მაღალმთიანი აჭარის წინასაარჩევნო შუქ-ჩრდილები
ლია დეკანაძე
დღეს 28 ოქტომბერია, ზუსტად 30 წლის წინ ჩატარდა პოსტსაბჭოთა საქართველოში ღია პარტიულ თანასწორობასა და კონკურენციაზე დამყარებული დემოკრატიული არჩევნები. 3 ათწლეულის შემდეგ პოლიტიკური ტრანზიციის პროცესში მყოფი საქართველოსთვის, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაშინ, როცა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის სხვა მექანიზმები სუსტად არის განვითარებული, არჩევნები ის მთავარი და ხშირად ერთადერთი შესაძლებლობაა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ საყოველთაოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეხედულებები. ამასთანავე, დღეს საქართველოში არჩევნები მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხს არ უკავშირდება და ის ფართოდ ასახავს საზოგადოებაში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ განწყობებს.

საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიური, სწრაფი და მრავალგანზომილებიანია, ვერ ახერხებს მიაღწიოს მთავარ მიზანს და ამომრჩევლებს გააცნოს, „პოლიტიკურ ბაზარზე" მათ რა „პროდუქციას" სთავაზობენ. ნაცვლად ამისა, პროცესი ცარიელ, შინაარსისგან დაცლილ დაპირებებსა და პოპულისტურ რიტორიკაზეა აგებული, რაც საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა განწყობებზეც ახდენს უარყოფით გავლენას.

მე შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მაღალმთიან აჭარაში სოფლად მცხოვრებ ამომრჩევლებს და თავად მენახა რამდენად მძიმეა მათი ფიზიკური შრომა და ყოველდღიური საქმიანობა. შესაბამისად პოლიტიკური პროგრამების კითხვისთვის, ღრმა ანალიზისთვის და განსჯისთვის მათ უბრალოდ არ სცალიათ და შემოდგომის დატვირთულ დღეს არჩევნებზე წასვლისთვის გამოყოფილი რამდენიმე საათიც მათთვის მნიშვნელოვანი „დანაკარგია". ამას ემატება ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ მათი ხმა საერთოდ არაფერს ცვლის და მთელი ეს პროცესი დიდი თამაშია, რომელშიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეპიზოდურ როლში შემოდიან და მალევე უჩინარდებიან. მათი ასეთი განწყობების ფონზე რთულია საინფორმაციო შეხვედრებითა და ფერად-ფერადი ლიფლეტებით შეაცვლევინო აზრი და აჩვენო ის ძალა, რომელიც თითოეული მათგანის ხმას აქვს, თუმცა, დიალოგს და მსჯელობას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან ასეთი მცირე ნაპერწკლები გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად აგიზგიზდებიან. ყველაზე რთული კი იმ მოქალაქეებთან კომუნიკაციაა, რომლებიც საერთოდ არაფერს გრძნობენ - არც წყენას, არც ბრაზს, არც მხარდაჭერას ან სიმპათიას საარჩევნო სუბიექტებისა თუ თავად არჩევნების პროცესისა და იდეის მიმართ... ასეთ გულგრილ ამომრჩევლებსაც ბევრს შევხვდით მაღალმთიან აჭარის სოფლებსა თუ ქალაქებში.
საუბრისას ყველაზე მეტად საჯარო მოხელეები ფრთხილობდნენ, ნერვიულად ლაპარაკობდნენ და დაძაბულად ამბობდნენ, რომ მათ არჩევანზე გავლენას ვერავინ მოახდენს და რომ დროს ტყუილად ვკარგავდით, რადგან რასაც ვეუბნებოდით ეს მათ ისედაც მშვენივარად იცოდნენ. ასეთი კატეგორია უარს გვეუბნებოდა ფოტოების გადაღებაზე და ლიფლეტების გამორთმევაზე, ხმამაღლა გამორიცხავდნენ ამომრჩეველზე რაიმე სახის მუქარასა და ზეწოლას... ამ დროს შეხვედრებისას ადგილობრივი მოქალაქეებისგან ვიგებდით, რომ საჯარო პირებს მათი ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან და მეზობლებისგანაც ევალებოდათ გარკვეული რაოდენობის „ხმების მიტანა".

შეხვედრების ნათელი წერტილი იმ ამომრჩევლებთან საუბარი იყო, რომლებიც რეალისტური ენთუზიაზმით აფასებდნენ პროცესს და ხაზს უსვამდნენ იმ შედარებით პოლიტიკურ პლურალიზმს, რაც 2020-ის არჩევნებზეა წარმოდგენილი. მათ არც კრიტიკა დაუშურებიათ, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე საკუთარი თავის, თემის, ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც მათი შეფასებით ძალიან სუსტია და ვერ ახერხებს დემოკრატიული კულტურის ფართოდ გავრცელებასა და განვითარებას საზოგადოებაში. სასიამოვნო იყო იმის ნახვა, როგორ იღებდნენ ისინი მათ წილ პასუხისმგებლობას და ცდილობდნენ იქვე მდგომი მეზობლისთვის აეხსნათ, რომ საარჩევნო პაბინაში მარტო ხარ და გადაწყვეტილებაც შენ უნდა მიიღო, არავის უნდა შეუშიანდე და რომ ნებისმიერი ზეწოლა ან მუქარა არის არაკანონიერი და დასჯადი.
დასასრულ შემიძლია ვთქვა, რომ აქაური ამომრჩეველი თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით უფრო გაზრდილი და გათვითცნობიერებულია წინა წლებთან შედარებით. თუ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები არსებული გეოგრაფიული და სოციალური პირობების შესაბამისად, უფრო აქტიურად და სწორად წარმართავენ კომუნიკაციას, ამომრჩეველთა ზრდა (რაოდენობრივად და თვისებრივად) შეუქცევადი პროცესი იქნება მომავალში. განსაკუთრებული მუშაობა საჯარო პირებთან, მათი ოჯახის წევრებთან და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებთანა არის საჭირო, რათა უფრო მომზადებულები დახვდნენ უკანონო ზეწოლის, დაშინების, შანტაჟისა და მუქარის შემთხვევებს.

წელს პირველად მივდივარ არჩევნებზე და განსაკუთრებული აღტაცებით ველი კენჭისყრაში მონაწილეობას, თან საარჩევნო სისტემის ცვლილებას ვუჭერდი მხარს და უფრო მეტ პასუხისმგებლობასა და ინტერესს ვგრძნობ. პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრებმა წინასაარჩევნო პროცესის უფრო რეალისტური სურათი შემიქმნა, სურვილი გამიჩინა ჩემი მხრიდან უფრო მეტი გავაკეთო მომავალი არჩევნებისთვის ამომრჩეველთა გათვითცნობიერებისა და მოტივირების მიზნით და მაინც ამ რეალისტურმა „ნიჰილისტურმა" განწყობებმა ვერ გაანელა ჩემი ემოცია არჩევნებში პირველად მონაწილეობასთან დაკავშირებით!

ლია დეკანაძე
პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი.
"სამოქალაქო დარბაზის" წევრი

© "სამოქალაქო დარბაზი"
Made on
Tilda