საბა სუთიძე
სოლომონ დოდაშვილი
,,საქართველოს სახეების" პროექტის ფარგლებში საბა სუთიძის სტატია სოლომონ დოდაშვილზე
ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი დაიბადა 1805 წლის 17 მაისს სიღნაღის მაზრის სოფელ მაღაროში. მამამისი, იოანე, მღვდელი იყო. სოლომონმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო; შემდეგ დაამთავრა ბოდბის მონასტერთან არსებული სკოლა; 1818 წელს შეიყვანეს სიღნაღის სამრევლო სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1820 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა.
ნიჭიერებითა და სიბეჯითით გამორჩეული დოდაშვილი ჯერ კიდევ კურსის დასრულებამდე, 1822 წელს, მაღალი აკადემიური წარმატების საფუძველზე, სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად გაგზავნეს. თუმცა, 1823 წელს მან სამუშაო დატოვა და 1824 წელს, საიმპერატორო უნივერსიტეტში სწავლის მიზნით, სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც 1827 წელს იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სოლომონს პეტერბურგში სწავლისას დიდ დახმარებას უწევდა მისი მასწავლებელი ბერი იონა ხელაშვილი.

სანკტ-პეტერბურგში ყოფნისას დოდაშვილი დაუახლოვდა რუსეთში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებს. იგი, როგორც განათლებული ახალგაზრდა, შვილების მასწავლებლად თავის ოჯახში მიიწვია ბაგრატ ბატონიშვილმა. სოლომონი ბაგრატის შვილებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას სოლომონ დოდოაშვილისათვის ხელი არ შეუშლია, ეკვლია ფილოსოფიური საკითხები, რითაც ის ჯერ კიდევ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას დაინტერესდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1827 წელსვე, მან რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი „ფილოსოფიის კურსი, ნაწილი პირველი, ლოგიკა" (ეს ნაშრომი სოლომონს ქართულადაც ჰქონდა დაწერილი), რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა რუსეთის იმპერიის ინტელექტუალურ წრეებში (თხზულების შესახებ არაერთი რეცენზია დაიბეჭდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში). აი, რას სწერს ამ წიგნის შესახებ სოლომონს იონა ხელაშვილი:

„ლოღიკის" გამო ყველა ვაშა-ვაშას გიძღვნიან, მეტადრე „პჩელაში" (იგულისხმება რუსული პერიოდული გამოცემა „სევერნაია პჩელა" - ს. ს.) დაბეჭდილი წერილის შემდეგ".
აგრეთვე:
„... სამეფონი სქესნი ჰკვირობენ, უმაღლესისა სახლსა შინა [მარიამ] დ[ადიანის] ასულისასა მოსრულნი როსნი კითხულობენ დიდფრიადისა გულმოდგინებით და კმაყოფილებით. ეგრეთვე სხვადასხვა სახლებში უჩვენებენ - ესერა ქართველმან დათხზაო, ახალჭაბუკმან, გარნა თქვენ ნუ განლაღდებით."

22 წლის სოლომონ დოდაშვილი საქართველოში ჩამოდის და თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მასწავლებლობას იწყებს. აქ იგი ქართულ სიტყვიერებას, რიტორიკას, ლოგიკასა და გეოგრაფიას ასწავლიდა. იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ ნაყოფიერ შემოქმედებით და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა სოლომონ დოდაშვილი, გამოდგება იონა ხელაშვილისათვის 1829 წელს მიწერილი წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

„აჰა, მამაო საყუარელო! რიცხვნი მოქმედებათა ჩემთანი:
1) შევადგინე ქართული ღრამატიკა სასწავლებლისათვის.
2) სრულვყავ რიტორიკა ქართულსავე ენასა ზედა.
3) ვჰსთარგმნე, რწმუნებისამებრ მთავრობისა, სჯული ვალდებულებანი სასამართლოებისანი.
4) ვჰსთარგმნე, ბრძანებითა მთავრობისათა, ცხენის სრბოლისათვის წიგნი;
5) შევადგინე რეესტრი ქართულის წიგნებისა რიცხვით ექვსასამდე: ვისგან, სადა და ოდეს! და თვითოეული რას იპყრობს თავის შორის.
6) შევადგინე სხვადასხვანი ზნეობითნი ნაწყვეტობანი (ოტრივკი), შესხმანი, ავთრათნი და სხვანი.
7) შევადგინე მოკლედ ფილოსოფიისა ძალნი საზღვრეობითა და განყოფილებითა მისითა.
8) ისტორიული აღწერა ვიწყე რომელთამე მწერალთა და რომელიმე სრულვყავ."
,,...მე შევიტანე წინადადება - შეგვეგროვებინა შემოწირულება და ამ შეკრებილი ფულით გვეყიდნა ბიბლიოთეკა, სტამბა და დავხმარებოდით გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებს"
როგორც მისი შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი ნუსხიდანაც ჩანს, სოლომონ დოდაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა განათლებას. იგი გულისტკივილს გამოთქვამდა საქართველოს სასწავლო დაწესებულებების არასახარბიელო მდგომარეობის გამო და მუდამ ზრუნავდა მისი გამოსწორებისათვის. დოდაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ბიბლიოთეკისა და სტამბის გახსნას. იგი იგონებს ერთ შეკრებას, სადაც საქართველოს განვითარებისათვის გამოსადეგი ღონისძიებები განიხილებოდა, და აღნიშნავს: „ყველა ესენი ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რა მოეგონათ კეთილი საქმე საქართველოსათვის. მე შევიტანე წინადადება - შეგვეგროვებინა შემოწირულება და ამ შეკრებილი ფულით გვეყიდნა ბიბლიოთეკა, სტამბა და დავხმარებოდით გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებს."
სოლომონ დოდაშვილი აქიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაშიც. 1828 წელს დაარსებულ გაზეთში „ტფილისის უწყებანი" (რომელიც რუსულ და ქართულ ენებზე გამოდიოდა) იგი თავდაპირველად მთარგმნელად მიიწვიეს, თუმცა 1829 წელს სოლომონი გაზეთის რედაქტორი ხდება, ხოლო 1830 წლიდან - გამომცემელიც. გარდა ამისა, 1832 წლიდან დოდაშვილი, როგორც „ტფილისის უწყებანის" დამატებას, თავისივე რედაქტორობით, გამოსცემდა ჟურნალს „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", რომელიც პირველ ქართულ ლიტერატურულ ჟურნალად მიიჩნევა. სოლომონთან ერთად, ამ ჟურნალის გამოცემის ინიციატორი და ხელის შემწყობნი იყვნენ ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი და ალექსანდრე ჭავჭავაძე. ჟურნალი, როგორც სარედაქციო განცხადებაშია ნათქვამი, დაარსდა „შესაწევნელად განათლებისა, გავრცელებისათვის ბუნებ ითისა ენისა ჩუენისა და მიახლოებისათვის განგრძობილთა მცხოვრებთა ევროპიისათა." სამწუხაროდ, ჟურნალის გამოცემა 1832 წელსვე შეწყდა (გამოიცა სულ ხუთი ნომერი).

სოლომონ დოდაშვილი საქართველოში ლიტერატურული კრიტიკის ფუძემდებლადაც მიიჩნევა. მან 1832 წელს „სალიტერატურონი ნაწილნში" (1-ლ და მე-2 ნომერში) დაბეჭდა პირველი კრიტიკული სტატია ქართული მწერლობის შესახებ, სათაურით „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა (ანუ სიტყვიერებისა)". ამ სტატიაში სოლომონი წერს ქართული ენის თვითმყოფადობასა და სიძველეზე, აგრეთვე მის მდიდარ ლექსიკაზე. იგი ასევე მიმოიხილავს ძველ ქართულ ლიტერატურას და ცდილობს მისი ისტორიის პერიოდიზაციას.
ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მასშტაბებს შეიძენდა სოლომონ დოდაშვილის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომ არა 27 წლის ასაკში მისი დაპატიმრება 1829-1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო. იგი თავდაპირველად აქტიურად იყო ჩართული შეთქმულების მომზადებაში, მაგრამ მოგვიანებით იდეურად გაემიჯნა შეთქმულების მთავარ მიზანს - საქართველოში ბაგრატიონების სამეფო ტახტის აღდგენას (რასაც თავიდან მხარს უჭერდა). 1832 წლისთვის კი სოლომონი უკვე ჩამოშორებული იყო შეთქმულებას. მას შემდეგ, რაც დოდაშვლი დაეჭვდა ბაგრატიონების სამეფო ტახტის აღდგენის მართებულობაში, იგი იმ ჯგუფის ხელმძღვანელად იქცა, რომელიც საქართველოში რესპუბლიკური ტიპის მმართველობის შემოღების პერსპექტივას განიხილავდა. ეს ჯგუფი აგრეთვე მსჯელობდა საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებაზე.
შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, სოლომონ დოდაშვილმა წელიწად-ნახევარი ციხის საკანში გაატარა, რის შემდეგაც გადასახლება მიუსაჯეს და ვიატკაში გადაახსახლეს. აქ იგი პირველ ხანებში გუბერნიის სამმართველოში გადამწერად მუშაობდა, ხოლო შემდეგ - საგუბერნიო კომიტეტში სათემო გადასახადების უფროსად. სოლომონ დოდაშვილმა ვერ გაუძლო ჩრდილოეთის მკაცრ ჰავას და მძიმედ დაავადდა ტუბერკულოზით. იგი, თავის ცოლ-შვილთან ერთად, უმძიმეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რასაც მოწმობს თბილისის გუბერნატორისათვის მიწერილი წერილიც, რომელშიც აღწერილია დოდაშვილის სიდუხჭირე, ავადმყოფობა და აღძრულია შუამდგომლობა, რომ თბილისში მცხოვრებ თავადის ქალს, ელისაბედ ორბელიანს, ეთხოვოს სოლომონ დოდაშვილისათვის ვალის დაბრუნება. მაგრამ ელისაბედ ორბელიანს ვალი არ დაუბრუნებია.

ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, სოლომონ დოდაშვილმა არაერთხელ ითხოვა, სამხრეთის რომელიმე თბილ გუბერნიაში გადაეყვანათ, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. 1836 წლის სამედიცინო შემოწმების ოქმში სოლომონის მდგომარეობა ამგვარად არის აღწერილი: „თვალები ამღვრეული და ღრმად ჩაცვენილი, სახე გაყვითლებული... ხმა მილეული, სიტყვის გამოთქმა უჭირს: ხველას, საუბარსა და მოძრაობას თან სდევს გულის წასვლა; ამგვარი ნიშნები აშკარად მოწმობენ ფილტვების დაჩირქებაზე ან მათ ჩირქოვან ჭლექზე და აგრეთვე იმაზე, რომ მედიცინას არ გააჩნია არავითარი უტყუარი საშუალება ასეთი რთული და ხანდაზმული სენის განსაკურნავად, განსაკუთრებით აქაური ჩრდილოეთის ჰავის პირობებში."

უკიდურეს გაჭირვებასა და სნეულებაში მყოფი სოლომონ დოდაშვილი 1836 წლის 20 აგვისტოს 31 წლისა გარდაიცვალა. მას გადასახლებაში შეეძინა მეოთხე შვილი ანა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ნაადრევად გარდაიცვალა მისი ერთი ვაჟი კონსტანტინეც, ქვრივი ელენე კობიაშილი კი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში გამოამგზავრეს.

სოლომონ დოდაშვილი დაკრძალეს ე.წ. „აქტირის" სასაფლაოზე, ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მხოლოდ თითქმის 160 წლის შემდეგ იგი საქართველოში გადმოასვენეს და 1994 წლის 18 ოქტომბერს მთაწმინდაზე მიუჩინეს სამუდამო განსასვენებელი.
სტატიის ავტორი:
საბა სუთიძე
,,სამოქალაქო დარბაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამართლისა და რელიგიის კვლევების მაგისტრი
Made on
Tilda