XIX საუკუნის ქართული საცხოვრისის იმერული ტიპი
ქართული ხალხური საცხოვრისი რომელზე დაყრდნობითაც ეს ნაშრომი არის დაწერილი, ეკუთვნის საჩხერის რაიონის სოფელ ჯალაურთაში მცხოვრებ ვალერიან პარმენის ძე დოღაძეს, ეს საცხოვრებელი სახლი XIX საუკუნის პირველ ნახევარშია აშენებული და დღემდე უმნიშვნელო ცვლილებებია მასში შესული, პირადად გავეცანი თითოეულ დეტალს რომლითაც ეს სახლია აგებული, შევაჯერე სხვადასხვა მეცნიერების მოსაზრებები, დავეყრდენი ვალერიანის მონათხრობს, რამაც საბოლოო ჯამში საკმაოდ საინტერესო ნაშრომის შექმნა გამოიწვია.

უძველესი დროიდან საცხოვრისმა, როგორც ბუნებრივი საარსებო გარემოსთან გამოცალკევებულმა ერთგვარმა ხელოვნურმა მიკროგარემომ, უმთავრესი ადგილი დაიკავა ადამიანის თვითგანსაზღვრებასა და სამყაროში თავისი ადგილის დამკვიდრებაში. ადამიანმა ააგო რა საკუთარი საცხოვრებელი ამით გარკვეულწილად გამოეყო გარემოს.

ადამიანის საცხოვრებელმა ნაგებობამ ხანგრძლივი და რთული გზა განვლო, ქვის ხანის პირველყოფილი მარტივი ქოხებიდან დღევანდელ თანამედროვე ნაგებობებამდე, იგი ითვალისწინებდა ადამიანურ გამომგონებლურ უნარს, კლიმატსა და ეკოლოგიურ გარემოს.

XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში იმერეთში გავრცელებული იყო საცხოვრებელი სახლის სახეობა რომელსაც „საჯალაბო გრძელური სახლი" ეწოდებოდა. როგორც თვით სახელწოდება „გრძელური სახლი" გვიჩვენებს გეგმაზე მას შესამჩნევად წაგრძელებული სწორკუთხედის მოყვანილობა აქვს. იგი ერთგანყოფილებიანი ვრცელი საცხოვრებლისგან შედგება, რომლის ფართი 35-52 კვ/კმ აღწევს.
თავდაპირველად იმერელი გლეხი სამოსახლო ადგილის შერჩევას იწყებდა, კარგი იყო ზეგან ადგილზე დასახლება, აგრეთვე დასახლების ადგილთან წყალი უნდა ყოფილიყო, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა გზის საკითხს, სახლამდე საურმე გზა აუცილებლად უნდა მისულიყო, ყურადღება ექცეოდა საცხოვრებელი სახლის გარემოს რელიეფს, იმერელი გლეხის გაგებით „სახლს მზე უნდა უყურებდეს და არა მთაო."

„გრძელური საჯალაბო სახლი" ხისგან შენდებოდა, საუკეთესო მასალას მუხა, წაბლი და თელა წარმოადგენდა. სახლის ძირითადი დეტალების დამზადების შემდეგ იწყებდნენ მათ აწყობას. მშენებლობა კვირის ბედნიერ დღეებში იწყებდნენ. ეს ბედნიერი დღეები იყო სამშაბათი და ხუთშაბათი. აგრეთვე სახლი არ უნდა აგებულიყო ახალ მთვარეს.

სადაც სახლი უნდა აეგოთ იმ ადგილას გარკვეული რიტუალი ტარდებოდა. ცოლ-ქმარი ცეცხლს გააჩაღებდა, რომელიც მთელი ღამე ენთო, სანთლებს აანთებდნენ ილოცებდნენ და ღამეს ათევდნენ.

სახლის საძირკვლის ქვეშ ამოსადები ქვის გაწყობის შემდეგ იწყებდნენ ხის საძირკვლების გადებას. ამ პროცესს იმერეთში საძირკვლის

დასკვნას ეძახიან, როდესაც საძირკველს ააგებდნენ მთავარი ოსტატი იტყოდა „ამ სახლის ფუძის ანგელოზს გაუმარჯოსო" და ყველა ხელოსანი თითო ჭიქა ღვინოს ან არაყს „გადაკრავდა".

საძირკვლის გაწყობის შემდეგ იწყებდნენ ბოყვების თავ-თავიანთ ადგილზე დაცმას. სარტყლის გადებამდე წინა და უკანა კარებს კიდებდნენ ლინგებზე..

შენობის კუთხეები ნაშთური ჭდობითაა ამოყვანილი, რასაც იმერეთში საყელოს ეძახიან.

ხოლო ძელის მეორე ბოლო კარის ან შუა ბოყვის დედა ნარიმანდშია ჩამჯდარი.
როდესაც სახლს დასარტყლავდნენ რასაც იმერეთში სახლის მოკათხვას ეძახიან დალოცავდნენ სათავის ანგელოზს. დასარტყვლის შემდეგ, გვერდით კედლებზე თავხეს დებდნენ, რომელსაც იმერეთში ლანდური ეწოდება, ამის შემდეგ კედლის ზედა ნაწილს სამკუთხედის ფორმა ეძლეოდა, ამ დეტალს იმერეთში ლირსი ეწოდება.
სახლის დახურვის შემდეგ ყველას ვინც სახლის აშენებაში მონაწილეობას იღებდა, სახლის პატრონი მოიწვევდა და გადაიხდიდა ლხინს. ლხინის დროს თამადა ფეხზე წამოდგებოდა, (თამადა უმეტესწილად მთავარი ოსტატი იყო) დაიჭერდა ყანწს და იტყოდა „დიდებულო ღმერთო, სახლის მფარველო ანგელოზო, შენ მიეც ამ ოჯახს, მის შვილთაშვილში სამუდამო ბედნიერება," შემდეგ ყველა წამოდგებოდა და სასმისებს დაცლიდნენ.

სახლის დირეს ამაგრებდა ოთახის ცენტრში არსებული დედა ბოძი, დირეზე და დედაბოძზე დამაგრებული იყო გადასაკიდი, რომელზეც სახურავის ფილები იყო დამაგრებული. სახლი იდგმებოდა ისე რომ სარკმელი აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს ჰქონდა მოქცეული, გრძელ კედლებზე, კარები კი ჩრდილოეთით და სამხრეთით. ეს გამოწვეული იყო ბუნებრივი პირობების გამო, რადგან იმერეთში ზამთარში ხშირად იცის ქარი რომელიც დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ქრის. მოსახლეობა მას ზენა და ქვენა ქარს უწოდებს, ამიტომაც ჰქონდა კარი სახლს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.

სახლი იხურებოდა ყავრით, თივით, ჩალით, ისლით, მოგვიანებით კი შეძლებული ოჯახები კრამიტით ხურავდნენ. ყავარი აუცილებლად მუხის უნდა ყოფილიყო წინააღმდეგ შემთხვევაში ის დალპებოდა, ყავრის სისქე სანტიმეტრნახევარს შეადგენდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე კარებს სახლს ჩრდილოეთიდან ან სამხრეთიდან აბამდნენ, ის მთლიანად ხის იყო, სიგანე 70-80 სანტიმეტრი სისქე კი 5-7 სმ ჰქონდა. კარები კეთდებოდა სახლის სიმაღლიდან გამომდინარე. სახლის საძირკველს 20 სმ სიმაღლე ჰქონდა, საძირკვლიდან იწყებოდა კარების სიმაღლე და გრძელდებოდა დირემდე. იგი კუსტარულად დამზადებული პეტლით იყო დამაგრებული და შიგნიდან ურდულით იკეტებოდა, გარედან უბრალო საკეტით კეტავდნენ.

სახლის აგება ხდებოდა ხმელი მასალით, ნედლი მასალით აგება დაუშვებელი იყო, მოჭრიდნენ ხეს გათლიდნენ და დაახლოებით ორი წელი მაინც ახმობდნენ, ზოგიერთი მასალა გახმობის შემდეგაც უვარგისი ხდებოდა, საუკეთესო მასალას კარგად გათლილი მუხა წარმოადგენდა, ხე უკორძო და სწორი უნდა ყოფილიყო, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სად იყო მოჭრილი ხე, ზოგიერთი ტყის მუხა სახლის ასაგებად არ ვარგოდა.
იმერეთი და ზოგადად დასავლეთ საქართველო სინესტითაა ცნობილი ამიტომ მოსახლეობა ნესტიანობის თავიდან ასაცილებლად, ქვებს რომელზეც ხის საძირკვლები იდო, იმის პირამდე ავსებდნენ მიწით, გარეთა მიწიდან შედარებით 30-40 სანტიმეტრით მაღლა. იატაკს შეადგენდა მიწა, ის უმეტესად თეთრი იყო, სხვაგვარი მიწა ადვილად ტალახდებოდა და საცხოვრებლად უვარგისი ხდებოდა, მიწის დაგება შემდეგნაირად ხდებოდა, აჩიჩქნიდნენ სახლში მდებარე მიწას შემდეგ მოასხამდნენ წყალს, თავზე აყრიდნენ თეთრ მიწას და ტკეპნიდნენ. მიწა ადგილობრივი იყო და მისი შოვნა სირთულეს არ წარმოადგენდა.

ფანჯრების მაგივრობას წევდა კედელში მოთავსებული უმინო სარკმელი რომელიც 12-15 სანიმეტრის ზომის იყო. ეს სარკმელები სამი ოთხი ჰქონდა სახლს აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე.

განათების გათბობის და საჭმლის მომზადების საშუალებას წარმოადგენდა შუაცეცხლი. შუაცეცხლი სადაც ინთებოდა იმ ადგილზე ჭერი ამოჭრილი იყო დაახლოებით ერთ კვადრატულ მეტრზე, რადგან დანთებული ცეცხლის კვამლი ოთახში არ დაგროვილიყო. ცეცხლის დასანთებ ადგილს კერა ეწოდება. დირეზე დამაგრებული იყო რკინა რომელზედაც ჯაჭვი იყო დამაგრებული, ჯაჭვს ბოლოში კაპი ჰქონდა გაკეთებული და ამ კაპზე ჰკიდებდნენ ქვაბს. კერაში ცეცხლი არ უნდა ჩამქრალიყო, ამის თავიდან ასაცილებლად, დაძინების წინ ნაცარს გამოწევდნენ და ნაკვერჩხლებს აყრიდნენ თავზე. დილით ამ ნაკვერჩხლებს შეშას აწყობდნენ და კვლავ ანთებდნენ ცეცხლს.
ქართულ სახლებში კერას ცენტრალური ადგილი ეჭირა, საოჯახო საქმიანობის უდიდესი ნაწილი კერის გარშემო მიმდინარეობდა. კერა თავის შინაარსით ოჯახის გამაერთიანებელი იყო. ის დიდ როლს თამაშობდა საქორწინო ცერემონიალებში, როდესაც გვარში გსრეშე პირის ინკორპორაცია ხდებოდა, კერას ამკობდნენ აპოთროპული დანიშნულების ორნამენტებით, ღვთაებების გამოსახულებით და სიმბოლური ნიშნებით.

ზოგიერთ სახლში ბუხარი იყო შუაცეცხლის მაგივრად, ბუხარს აშენებდნენ კირით ალიზით და ქვით. ბუხარში ჩადგმული იყო კერა, რომელსაც გარშემო შემოწყობილი ჰქონდა კეცები.

ოთახის გასანათებლად გარდა სარკმელისა და შუაცეცხლისა იყენებდნენ ჭრაქს, ჟინჟღილათს, მოგვიანებით ლამფას. ჭრაქი წარმოადგენდა რკინის კოლოფში ჩადებულ ბამბის ჩლას, მას დებდნენ ისეთ ადგილას საიდანაც უკეთესად ანათებდა ოთახს. ჟინჟღილათი იყო მუხის მსხვილი წკნელი დაჟენჟღილი, რომელიც წვის დროს ბევრ კვამლს ტოვებდა და ამიტომ ის შუაცეცხლთან ან ბუხართან ახლოს იყო.

„გრძელური საჯალაბო სახლი წარმოადგენდა ერთ მთლიან დიდ ოთახს, სადაც თავმოყრილი იყო სმზარეულო საძინებელი და .ა.შ. ოთახში მაქსიმალურად იყო გამოყენებული ფართი, ამის ნათელი დადასტურებაა საწოლი, რომელიც ისე იყო მოთავსებული რომ სხვა ნივთებისთვის საჭირო ადგილი რჩებოდა. საწოლს წარმოადგენდა კედლის გაყოლებაზე გამართული მუხის ან რომელიმე მაგარი ხის სქელი ფიცარი, ფიცარზე ჭილოფი იყო გადაფარებული, ჭილოფზე ლეიბი. ჭილოფს აკეთებდნენ ჭაობის მსხვილი ბალახისგან, იმერეთის ზოგიერთ რაიონში არ იყო ხარისხიანი ჭილოფი ამიტომ მოსახლეობას ის სამეგრელოდან და გურიიდან შემოჰქონდათ.

საბანი ძირითადად მატყლისაგან კეთდებოდა, მას ნაჭრის საბანსაც ეძახდნენ, რადგან ის პატარ-პატარა ნაჭრებისაგან იყო შეკერილი.

ყველა ოჯახს ჰქონდა დაბალფეხებიანი მაგიდა, რომელსაც „სუფრა" ეწოდებოდა, მაგიდა და სკამები სამფეხა იყო. სამფეხა სკამს მოსახლეობა „ჩოგანა" სკამსაც ეძახდა, ოჯახში ოთხფეხა მაგიდაც ჰქონდათ მაგრამ ის მხოლოდ სტუმრებისათვის იყო განკუთვნილი, როდესაც პურის ჭამას მორჩებოდნენ მაგიდას კედელზე დაჭედებულ რკინებზე ჰკიდებდნენ, ან პირქვე ამხობდნენ. თეფშების მაგივრობას წევდა ხისა და თიხის ჯამები, კოვზებიც ხის იყო.

ტანსაცმელი კედელზე დაჭედებულ ლურსმნებზე იყო ჩამოკიდებული. სახლის ერთ-ერთ კუთხეში სამუშაო იარაღებს ინახავდნენ.

ოჯახის უფროსი სადაც თვითონ იწვა იმ ადგილას კედელზე ეკიდა ქამარ-ხანჯალი. თოფი იშვიათობას წარმოადგენდა, ძირითადად გავრცელებული იყო თვითნაკეთი ფილთა თოფი.

ყველა სახლს ჰქონდა ეზო, რომელიც შემოღობილი იყო იელის წკნელით ან მუხის დაპობილი წვრილი წკნელით, ეზოში შემოსასვლელს ჭიშკარი ეწოდება, რომელიც აგრეთვე წკნელით კეთდებოდა.

იმერეთში ეზო სხვადასხვა სახისაა ამასთანავე ყოველი ეზო რამდენიმე ნაწილისგან შედგება, იმ ეზოს ნაწილს რომელიც სახლის წინ მდებარეობს ქვემო იმერეთში წინა და სუფთა, ხოლო ზემო იმერეთში თეთრი და ბაკი ეზო ეწოდება, წინა ეზო მოლიანი და ხეხილიანია, ეზოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მაჩრდილობელი ხე, რომლის ძირშიც ქვის საკდომი იყო გამართული. წნა ეზოში აგრეთვე იყო ჭა, მას კირკით და ბარით თხრიდნენ შემდეგ ამოაშენებდნენ თეთრი ქვით, სახლის მარცხნივ და მარჯვნივ მდებარე ეზოს გვერდითა ეზო ეწოდება, გვერდითა ეზოში სრულდება სხვადასხვა სახის წვრილმანი სამუშაოები. ეზოს უკანა ნაწილს შავი ეზო ეწოდება, შავ ეზოში იყო მოთავსებული ბოსელი, საღორე საქათმე და ა.შ. იგი გამოყოფილი იყო სხვა ეზოებისგან იელის წკნელით ან ხის ძელებით, შავ ეზოს იმერეთში საჩეხსაც ეძახიან.

„საჯალაბო სახლის" მთავარ ღირსებას წარმოადგენდა მისი კონსტრუქცია, ის მარტივად შეეძლოთ დაეშალათ და გადაეტანათ სხვა სოფელში, რამაც შეუწყო გრძელური სახლის გავრცელებას ხელი, გარდა ამისა ამ პერიოდში თბილისში საუკეთესო ხუროებად სწორედ იმერლები ითვლებოდნენ, მათ კარგად იცოდნენ ხის დამუშავების ტექნიკა, ხოლო მასალა უხვი რაოდენობით მოიპოვებოდა იმერეთის მადლიან ტყეებში.

სტატიის ავტორი: გიორგი ნეფარიძე - ისტორიის დოქტორანტი; წმ. ბარბარეს სახელობის სკოლის ისტორიის მასწავლებელი

© სამოქალაქო დარბაზი
e-mail us: civichallgeorgia@gmail.com
Made on
Tilda