1921 წლის 13 ოქტომბერს ხელმოწერილი „ყარსის ხელშეკრულება"
(„თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობის ხელშეკრულება")
ოქტომბერი 2019
ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების პარალელურად არ წყდება ინტერესი და დეზინფორმაციის გავრცელებით სხვადასხვა იდეოლოგიური მანიპულაცია „ყარსის ხელშეკრულების" ირგვლივ, რომელიც საქართველოში იწვევს პატრიოტულ ემოციებით თამაშს და ცდილობს საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს. აღნიშნული ემსახურება მტრის ხატის შექმნას და სკეპტიკური სცენარების განვითარებას, იმ არგუმენტაციით, რომ ყარსის ხელშეკრულებაში არსებობს მუხლები, რომლის თანახმად თურქეთს აქვს უფლება აჭარის ტერიტორიაზე პრეტენზია გამოაცხადოს და რომ მას 2021 წელს ვადა გასდის. ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეიქმნას.
„ყარსის ხელშეკრულება" არის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა 1921 წლის 13 ოქტომბერს ქ. ყარსში ვალის რეზიდენციაში ერთი მხრივ სამხრეთ კავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებსა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და მეორე მხრივ თურქეთს (ანგორის მთავრობა) შორის ბოლშევიკური რუსეთის ჩართულობით. რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში. მოცემული ხელშეკრულების გადახედვა რამდენჯერმე განხორციელდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სულეიმან დემირელის საქართველოში ვიზიტის დროს ის ხელმეორედ იქნა აღიარებული მხარეთა მიერ და ორქვეყანას შორის დადგინდა (საქართველოს მხოლოდ თურქეთთან აქვს საზღვარი დემარკირებული) საზღვარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ასევე თურქეთმა საქართველო იმ საზღვრებში აღიარა, რომლითაც ის საბჭოთა კავშირში შედიოდა. ამდენად, ხელშეკრულებამ საერთაშორისო სამართლის ახალი სტატუსი შეიძინა.
3 დოკუმენტი, რომელიც ერთმანეთთან კვეთაშია

ა) მოსკოვის ხელშეკრულება

1921 წლის 16 მარტს მოსკოვს ეწვია თურქეთის დელეგაცია და ხელი მოეწერა „მოსკოვის ხელშეკრულებას"-"ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულება", რომლის მიხედვითაც დადგინდა ახალი საზღვრები თურქეთსა (TBMM-TÜRKİYE BÜYÜK MİLLET MECLİSİ) და საბჭოთა რუსეთს შორის.

მოსკოვში ხელმოწერილი 16 მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია მოცემული. ცნებაში "თურქეთი" იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრა ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის "ეროვნული აღთქმით". შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ: "თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ

1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება;

2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად".

მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ კრემლი მათზე ზეწოლას მოახდენდა .

პრაქტიკულად, „ყარსის ხელშეკრულების" პირობებიც „მოსკოვის ხელშეკრულების" პრინციპების გაგრძელებაა.

„მოსკოვის ხელშეკრულების" პირობები თურქეთს ავალდებულებდა მანამდე მიღებული სულთან მეჰმედ VI-ის 1918 წლის 15 აგვისტოს გამოცემული რესკრიპტის და „ბრესტ-ლიტოვსკის" პირობები შეეცვალა და ბათუმის ოლქი თურქეთის გავლენის სფეროს მიღმა ეღიარებინა. ამ მიზნით 1921 წლის 22 მაისს TBMM-მ ახალი კანონი შეიმუშავა და 1922 წლის 7 ივლისს რესკრიპტით განსაზღვრული ბათუმის ოლქი, რომელიც თურქეთის შემადგენლობაში მოიაზრებოდა აღიარებულ იქნა თურქეთის სიუზერენიტეტის მიღმა. „მოსკოვის ხელშეკრულება" დღეს მოქმედი დოკუმენტია, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის ურთერთობებს ადგენს და გაფორმების თარიღი თურქეთში ოფიციალურ დონეზე აღინიშნება.
ბ) ე.წ. ეროვნული აღთქმა [1] (Misak-ı Millî) - 1920 წლის 28 იანვარს ოსმალეთის პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა.

გ) „ყარსის ხელშეკრულება" - 1921 წლის 13 ოქტომბერის ხელშეკრულება.

მოლაპარაკების თემას წარმოადგენდა სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხები და პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები. ოფიციალურად რუსეთი დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო და ხელი მოაწერა შეთანხმებას. ერთი მხრივ სამხრეთ კავკასიის სამი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი და მეორე მხრივ თურქეთი წარმოადგენს მხარეებს ამ ხელშეკრულებაში.

შესაძლებელია აღნშნული ხელშეკრულების შემდეგნაირი გაანალიზება, კერძოდ ორივე მხარემ აღიარა ფაქტობრივი რეალობა - საქართველო დე-ფაქტოდ ცნობდა ართვინისა და არტაანის ოლქებს თურქეთის შემადგენლობაში, ხოლო თურქეთი აღიარებდა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სუვერენიტეტს აჭარაზე, იმ პირობით, რომ საქართველო უზრუნველყოფდა აჭარის ავტორნომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების, მათ შორის რელიგიურ - კულტურული უფლებების დაცვა (მე-6 მუხლი).

აღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ მანამდე გაფორმებული ყველა ხელშეკრულების ბათილად ცნობა გარდა 1921 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებისა, რომელიც საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს შორის გაფრომდა (1-ელი მუხლი). შესაბამისად ყარსის ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო იძულებული იყო შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მოქმედი ორი დიდი სახელმწიფოს ინტერესები გაეთვალისწინებინა.

მართალია „ყარსის ხელშეკრულებით" თურქეთს ხელმომწერი მხარეები „ეროვნული აღთქმის" დოკუმენტით განსაზღვრულ საზღვრებში სცნობენ (მე-2 მუხლი), თუმცა მე-4 მუხლით თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი დეტალურადაა აღწერილი დღევანდელი მოცემულობის შესაბამისად და მე-6 მუხლი „ეროვნული აღთქმის" პრინციპის საწინააღმდეგოდ აზუსტებს, რომ ბათუმის ოლქის სიუზერენიტეტი საქართველოს გადაეცემა. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სკეპტიკოსები ხაზს უსვამენ დღესაც მოქმედი დოკუმენტის „ეროვნული აღთქმის" მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც ბათუმის ოლქი თურქეთის შემადგენლობაში მიიჩნევა, თუმცა „ყარსის ხელშეკრულების" მე-6 მუხლი ამ დებულებას აბათილებს.
1] Misak-ı Millî-დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია შემდეგი მუხლები:
• ეროვნული საზღვრების შიგნით სახელმწიფო ერთიანია
• ოკუპირებული არაბული მიწების სამომავლო ბედი ადგილობრივი ხალხის გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს
• ყარსის, არტაანის და ბათუმის მომავლის განსაზღვრა ადგილობრივი მოსახლეობის რეფერენდუმით უნდა განისაზღვროს
• დასავლეთ თრაკიის მომავალი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს
• სტამბოლისა და მარმარილოს ზღვის უსაფრთხოება თუ იქნება უზრუნველყოფილი, შესაძლებელი გახდება თავისუფალი სავაჭრო ზონის უზრუნველყოფა სრუტეებზე
• უმცირესობების უფლებების დაცვის ხარისხი დამოკიდებული იქნება მეზობელ სახელმწიფოებში მუსლიმი უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის ხარისხზე
• პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი განვითარების შემაფერხებელი კაპიტულაცია მიუღებელია
https://bilgibirikimi.net/2012/03/05/misak-i-milli-nedir-misak-i-milli-ne-zaman-ilan-edildi-onemi-nedir/
მე-6 მუხლი:

"თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ

1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება;

2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად".

როგორც ვხედავთ „ყარსის ხელშეკრულების" მიხედვით თურქეთს არ გააჩნია შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი რაიმე ფორმით გამოაცხადოს პოლიტიკური პრეტენზია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, მეტიც მას არ აქვს აღებული მოცემული ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობა.

20 მუხლიან დოკუმენტში არსადაა საუბარი ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით და ის დამოკიდებულია ურთიერთშეთანხმებაზე მხარეთა შორის. ამდენად მანიპულაცია, რომ 100 წლის თავზე ვადა ეწურება შეთანხმებას არგუმენტს მოკლებულია. რთულია წინასწარ განსაზღვრო სახელმწიფოთა ინტერესები ცვალებად გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, თუმცა საქართველო - თურქეთს შორის მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების და გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, სტატუს-კვოს შენარჩუნება უფრო მეტად მნიშვნელოვანია მხარეთათვის ვიდრე არასამართლებრივი ქმედებები, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს. ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 76 მოქმედ ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს არეგულირებს.

თურქეთი ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია ნატოში ინტეგრაციისა და გაწევრიანების გზაზე.
თურქეთ - საქართველოს შორის ხელმოწერილი ყარსის
ხელშეკრულების ისტორიული და პოლიტიკური
საფუძვლები
ზაზა მიქელაძე
საბაკალავრო ნაშრომი სოციალურ მეცნიერებებში
ზაზა მიქელაძე
"სამოქალაქო დარბაზის" თანადამფუძნებელი. საერთაშორისო ურთიერთობების ბაკლავრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Made on
Tilda