ალექსანდრე ქავთარაძე
რატომ მიდის გმირი?
რატომ გვტოვებენ ნამდვილი გმირები ამბის ბოლოს?
რამდენიმე თვის წინ მაყურებლის დიდი მღელვარება გამოიწვია „სამეფო კარის თამაშების" („ყინულისა და ცეცხლის სიმღერა") დასასრულმა. განსაკუთრებით, ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჯონ სნოუს (ეგონ ტარგარიენის) ბედმა, რომელსაც ტახტზე უარის თქმა და ჩრდილოეთში გადასახლება უწევს. ეს ყველაფერი კი - მას შემდეგ, რაც ის შვიდ სამეფოს იხსნის მორიგი ტირანიისგან. ,,რატომ მოსწყდა იგი მოვლენების ეპიცენტრს? რატომ უნდა წასულიყო ის ასე მშვიდად და მიეტოვებინა თითქმის ყველაფერი?" - კითხულობდნენ ამ ნაწარმოებისა და სერიალის ერთგული მაყურებლები (და მკითხველები).


,,კაცი, რაჟამს საქმეს განასრულებს: სიმარტოვეში უნდა უკუგდეს. კაცი, საქმეს რომ აღასრულებს: სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერწყას"
საქმე ისაა, რომ ნამდვილი გმირი ყოველთვის მიდის. გმირის მთელი ცხოვრება სწორედ ,,წასვლისთვის'' მზადებაა. ასე ემზადება ნებისმიერი, ვისაც გმირის როლი ერგება პირველ და უკანასკნელ მტერთან - სიმარტოვესთან - შესახვედრად. დაახლოებით, ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში მოღვაწე ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო-ძის ,,დაო დე ძინში" შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: ,,კაცი, რაჟამს საქმეს განასრულებს: სიმარტოვეში უნდა უკუგდეს. კაცი, საქმეს რომ აღასრულებს: სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერწყას".
„სოფლიურ უსასრულობასთან შერწყმის", ყველაფრის უკან მოტოვების და ,,წასვლის'' თემატიკას ვხვდებით ჯორჯ მარტინის (,,ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორი) შთაგონების წყაროდ ქცეულ ტოლკინის ,,ბეჭდების მბრძანებელშიც", რომელშიც ნაწარმოების ბოლოს, მათზე დაკისრებული მისიის აღსრულების შემდეგ, ისეთი მთავარი გმირები, როგორიც არიან ჯადოქარი გენდალფი, ჰობიტები ფროდო და ბილბო გემით მიემართებიან მისტიკური დასავლეთის მხარეში და სამუდამოდ ემშვიდობებიან მეგობრებსა და მშობლიურ მხარეს. კიდევ უფრო ადრე, იმავეს ვხვდებით ტოლკინის მეგობრის, კ. ს. ლიუსის, ,,ნარნიის ქრონიკებშიც", სადაც მთავარი გმირების სიკვდილი და ნარნიაში გადასვლა, სიმბოლურად, ამა სოფლისთვის სიკვდილსა და მათი მშობლიური ქვეყნის მიღმა, სინამდვილეში კი, მათ ნამდვილ სამშობლოში - ზღაპრულ ნარნიაში - ახალი ცხოვრების დაწყებას გადმოსცემს. ერთ-ერთი მთავარი შთაგონება ამ ამბებისა, შესაძლოა, თავად ახალ აღთქმაშიც კი ამოვიკითხოთ, როდესაც მაცხოვარი საკუთარი მისიის გასრულების შემდეგ არ რჩება ამ ქვეყნად. მის ,,სოფელთან" განშორებას მოციქულთა საქმეების ავტორი ამაღლების სცენით გადმოგვცემს.


მსგავს ამბავს ვხვდებით ,,სამეფო კარის თამაშების" კიდევ ერთი გამორჩეული გმირის, არია სტარკის, შემთხვევაშიც, რომელიც, ტოლკინის გმირების მსგავსად, გემით დასავლეთისკენ მიემართება. თავად ჯონ სნოუს საბოლოო ბედისწერაზე არაერთი მინიშნება გვხვდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მინიშნება იყო ღამის საგუშაგოს წევრის და ჯონ სნოუს ერთ-ერთი მკვლელის, ალისერ თორნის, სიკვდილამდე სნოუს მისამართით წარმოთქმული სიტყვები: ,,შენ მათ ბრძოლებში მუდმივად იქნები ჩაბმული". გმირი არ უნდა გამხდარიყო მეფე, რომელიც ასრულებს ყველა ბრძოლას, ბოლოს უღებს ყველა ომს და შემდეგ თავად მართავს სამეფოებს. მისი გუშაგობა ცხოვრების ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო. ეს ყველაფერი პირველივე წიგნში (და, შესაბამისად, პირველსავე სეზონში) განისაზღვრა, როდესაც ჯონ სნოუმ ღამის გუშაგთა ფიცი წარმოთქვა.

გმირების შესახებ მსგავს კონცეფციას ვხვდებით ებრაულ მისტიკურ ტრადიციაში, სადაც არსებობს რწმენა ოცდათექვსმეტი ღირსეულის (კეთილშობილის) შესახებ. ,,ცადიკიმ ნისტარიმ" - დამალული ღირსეულნი - ასე მოიხსენიებიან ისინი. გადმოცემის თანახმად, დედამიწაზე ისტორიის ყველა მონაკვეთში არსებობს ოცდათექვსმეტი ღირსეული ადამიანი, რომელთა უბრალოდ არსებობაც კი არის გარანტი ამ პლანეტის დახსნისა. ისინი არ საუბრობენ საკუთარ თავებზე, როგორც გამორჩეულებზე: ამას თუ იტყვის რომელიმე, დამტკიცდება, რომ ის არ არის იმ 36-დან ერთ-ერთი. ამა თუ იმ დროს მალულად და შეუმჩნევლად ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ კაცობრიობის სახსნელად. როგორც კი რაიმე მნიშვნელოვან, საგმირო საქმეს გაასრულებენ, ისინი უჩუმრად უბრუნდებიან საკუთარ თემს და ანონიმურად, ყველასგან შეუმჩნევლად აგრძელებენ ცხოვრებას.

თუ ისევ ტოლკინს დავუბრუნდებით და ამჯერად, მის ,,ჰობიტს" გავიხსენებთ, შეგვიძლია, ერთი მონაკვეთი გამოვარჩიოთ: მთავარი გმირი ბილბო დიდ თავგადასავალზე დათანხმების წინ გენდალფს ეკითხება: ,,შემპირდები, რომ დავბრუნდები?", რაზეც ჯადოქარი მიუგებს: ,,ვერა და რომც დაბრუნდე, ის არ იქნები, ვინც ახლა ხარ". ჯონ სნოუს, იგივე ეგონ ტარგარიენის, ჩრდილოეთში დაბრუნება მის სამეფო წარმომავლობაზე ყურადღების გამახვილების გარეშე ზუსტად ის არის, რასაც მისი გმირობის გზა სისრულეში უნდა მოეყვანა და სნოუს ამბის წრე შეეკრა. ის ეცლება ყველაფერს და ბრუნდება იქ, საიდანაც მისი გმირობის გზა დაიწყო: ათასგვარი იარით და ტკივილით დამძიმებული, თუმცა მაინც ბედნიერი - ის ჩრდილოეთში ბრუნდება. მან შეასრულა დაკისრებული მისია და ღირსეულად განვლო თავისი სარბიელი.



,,...მე ვარ მახვილი წყვდიადში; კედელზე შემდგარი გუშაგი ვარ. ცეცხლი ვარ, სიცივეს რომ ფანტავს. სინათლე ვარ, ცისკარი რომ მოჰყავს. საყვირი - მძინარეთ რომ აღვიძებს.."
მისი ყველაზე დიდი გმირობა, შესაძლოა, არც მკვდრებთან ბრძოლა ყოფილიყო, არც სიკდვილისთვის თვალებში ჩახედვა, არც სხვების სახსნელად საყვარელი ადამიანის მოკვლა, არამედ ძალაუფლების (არაერთხელ) დათმობა, სახელისა და სიმდიდრის მოხვეჭაზე უარის თქმა, ყველაფრისგან მშვიდად გარიდება და გულში შემდეგი სიტყვების გამეორება: ,,ღამე ჩამოწვა და იწყება ჩემი გუშაგობა. ის სიკვდილამდე არ გასრულდება. არ შევირთავ ცოლს, არ დავეუფლები მამულს, არ მეყოლება შვილები. არ ვატარებ გვირგვინს და არ მოვიხვეჭ დიდებას. ჩემს საგუშაგოზე ვიცხოვრებ და იქვე მოვკვდები. მე ვარ მახვილი წყვდიადში; კედელზე შემდგარი გუშაგი ვარ. ცეცხლი ვარ, სიცივეს რომ ფანტავს. სინათლე ვარ, ცისკარი რომ მოჰყავს. საყვირი - მძინარეთ რომ აღვიძებს. ფარი - კაცთა საუფლოს რომ იცავს. ჩემს სიცოცხლესა და ღირსებას ღამის საგუშაგოს ვუძღვნი, ამ ღამით და ყველა იმ ღამითაც, ამიერიდან რომ დადგება".
სტატიის ავტორი:
ალექსანდრე ქავთარაძე
,,სამოქალაქო დარბაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი,
ისტორიკოსი, ილიაუნის დოქტორანტი კულტურის კვლევების დარგში

სამოქალაქო დარბაზი
Made on
Tilda