თიკო თაბუაშვილი
თანამედროვე ქალაქთგეგმარების მხატვრული აღქმა - ნაწილი II
თბილისი ვიწრო ზოლადაა გაჭიმული მდინარე მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივ და შეფენილია სამი მხრიდან მთებით შემოფარგლული ქვაბულის ფერდობებზე. დედაქალაქის ძველი უბნები ქალაქის სამხრეთ ნაწილშია, ცხელ მინერალურ წყაროებთან, ხოლო მარჯვენა ნაპირზე, მთაზე და მის კალთებზე — ციტადელი (სხვადასხვა დროს ეწოდებოდა კალა, ნარიყალა, დედა ციხე) , რომელიც ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქის, შემდეგ ქართლის დედაქალაქის — თბილისის მთავარი ხუროთმოძღვრული დომინანტი იყო.
განვითარებულ ფეოდალურ ეპოქაში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს დედაქალაქი თბილისი დიდი, მაღალი კედლებითა და ციხე-კოშკებით დაცული, კეთილმოწყობილი, მდიდარი ქალაქი იყო. სწორედ ამ პერიოდში ხდება ქალაქის შემოსაზღვრული ტერიტორიის მნიშვნელოვანი გაფართოვება. საკმაოდ დიდი დასახლება გაჩნდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე ისნის (ავლაბრის) უბანში. აქვე, მეტეხთან, იყო მეფის სასახლე. ჩამოყალიბდა ფეოდალური თბილისის დამახასიათებელი სილუეტი: მდინარის მარჯვენა ნაპირზე ნარიყალას ციხესიმაგრე, მარცხენაზე – კლდის ციცაბო ქარაფზე –გალავნით შემოფარგლული მეფის სასახლე (არ არის შემორჩენილი) და მეტეხის ეკლესია.
ჟან შარდენის თვალით დანახული თბილისი, 1671
გვიანდელი ფეოდალური ხანის თბილისის არქიტექტურაზე შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ შემორჩენილი ჩანახატებით (ჟან შარდენი , ტურნეფორი) და ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი (1735) ქალაქის გეგმითა და აღწერით. XVII-XVIII საუკუნეებში თბილისი 4 ნაწილისაგან შედგებოდა:

1. სეიდაბადი ანუ "საკუთრივ ტფილისი" – ქალაქის უძველესი მინერალური წყლების რაიონი;

2. კალა – ქალაქის უმთავრესი ნაწილი; იგი შემოფარგლული იყო ციხე-გალავნით, რომელსაც 6 კარი ჰქონდა;

3. ისნის (ისანი, ავლაბარი) – მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასახლება;

4. გარეთუბანი – საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიროტია ქალაქის ზღუდის ჩრდილოეთით, ქალაქს გარს ერტყა (განსაკუთრებით სოლოლაკის უბანში) "წალკოტნი და სავარდენი".

ამ ხნის თბილისის გეგმარება ტიპურია შუა საუკუნეების ფეოდალური ქალაქისათვის –ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების ქსელი. ადმინისტრაციულმა და ფუნქციურმა ცენტრმა გადმოინაცვლა კალაში – მეფის მოედანზე (ახლენდელი ერეკლეII-ის მოედანი ) და სიონისა და ანჩისხატის შემაერთებელი ქუჩის გასწვრივ (ახლანდელი სიონის, ერეკლე II-ის და შავთელის ქუჩები). შეიძლება აღვადგინოთ ამ პერიოდის თბილისის ხუროთმოძღვრული სახე – მთელი განაშენიანება მდინარისკენ არის მიმართული– მის ნაპირებზეა მთავარი ეკლესიები, "მტკვარგადაკიდებით" ნაგები სასახლეების, ქარვასლების, ფერდობებზე ტერასებად შეფენილი "ქვითკირითა და გაჯით გალესილი" ერთსართულიანი ბანიანი სახლების ფასადები. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების შედეგად საერო ხასიათის ნაგებობებიდან არაფერი შემორჩა.

XIX საუკუნის დამდეგიდან თბილისი, როგორც უკვე ამიერკავკასიაში მეფის რუსეთის ხელისუფლების ადმინისტრაციული ცენტრი, სწრაფად ვითარდება და იზრდება. ამ პერიოდის თბილისის ოფიციალურ მშენებლობაში ინერგებოდა რუსეთის იმპერიაში იმ დროს გავრცელებული ე. წ. გვიანდელი რუსული კლასიციზმი. ამ ხანებში აშენებული ქარვასლებისა და აბანოების არქიტექტურაში (განსაკუთრებით ინტერიერში) კვლავ რჩება აღმოსავლეთის არქიტექტურის გავლენა. XIX საუკუნის 40-იანი წლებისთვის ყალიბდება ორ და სამსართულიანი ე. წ. თბილისური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა. მასში ორგანულად არის შერწყმული კლასიცისტური ფორმები, ელემენტები და ადგილობრივი ტრადიციები. კლიმატურ პირობებს ითვალისწინებს სახლის თითქმის მთელი ფასადის გასწვრივ მიშენებული ღრმა, მოხარატებული ხის აივანი, რომლის ფართობი ხშირად ჭარბობს ოთახების ფართობს.

XIX საუკუნის მიწურულში შეიმჩნევა "მოდერნის " მომძლავრება. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების გავლენით ძლიერდება აგრეთვე ინტერესი ქართული ისტორიული არქიტექტურისადმი – შენდება ,,ქართული სტილის" რამდენიმე საზოგადოებრივი და საცხოვრებელი სახლი: საუფლისწულო უწყების ღვინის სარდაფი (1876, არქიტ. ა. ოზეროვი; ახლანდ. ღვინის ქარხანა № 1), ქაშვეთის ახალი ეკლესია (1910, არქიტ. ლ. ბილფელდი), სათავადაზნაურო-საადგილმამულო (1916, არქიტ. ა. კალგინი, მხატვარი ჰ. ჰრინევსკი; ახლანდელი საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა ) და სხვა.

ძველი თბილისი
XIX საუკუნის თბილისი, ორსახა იანუსს ჰგავდა – ერთი სახით აზიას უყურებდა, მეორეთი კი ევროპას, ყველას ხიბლავდა თავისი კოლორიტით, რომელიც მის გარეგნულ სახეშიც გამოიხატებოდა და მის ყოფა-ცხოვრებაშიც. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისი და ასევე მთელი საქართველო უკვე იყო მოქცეული საერთო ევროპული განვითარების პროცესში. ევროპიდან შემოსულმა ახალმა წეს-ჩვეულებებმა, საცხოვრებლის ახლებურად გამართვის დამკვიდრებამ და სხვ. შეცვალა თვით ცხოვრების ნორმები, გემოვნება, მოთხოვნილებები; ის რაც ფაქტობრივად დაკავშირებულია არქიტექტურასთან. აღსანიშნავია, რომ ამ ევოლუციის პროცესში ძველი და ახალი არა მარტო უპირისპირდებოდა, არამედ ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს. ამის შედეგად თბილისის ყოფა-ცხოვრებაში ბევრი თავისებური, სრულიად სპეციფიკური, საგანგებოდ „თბილისური" არქიტექტურის ტიპი ჩამოყალიბდა, რასაც თბილისის გარეთ ვერსად შევხვდებოდით.

თბილისურმა არქიტექტურამ საკმაოდ აქტიური ასახვა ჰპოვა ცნობილ ქართველ პეიზაჟის ჟანრში მომუშავე მხატვრების შემოქმედებაში, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ელენე ახვლედიანია, იგი თბილისურ ლანდშაფტებსა და ძველი უბნების კოლორისტულ ასახვას ხშირად მიმართავს და სწორედ ამ ტიპური მახასიათებლების გადმოცემას ცდილობს.

თბილისი - მაიდანი, ელენე ახვლედიანი, 1927 წ.
ტრადიციულ არქიტექტურულ სტილში თანამედროვე ტენდენციების გაჩენა ბუნებრივი პროცესია, მაგრამ გარკვეული პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა კონკრეტული ქალაქი, ამ შემთხვევაში თბილისი, წარმოადგენს ისტორიულ ქალაქს, რომელშიც თავს იყრის უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ქალაქში, როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური სახის განვითარებისთვის გარდაუვალია თანამედროვე, მოდერნული ტენდენციის გაჩენა; მას ხშირ შემთხვევაში მასეკლეკტიზმს უწოდებენ და უმეტესად, უარყოფით კონტექსტში მოიაზრებენ. ნათქვამის საილუსტრაციოდ წარმოვიდგინოთ მეთორმეტე საუკუნის მეტეხის ღვთიმშობლის სახელობის ეკლესიიდან ხედი, რომლიდანაც რიყის პარკი კარგად იკითხება და ამ ორი სივრცის დაპირისპირებული კონტრასტი შესაძლოა მართებულიც იყოს, რადგან თანამედროვე ადამიანის მხატვრული ცნობიერება და მოთხოვნები მომავლისკენ მიილტვის.

ტრადიციისა და მოდერნის ურთიერთმიმართებისას ხშირად ისეც ხდება, რომ რაიმეს ე.წ. თანამედროვე ტენდენციის მიხედვით აგების სურვილი გადაწონის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა გათავლისწინება აუცილებელი პირობაა. შესაძლოა ნაგებობა, რომელიც ქალაქის ძველ, ტრადიციულ არქიტექტურულ სივრცეში მდებარეობს,­ საკმაოდ მიმზიდველი იყოს სხვა სივრცეში არსებობის შემთხვევაში, რადგან მისი მასშტაბებიდან ან ვიზუალიდან გამომდინარე შეუფერებელი იყოს იმ კონკრეტული ადგილისთვის. ასეთივე უარყოფით გავლენას იწვევს პოსტ-მოდერნის სამყაროში, შუა საუკუნეების ან რენესანსის ცუდი წაბაძვით აგებული შენობა, რომელიც გარკვეულ პრეტენზიას გამოთქვამს მნიშვნელოვნებაზე და ამ მნიშვნელობის ხაზგასასმელად ბაძავს ძველს, ეჭვშეუტანლად ფასეულს, იმ იმედით, რომ ძველის მიბაძვით მის ფასეულობაში ეჭვს არავინ შეიტანს.

,,ტრადიციისა და მოდერნის შესანიშნავ სინთეზს ემსახურება დავით კაკაბაძის შემოქმედება, იგი მოდერნისტია, რომელიც არ გაურბის წარსულს, პირიქით იგი იყენებს წარსულს და საკმაოდ საინტერესოდ ახდენს სივრცისა და კომპოზიციის ასიმილირების ილუსტრაციას"
აღსანიშნავია, მოდერნული ტიპის არქიტექტურის მახასიათებლები - მისი გარეგნული სიმსუბუქისა და მომხიბვლელობის მიღმა, ჩამალულია უახლესი კონსტრუქციული მიღწევები, ფუნქციონალურად გამართული ფორმები, თვისობრივად ახალი მიდგომა თანამედროვე ადამიანისთვის კომფორტის შექმნის კუთხით. გარდა ამისა, იგი არაორდინალურ აზროვნებას, ფანტაზიას, გემოვნებასა და არქიტექტურული ტრადიციის დახვეწილ ფლობას მოითხოვს. მისი ბუნება არტისტულ-პოეტური ელემენტების სიჭარბით ხასიათდება, რომელიც თავისთავად გამორიცხავს მზა ნიმუშების მექანიკურ გამეორებას და ითხოვს მხოლოდ შემოქმედებით იმპროვიზაციას.

ტრადიციისა და მოდერნის შესანიშნავ სინთეზს ემსახურება დავით კაკაბაძის შემოქმედება, იგი მოდერნისტია, რომელიც არ გაურბის წარსულს, პირიქით იგი იყენებს წარსულს და საკმაოდ საინტერესოდ ახდენს სივრცისა და კომპოზიციის ასიმილირების ილუსტაციას.

ცნება „თბილისური პეიზაჟი" თითქმის ყოველთვის ძველი თბილისის ქუჩებისა და აივნიანი სახლების ასოციაციას იწვევს და ყველასთვის ცნობილი სახვითი ხელოვნების ნიმუშებიც ამ მოსაზრებას ადასტურებენ.

იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვანი თავისი ეპოქის ერთგვარი მემატიანეა, უნდა მიჰყვებოდეს შინაგან აუცილებლობას და ასახავდეს რეალობას ყოველგვარი შელამაზებისა და შიშის გარეშე; შიშის რომელიც მას აიძულებს მექანიკურად გაიმეოროს უკვე არსებული ნამუშევრების ფორმა და შესაბამისად შინაარსიც, რომელიც დღევანდელობას სრულიად აცდენილია, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ხელოვანი ბუნებას უნდა ბაძავდეს, იმ გაგებით, რომ მისი ხელოვნება პრაქტიკულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მაგალითად: თუ იგი პორტრეტს ხატავს, ზედმიწევნით ზუსტად ასახოს პიროვნება. პირიქით თუ ხელოვანი მხოლოდ რაიმეს გარეგნულ ვიზუალიზაციას მოახდენს, ყოველგვარ შინაგან ენერგიას მოკლებულს, ამგვარ ხელოვნებას მომავალი არ გააჩნია, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში იგი მომავლის ჩანასახს ატარებს თავი თავში.

როდესაც მოდერნულობა სახვითი ხელოვნების ნიმუშების გარდა, უფრო ფართო სივრცეში ეძებს ადგილს თვითდამკვიდრებისთვის, მაგალითად ქალაქში, რომელშიც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, ამ დროს სხვა დატვირთვის მატარებლები ხდებიან. ისინი ჩვენს გარშემო ყოველდღიურად არსებობენ და მათ სანახავად მუზეუმში წასვლა არ გვიხდება, მითუმეტეს, რომ სამუზეუმო სივრცეებში, როგორც წესი, კონკრეტული ეპოქისა და მიმდინარეობის ნიმუშები ერთიანდებიან კონკრეტულად მათთვის განკუთვნილი სივრცის ქვეშ, ანუ არ ხდება მათი ერთმანეთში შერევა. სრულიად საპირისპირო თვისებებს ატარებს ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხადასხვა ეპოქისა და სტილის ნაგებობებს და ერთ ღია სივრცეში ათავსებს მათ.





,,ძველი თბილისი", დავით კაკაბაძე, 1944 წ.
სტატიის ავტორი:
თიკო თაბუაშვილი
მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი და სახვითი ხელოვნების მაგისტრი
Made on
Tilda