხალი ზაფხული გვაქვს დიოკნისს.

შემოდგომა ყველაზე ,,გემრიელი" გვაქვს.

გვაქვს მოსავლით დახუნძლული ხეები, რომლებიც სიმძიმისგან წელში მოხრილან და ,,თავისუფლებას" ლამობენ.

რას არ წააწყდებით ჩვენსას. მსხალს, ატამს, ყურძენს და ღმერთმა უწყის კიდევ რას.

ჩემი სოფლის წამყვან მცენარეულ კულტურასაც უნდა შევეხო. ჟოლო. რამდენიმე წელია დამატებითი შემოსავლის წყაროდ გვექცა. ოჯახს ვერ ნახავთ შემოდგომის ყოველ გრილ საღამოს ჟოლოს ბუჩქებს რომ არ ,,ეფერებოდეს". უდაოდ სასიამოვნო პროცესია, მთელი სოფელი რომ თავის ბაღში შეხიზნულა და შრომობს.

ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ კარგი ხალხი ცხოვრობს ჩვენსას. სკოლიდან მომავალ დამშეულ ბავშვებს ყოველდღე გზად შემხვედრი მოხუცები გვაპურებენ და ნიგვზით, ოვაშლით და ათასი სხვა ხილითა თუ ჩირეულით გვანებივრებენ.

ტკბილი შემოდგომის დასასრულს, მკაცრი ზამთარი შემოაბიჯებს და იწყება თოვა. თოვს, დიდხანს და გადაუღებლად. ხშირადაა როცა დიდთოვლობის გამო არ არის ელ. ენერგია, გზა ან ინტერნეტი. გაოცდებოდით, თუ ნახავთ, რა მშვიდადაა ხალხი ამ თითქოსდა ქაოსურ ვითარებაში. ყველა მშვიდადაა, რადგან შემოდგომას აღებული მოსავალი და შეგროვილი შეშა, საკუთარი შრომის ნაყოფი ეიმედებათ.



Made on
Tilda