სოფელი გლოლა

მარიამ გიორგაშვილი
ჩემი სოფელი გლოლა მდებარეობს მთის რაჭაში ზღ.დ-დან 1500 მეტრზე. ეკუთვნის ონის მუნიციპალიტეტს. სოფელ გლოლა აქვს უძველესი ისტორია. ხალხური გადმოცემის მიხედვით გლოლა მე-12 საუკუნეში დაარსებული სოფელია, მისი სახელი უკავშირდება თამარ მეფეს. თამარ მეფეს მთიულეთში მოგზაურობისას გლოლიდან 15 კილომეტრის დაშორებით სამაროვანში შეუვლია. თამარს აქ მოუკითხავს საბალახოდ გაშვებული ჯორები. მის თანამგზავრებს ბევრი ძებნის შემდეგ ჯორები უპოვიათ, მჟავე წყლებთან მწოლიარე. მეფის კაცებს მოსწონებიათ წყალი და მეფისთვის მიურთმევიათ. თამარსაც ძალიან მოსწონებია ვეძა და გლოლის ბუნება და უბრძანებია ყვირეთის ქედზე ციხის აგება, რომელსაც ადგილობრივებმა თამარის ციხე უწოდეს. სოფლის სახელიც სწორედ ამ ამ ციხის აგებასთანაა კავშირში. ციხის აგებისას ოსტატი ჩამოვარდნილა და გარდაცვლილა. მთელი სოფელი გლოვობდა ამიტომ უწოდეს გლოვა ხოლო შემდგომ იცვალა სახელი და გლოლა დაერქვა. სოფელი და ეს ციხე იყო ჩრდილოეთიდან მტრისაგან დამცავი მთავარი მცველი. სოფელი გლოლა გაშენებულია მდინარე ჭანჭახის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მდინარე ჭანჭახის ხეობა ვიწრო ხეობაა, მთები რომელიც ირგვლივ აკრავს სოფელს დაფარულია წიწვოვანი ტყით. ჩემი სოფელი მთელი წლის მანძილზე ულამაზესია. მე ყველაზე მეტად გლოლაში მომწონს ზაფხულში, როცა მთა და ველი შეიმოსება სიმწვანით. ჩვენს სოფელში არის ბევრი მინერალური (მჟავე) წყლები, ამჟამად შესწავლილია 16 მჟავე წყალი. სოფლის ყველა უბანში შეგხვდებათ მთის ანკარა წყაროები. ის, რომ სოფელში არის ულამაზესი ბუნებრივი გარემო, ამდენი მინერალური წყლები და სუფთა ჰაერი სწორედ ამან განაპირობა კლიმატო- ბალნეოლოგიური კურორტ შოვის გაშენება სოფლის კუთვნილ საძოვრებზე. შესაბამისად სოფელში განვითარებულია ტურიზმი, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს ჩვენ სოფელსა და კურორტს მათ შორის უამრავია სხვადასხვა ქვყნიდან ჩამოსული უცხოელი ტურისტები.

სოფლის მაცხოვრებლები მისდევენ სოფლის მეურნეობას: მეცხოველეობას, მეკარტოფილეობას, მებოსტნეობას. სოფელში მოჰყავთ უგემრიელესი ნამდვილი რაჭული კარტოფილი, სოფელის მოსახლეობა არ იყენებს სასუქს და ჩვენი კარტოფილი 100% ნატურალურია.

ჩვენს სოფელში ძველი ტადიციული წესებით ამზადებენ ლორს (რაჭული ვიჩინა). აქ გამომცხვარ ლობიანს ურევენ ვიჩინას და სწორედ ეს ლობიანია გლოლის სავიზიტო ბარათი. როგორც მთლიანად რაჭა, ასევე გლოლა გამორჩეული რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციით. სოფლიდან წასვლის მთავარი მიზეზია უმუშევრობა, განსაკუთრებით სოფლიდან მიდიან ახალგაზრდები. გლოლიდან ახალგაზრდების წასვლის გამო სკოლაში ბევრი ბავშვი აღარ არიან. სოფელში დარჩენილებისთვისაც მკაცრი უხვთოვლიანი ზამთარი ძნელი გადასატანია. გლოლის სკოლაში ამჟამად სწავლობს 25 მოსწავლე. იყო დრო სკოლაში სწავლობდა 400 ბავშვი. მე გამიმართლა და კლასში ვართ სამნი მაგრამ არის კლასები რომლებშიც თითო მოსწავლეა. ზოგიერთი ჩემი მეგობარი სკოლას ისე ამთავრებს რომ კლასელიც კი არ ჰყავს. მე მინდა სოფელში დაბრუნდნენ ახლგაზრდები, ბავშვები. მინდა რომ დომბურით (რაჭული ციგა) სასრიალოდ როგორც ადრე ბებიაჩემი ბავშვობისას უბნიდან 15-20 ბავშვი გამოდიოდა ახლაც ისე იყოს და ჩემი თანატოლები ჟივილ-ყივილით გამოდიოდეთ უბანში. ჩვენს უბანს მაინც შემორჩა სიცოცხლის ელფერი და აქ, სხვა უბნებთან შედარებით მეტი ახალგაზრდა ცხოვრობს. ძველ ისტორიულ უბანში უკვე წლებია ბავშვი არ დაბადებულა, სკოლაში ამ უბნიდან არავინ დადის. ცხოვრობენ მხოლოდ მოხუცები როცა ისინიც აღარ იქნებიან ეს უბანი საბოლოოდ დაიცლება. მინდა მე რომ დავამთავრებ სკოლას და მივიღებ პროფესიას დავბრუნდე სოფელში და მივიღო მონაწილეობა ჩემი სოფლის განვითარებაში. მინდა სოფელი ისეთივე ლამაზი დარჩეს, როგორც დღესაა მაგრამ განვითარდეს ისევე როგორც მსოფლიოს სხვა სოფლებია, რომ არავის ჰქონდეს სურვილი მიატოვოს თავისი კერა და გაიქცეს სხვაგან საცხოვრებლად.



Made on
Tilda