ეს ორი ციტატა მე-5 კლასიდან მე-12 კლასამდე ჩვენი ისტორიის საშინაო დავალების რვეულების პირველივე გვერდზე გვქონდა ჩაწერილი, გამოკვეთილი წითელი კალმით და მასწავლებლის დაჟინებული მოთხოვნით ყოველი გაკვეთილის მოყოლისას სიტყვა სიტყვით ვიმეორებდით მას. არც მე-5 კლასში და სამწუხაროდ, არც მე-12-ში კრიტიკულად არ შეგვიფასებია და ჯანსაღი ეჭვით არ შეგვიხედავს მოვლენებისთვის. თუ, რამდენად ჭეშმარიტი იყო ის ისტორია, რომლითაც რვეულებს ვავსებდით და ზოგადად, იყო თუ არა ეს ამბები ჩვენი წარსულის ხსოვნა, რომელზედაც უნდა აგვეშენებინა მომავალი? ეს წიგნები დაცლილი იყო ჩვენი ისტორიის, კულტურული, რელიგიური თუ სოციალური გამოცდილებისაგან; იქ ჩვენ თავსა და წარსულს ვერ ვხედავდით. ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის თუ სხვა საგნების წიგნები არ იყო ადაპტირებული და არ ითვალისწინებდა ჩვენი კუთხის კულტურულ-რელიგიურ თავისებურებებს. ჯერ კიდევ მას შემდეგ, რაც აჭარა საქართველოს შემოუერთდა იაკობ გოგებაშვილმა სპეციალური დედაენა შეადგინა აჭარელი ბავშვებისთვის, სადაც მოცემული სახელები, გეოგრაფიული ტოპონიმები თუ ამბები ძალიან ახლოს იყო ადგილობრივებთან, რაც ცხადია მოსწავლეებში ბადებდა სიახლოვისა და ნდობის შეგრძნებას. ჩვენ ქვეყნის დამფუძნებელ მამებს კარგად ესმოდათ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ინკლუზიური სასწავლო პროცესისთვის ამგვარი ხელშეწყობა; სამწუხაროდ, დღეს საპირისპირო პრაქტიკასთან გვაქვს საქმე, როცა სკოლებში ფარულად და აშკარად ინდოქტრინაციის პოლიტიკა მიმდინარეობს, როცა „რელიგიის" გაკვეთილი ძლიერ დავიწროებულია და მასწავლებლების მხრიდან ეთნო-კონფესიურ ნაციონალიზმის იდეების გამოვლინებებს აქვს ადგილი.