წმინდა საყდრის დიპლომატია თანამედროვე ეპოქაში

ფრენსის რუნი, 2013 წლის 9 სექტემბერი

განვითარებული დასავლური სამყაროს მზარდად სეკულარულ გარემოში, რომელსაც სწრაფი ინფორმაციული მიმოცვლა და ინტერპერსონალური კავშირ-ურთიერთობის უპრეცედენტო ხარისხი წარმართავს, წმინდა საყდრის როლი სახელმწიფოთა საქმეებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში შესაძლოა უცნაურ ანაქრონიზმად ან შორეული წარსულის ნარჩენად მიიჩნიონ და, ამიტომაც, შეეცადონ, რომ ის გაურკვევლობის ბურუსში გახვიონ. თუმცა, ასე მოქცევა უგულებელჰყოფდა იმ მრავალსაუკუნოვან საფუძველს, რომელსაც წმინდა საყდრის დიპლომატია ეფუძნება, და იმ ფაქტს, რომ ის კვლავაც მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის 21-ე საუკუნეში, როგორც ეს წარსულში იყო. ამით უგულებელყოფილი იქნებოდა ის უნიკალური როლი, რომელსაც ამჟამად წმინდა საყდარი თამაშობს, ტერიტორიული დღის წესრიგის არარსებობის მიუხედავად, კულტურულ და რელიგიურ კონფლიქტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ფაქტობრივად, ვატიკანის II კრებაზე მრავალი წინამძღოლი მოითხოვდა წმინდა საყდრის დიპლომატიური როლის გაუქმებას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეკლესიამ მარტოოდენ საღმრთისმეტყველო და სამწყსო საკითხებს უნდა მიუძღვნას თავი. თუმცა, 1969 წლის 24 ივნისის წერილში Sollicitudo Omniam Ecclesiarum, პაპი პავლე VI იძლეოდა უწყვეტი დიპლომატიური საქმიანობის რაციონალურ დასაბუთებას, როგორც საშუალებას, რომ დახმარებოდნენ ერების საზოგადოებას, "განეხორციელებინა დიდი ადამიანური იმედები, მშვიდობა ერებს შორის, ყოველი ქვეყნის შინაგანი სიმშვიდე და პროგრესი". [1] ეს სიტყვები გვახსენებს შეერთებული შტატების კონსტიტუციის პრეამბულას და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მაღალ მიზნებს, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები და ღირსება და მთელ მსოფლიოში გაავრცელოს ძირითადი თავისუფლებები.

ვატიკანის წამყვანი დიპლომატი, ჟან ლუი ტორანი, წმინდა საყდრის დიპლომატიურ ძალას უფრო რეალურად აღწერს, როგორც "მორალურ ავტორიტეტს", რომელსაც შეუძლია, "გაეჯიბროს იმ სისტემებს ან იდეებს, რომლებიც ანადგურებენ პიროვნების ღირსებას და, ამდენად, საფრთხეს უქმნიან მსოფლიო მშვიდობას". [2]

შეერთებული შტატები და წმინდა საყდარი: ბუნებრივი პარტნიორები

როგორც ერთადერთი ერი, რომელიც დასაწყისიდანვე ემყარება პრინციპს, რომ ადამიანს აქვს ხელშეუხებელი უფლებები, რომლებიც მისი მდგომარეობიდან წარმოდგება და მთავრობის მიერ არაა ბოძებული, და როგორც პირველი შესწორების მიერ რელიგიის თავისუფლების დაცვის შემოქმედები ხშირად უწოდებდნენ მას "პირველ თავისუფლებას", რომლიდანაც დანარჩენები მიიღება, შეერთებული შტატები ბუნებრივი პარტნიორია წმინდა საყდრისთვის და შეუძლია თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს მასთან მუდმივი კავშირით.

წმინდა საყდარი ყველაზე ეფექტურია, როდესაც თავის პოზიციას იყენებს იმისათვის, რომ ამხილოს ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას, ახშობს თავისუფლებას და ჩაგრავს ადამიანებს. მას აქვს გავლენა მორალური დარწმუნებით, ხშირად რომ ეწოდება "რბილი ძალა", რომელსაც შეუძლია მიაღწიოს იმ შედეგებს, რომლებსაც ხშირად თვით ჰეგემონიური ხელისუფლებებიც კი ვერ აღწევენ ხოლმე. ის აგრეთვე ეფექტურია მშვიდად და ორმხრივად მუშაობაში გარკვეული სახის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მის ორიენტაციას ადამიანის უფლებების მიმართ, და ქმედითად იყენებს სამღვდელოებისა და კათოლიკური ორგანიზაციების გლობალური ქსელის ძალაუფლებას, რათა წინ წასწიოს თავისი დღის წესრიგი. დიდი კათოლიკური მოსახლეობების მქონე ქვეყნებში, გაცილებით მეტი პოტენციალი არსებობს ზეგავლენის მოსახდენად.

კარგადაა ცნობილი 1980-ან წლებში პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და პაპ იოანე პავლე II-ის ძალისხმევის გაერთიანება კომუნიზმის გასანადგურებლად. როგორც პრემიერი გორბაჩოვი აცხადებდა, "ყველაფერი, რაც აღმოსავლეთ ევროპაში მოხდა, შეუძლებელი იქნებოდა პაპის გარეშე". [3] ფაქტობრივად, ჯერ კიდევ 1971 წელს რუსულ კაგებეს მომავალი პაპი უკვე ამოცნობილი ჰყავდა ძლიერ ანტიკომუნისტად. მოგვიანებით, მისი არჩევის შემდეგ პაპის დიპლომატიური დღის წესრიგის შეფერხების მცდელობაში, პოლონეთის კომუნისტური პარტია მას "ჩვენ მტერს" უწოდებდა, რომლის წინააღმდეგაც "ყველანაირი საშუალება ნებადართულია". [4]

პაპის დიპლომატია მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე

მრავალი ნაკლებად თვალსაჩინო მაგალითი არსებობს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსი, რომელსაც წმინდა საყდარი ასრულებს კონფლიქტების მოგვარებასა და დიალოგის წახალისებასთან დაკავშირებით. პაპმა იოანე XXIII-მ გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ შერიგების ფანჯარა გაეხსნა 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის დროს პაპს, პრეზიდენტ კენედისა და პრემიერ ხრუშჩოვს შორის შეტყობინებების დახვეწილი, საიდუმლო მიმოცვლით, რომლის დროსაც შუამავლის ფუნქციას ასრულებდა Saturday Review-ის რედაქტორი, ნორმან კუზინსი. ამგვარმა ძალისხმევამ კულმინაციას მიაღწია 1962 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც ვატიკანის რადიომ გადასცა პაპის კარგად ცნობილი უწყება, რომელიც მომდევნო დღეს პრავდა-ს პირველ გვერდზე გამოქვეყნდა. ცივი ომის დაძაბულობის პიკზე, ასეთი საიდუმლო გზავნილები თავისთავად მნიშვნელოვან განვითარებას წარმოადგენდა, მაგრამ ფაქტი, რომ რუსებმა ისინი ასე თვალსაჩინოდ გამოაქვეყნეს, საწყისი დათბობის ან დიალოგისადმი შესაძლო ინტერესის გადამწყვეტ ნიშნად აღიქმებოდა. [5]

კარგადაა აგრეთვე დოკუმენტურად დადასტურებული მეორე მსოფლიო ომის დროს წმინდა საყდართან პრეზიდენტ რუზველტის პირადი წარმომადგენლის, მაირონ ტეილორის მუშაობა. გარდა ვატიკანის ნეიტრალიტეტის გამოყენებისა იმისათვის, რომ თავისი ჩვეული ვიზიტები შეენარჩუნებინა პაპ პიუს XII-სთან და უფლება მიეცა მისი ასისტენტისთვის, ჰაროლდ ტიტმანისთვის, რომ ქვეყანაში დარჩენილიყო ომის დროს, წმინდა საყდრის დიპლომატიური ჩანთა იმისთვის გამოიყენებოდა, რომ შეტყობინებები გაეგზავნათ შეერთებულ შტატებში შვეიცარიის გავლით, ყოველივე ეს კი მთელი ომის მანძილზე ინფორმაციის მიმოცვლის ძლიერი და ღირებული არხის შენარჩუნებას ემსახურებოდა. კარგად არაა ცნობილი ის როლი, რომელსაც წმინდა საყდარი ასრულებდა ოდნავ მოგვიანებით, როდესაც უბიძგებდა არგენტინის ახალ პრეზიდენტს, ხუან პერონს, რომ შეხვედროდა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ჰერბერტ ჰუვერს, 1949 წლის ივნისში. პერონი არჩეული იქნა მიუხედავად შეერთებული შტატების ძლიერი წინააღმდეგობისა და, შესაბამისად, მას არ სურდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. ჰუვერის მისიის მიზანი იყო, მოეპოვებინა ვალდებულება, რომ გაზრდიდა საკვების ექსპორტს ევროპაში, რათა შეემსუბუქებინა ომის შემდეგ იქ არსებული მწვავე შიმშილი, ხოლო პერონი სავარაუდოდ ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას წმინდა საყდართან დაკავშირების გარეშე. [6]


ვატიკანი
უკანასკნელ პერიოდში, როდესაც ელჩად ვმსახურობდი, შეეერთებულმა შტატებმა წმინდა საყდარი ჩართო ძალისხმევაში, რომ გაეერთიანებინა ქრისტიანული ბლოკი ლიბანში, 2006 წლის ომამდე, რათა განემტკიცებინა დრუზების, ჰეზბოლას და ქრისტიანების ერთობლივი კოალიციის ძალაუფლება, რომელმაც შედარებითი სტაბილურობა მოუტანა ქვეყანას რამდენიმე წლის განმავლობაში. შეერთებულმა შტატებმა წმინდა საყდრის გავლენა შეიტანა ლათინურ ამერიკაში, ვინაიდან რამდენიმე ლიდერი, განსაკუთრებით ჰუგო ჩავესი, რაფაელ კორეა და ევო მორალესი, სულ მეტად მტრული გახდა შეერთებული შტატების ინტერესების მიმართ. აგრეთვე რომში ჩემი ყოფნის დროს, პრემიერმინისტრ ტონი ბლერის თხოვნით პაპი ბენედიქტე ჩაერია, რომ დახმარებოდა მეზღვაურთა ჯგუფს ბრიტანეთიდან, რომლებიც ირანის წყლებში დაიკარგნენ. როგორც მტრული ძალა, რომელსაც დიპლომატიურად ხელი არ მიუწვდებოდა ირანის მთავრობასთან, გაერთიანებული სამეფო შეზღუდული იყო თავის არჩევანში, თუ როგორ ეწარმოებინა მოლაპარაკება მეზღვაურთა გასანთავისუფლებლად, და მიმართა წმინდა საყდარს. როგორც წარსულში წმინდა საყდრის მიერ საზღვრებთან დაკავშირებულ და დიპლომატიურ ჩარევებში მომხდარა, მისმა უნიკალურმა პოზიციამ, როგორც გლობალურმა მორალურმა ავტორიტეტმა, და ჰეგემონიური დღის წესრიგის არქონამ ხელი შეუწყო წარმატებულ შუამავლობას. პაპმა ბენედიქტე XVI-მ მისწერა უმაღლეს ხელმძღვანელს, ალი-ჰამენეის, და სთხოვა მეზღვაურთა განთავისუფლება, როგორც ჰუმანიტარული ჟესტი აღდგომაზე, რაზეც ირანელები დასთანხმდნენ. სიტყვები, რომლებიც პრეზიდენტმა აჰმადინეჯადმა გამოიყენა ამ განთავისუფლების განმარტებისას, დიდწილად იგივე იყო, რაც პაპს ჰქონდა გამოყენებული თავის დიპლომატიურ ნოტაში.

აღნიშვნის ღირსია, რომ 2009 წლის ივნისში, როდესაც მანუელ ზელაია შეეცადა ჰონდურასში დაბრუნებას, რათა რობერტო მიქელეტის მთავრობას დაპირისპირებოდა მას შემდეგ, რაც თვითონ გადაყენებული იქნა საკონსტიტუციო კრიზისის გამო, კარდინალმა ოსკარ ანდრეს როდრიგეს მარადიაგამ მნიშვნელოვანი, თუ არა გადამწყვეტი, როლი ითამაშა ჰონდურასიდან ზელაიას გაყვანაში. [6] და ბოლოს, 2010 წლის ზაფხულში, კუბელი კარდინალის, ჯეიმ ორტეგას, მუშაობით და ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერით, წმინდა საყდარმა ორ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კუბაში ადამიანის უფლებათა სფეროში. პირველი, წმინდა საყდარი დაეხმარა დანარჩენი 52 პოლიტიკური პატიმრის განთავისუფლებას, რომლებიც პოლიტიკურად ინსპირირებულ წმენდაში მოყვნენ 2003 წელს, და მეორე, მან შთააგონა მაიამსა და კუბაზე მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Las Damas en Blanco-ის, მარშირებაზე აკრძალვის შემსუბუქება.

ბენედიქტე XVI, ისლამი და სეკულარიზმი

მაშინ, როდესაც ტაქტიკური დიპლომატიური საქმიანობის ამგვარი მაგალითები საინტერესოა და ნათლად აჩვენებს, რაოდენ ქმედითი შეიძლება იყოს წმინდა საყდარი, ამ უკანასკნელის მიერ "რბილი ძალის" გამოყენების დამადასტურებელი და გავლენისმომხდენი უახლესი გამოხატულებები მომდინარეობს პაპ ბენედიქტე XVI-ის რეგენსბურგის სიტყვიდან და შემდგომი ვიზიტებიდან გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.

როდესაც 2006 წლის სექტემბერში, რეგენსბურგში, გერმანიაში, პაპი საუბრობდა რელიგიის ბოროტად გამოყენებაზე, რაც აქეზებს ძალადობას და ხელს უწყობს ექსტრემიზმსა და შეუწყნარებლობას ისლამურ სამყაროში, მან გამოიყენა მტკივნეული და წინააღმდეგობრივი მეტაფორა საკუთარი აზრის გამოსახატად, და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიაქცია იმ საკითხზე, თუ როგორ შეაკავონ ისლამის გარკვეულ ინტერპრეტაციათა რელიგიური მგზნებარება თანამედროვე სამყაროს აზროვნებითა და რაციონალურობით. ამ სიტყვის შემდეგ შეიკრიბა 38 მუსლიმი მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა ამ მიზნის მიღწევის გზები, რათა გამოეძებნათ "თანხმობა ყურანისეული გამოცხადების ჭეშმარიტებებსა და ადამიანის ინტელექტის მოთხოვნებს შორის". მაშინ, როდესაც ამ მხრივ ბევრია გასაკეთებელი, წმინდა საყდრის პოზიციამ, როგორც გლობალურმა შუამავალმა და მთავარმა სახელმძღვანელო წყარომ სამი აბრაამისეული რწმენიდან ერთ-ერთისთვის, განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშოს.
ბენედიქტე XVI
მსგავსადვე, პაპი და მთელი მსოფლიოს სამღვდელოება განიხილავს თავისუფლებისა და დემოკრატიის წინაშე არსებულ რისკებს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებაში რელიგიის დეგრადაციიდან და მატერიალური სეკულარიზმით მისი ჩანაცვლებიდან მომდინარეობს. პაპი ბენედიქტე XVI წმინდა საყდრის პოზიციას აჯამებდა გერმანიის პარლამენტისადმი მიმართვაში 2011 წლის 22 სექტემბერს, "პოლიტიკა უნდა ესწრაფვოდეს სამართლიანობას და, აქედან გამომდინარე, ის უნდა ქმნიდეს ფუნდამენტურ წინაპირობებს მშვიდობისათვის... კანონთა სისტემები თითქმის ყოველთვის რელიგიას ეფუძნება: გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს კანონიერი ადამიანთა შორის, ღმრთიურობისადმი მინიშნებით მიიღებოდა". [7] ქვეყნის შიდა ეროვნულ პოლიტიკას შეეხება თუ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, თეზისი ისაა, რომ რელიგიით შთაგონებული და ნასწავლი "მორალური კომპასის" და ადამიანური წესიერებისა და ინდივიდუალურ უფლებათა მიმართ პატივისცემის ფასეულობების გარეშე, რთულია სამართლიანობისა და თავისუფლების დიდხანს შენარჩუნება. გავიხსენოთ მე-20 საუკუნის ტოტალიტარიზმის მაგალითები ჰიტლერის გერმანიასა და სტალინის რუსეთში.

პაპი ფრანცისკე
პაპი ფრანცისკე და მომავალი

ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ სწევს წინ ამ პრინციპებს ახალი პაპი, პაპი ფრანცისკე. მაშინ, როდესაც ბენედიქტე მათ გამოთქვამდა თავისი წინამორბედებისგან განსხვავებულ კონტექსტში, მიუხედავად ამისა ისინი იმავე ფუნდამენტურ პრინციპებად რჩება. პაპები თანმიმდევრულად იყენებდნენ ამ ცნებებს წლების მანძილზე: იოანე პავლე II ყურადღებას ამახვილებდა კომუნიზმზე, ბენედიქტე XVI - რადიკალიზაციასა და რეკულარიზმზე, იოანე XXIII - ბირთვულ ომზე, ხოლო ბენედიქტე XV და პიუს XII - ორი მსოფლიო ომის ბოროტებებზე, რომლებიც მათი პაპობის დროს დომინირებდა.

იმედი მაქვს, რომ ეს "ახალი მსოფლიო" პაპი, რომელიც, ჩანს, რომ უფრო დიალოგის მომხრეა და ნაკლებადაა ფორმალური, შეძლებს "რბილი ძალის" გავრცელებას და წმინდა საყდრის გზავნილის გაფართოებასა და გაღრმავებას უფრო ეფექტურად, ვიდრე ოდესმე, რათა დაუპირისპირდეს საძაგელ და დესპოტურ ქცევებს მსოფლიოში. აღნიშნულ დრომდე, მისი ხაზგასმა ეკლესიის სოციალურ მისიაზე კარგად პასუხობს ადამიანის ხელშეუხებელ უფლებებსა და ყველასთვის ადამიანური ღირსების დაცვაზე დაფუძნებულ დიპლომატიას.
წყარო
  • [1] Paul VI, Sollicitudo Omnium Ecclesiarum, 24 June 1969. Text available from http://www.vatican.va/holy_father/paul_vi/motu_pro....
  • [2] Cardinal Jean-Louis Tauran, "On the Theme 'the Presence of the Holy See in the International Organizations," Lecture at the Catholic University of the Sacred Heart, Milan (22 April 2012). Text available from http://www.vatican.va/roman_curia/secretariat_stat....
  • [3] "Everything that happened in Eastern Europe": Rev. John J. Coughlin, O.F.M., "The Practical Impact of the Common Good in Catholic Social Though," St. John's Law Review, Vol. 75, Issue 2 (Spring, 2001).
  • [4] "our enemy": George Weigel, Witness to Hope: The Biography of Pope John Paul II (New York, New York: Cliff Street Books, 1999 and 2001).
  • [5] Renzo Allegri, "An Unusual Alliance," Messenger of Saint Anthony, 6 (June 2003); text available from http://www.messengersaintanthony.com/messaggero/pa...=60; also see Renato Cardinal Martino, "The Church and International Order," Ave Maria Law Review, Vol. 2, Issue 1 (Spring, 2004): 49-64, which discusses the radio address and links it to the encyclical, Pacem in Terris. For a translation of the address, see Pope John XXIII, "A Call for Negotiations, Radio Appeal to All Men and Their Governments (Oct. 25, 1962), The Pope Speaks 8 (1963): 227-228. Coverage of the address can also be found in such newspapers as the 25 October 1962 Cumberland Evening Times (front page), and the 25 October 1962 Appleton Post-Crescent (page A2).
  • [6] The Truman and Hoover Presidential Libraries, Herbert Hoover and Harry S. Truman: A Documentary History, edited by Timothy Walch and Dwight M. Miller (Worland, Wyoming: High Plains Publishing, 1992). An online version is available from http://www.trumanlibrary.org/hoover/book.htm. See especially, chapter 2, "Feeding the World," available from http://www.trumanlibrary.org/hoover/world.htm.
  • [7] Carlos Salinas, "Óscar Maradiaga, un Papable Progresista Venido a Menos," El País, 12 March 2013. Text available from http://internacional.elpais.com/internacional/2013.... Also see John Rosenthal, "Honduran Archbishop Blasts Zelaya and Chavez," The American Spectator, 16 July 2009; text available from http://spectator.org/blog/2009/07/16/honduran-arch...; and Mary Anastasia O'Grady, "The Cardinal and the Constitution," The Wall Street Journal, 15 November 2009; text available from http://online.wsj.com/article/SB100014240527487036....
  • [8] Benedict XVI, Address to the German Bundestag, Berlin (22 September 2011). Text available from http://www.vatican.va/holy_father/benedict_xvi/speeches/2011/september/documents/hf_ben-xvi_spe_20110922_reichstag-berlin_en.html.

სტატია პირველად გამოქვეყნდა 2013 წლის 9 სექტემბერს, E-International Relations-ში
ფრენსის რუნი
ავტორი
2005-2008 წლებში იყო შეერთებული შტატების ელჩი წმინდა საყდართან.
ირაკლი ჯავახიშვილი
სტატიის მთარგმნელი
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი

© "სამოქალაქო დარბაზი"
civichallgeorgia@gmail.com
Made on
Tilda