აღნიშნული კრებულის დანიშნულება ჩანს მის შემდგენელთა
წინასიტყვაობაში, სადაც ვკითხულობთ, რომ ,,ამ პიროვნებებმა საქართველოს
საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში განუზომელი წვლილი
შეიტანეს, საკუთარი ცხოვრებით აჩვენეს კათოლიკური ფასეულობები და
მემკვიდრეობად დაგვიტოვეს საკუთარი მაგალითები, რომლებიც
გვაგულიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ ცვლილებათა გმირები
ვიყოთ. მაშ, გავეცნოთ ამ ადამიანთა მეობას, საქმეებს და დანატოვარს, რათა
სიღრმისეულად შევიცნოთ საკუთარი ვინაობა, გავითავისოთ ჩვენი ადგილი ამ
საზოგადოებაში და ჩვენს რეალობაში გამოვიყენოთ მათგან მიღებული
შთაგონება". ამ კრებულის მეშვეობით გავიაზრებთ, თუ რას ნიშნავს, იყო
ქართველი კათოლიკე და აქტიურად მონაწილეობდე ამ საზოგადოების
განვითარებაში. მართლაც, ,,ჩვენი კათოლიკე წინაპრები" არის გზავნილი ამ
ქვეყნის კათოლიკეებისათვის, პირველ რიგში ახალგაზრდებისათვის, იმის
შესახებ, თუ რა შთაგონებას უნდა მიმართონ აწმყოსა და მომავალში.
კრებული გამოჩენილ კათოლიკე (საერო) პიროვნებათა უბრალო
ბიოგრაფიები როდია; მისი სათქმელი გაცილებით მეტია - ის ეხება პიროვნულ
განცდებსა და გამოცდილებებს, საუკეთესო მეგობრობის დიდებულ ამბებს,
ადამიანურ დახმარებას და გვერდში დგომას, შესაშურ პიროვნულ
თავმდაბლობას, სხვებზე ზრუნვას და თავგანწირვას. ამასთანავე, ამ
პიროვნებათა ისტორიები, ხშირ შემთხვევაში, ტრაგიზმითაა სავსე. ამგვარი
გაორებული ყოფა მთლიანად ქართული კათოლიკობის მახასიათებელი
შტრიხია - მის მიერ განვლილი გმირული და რთული გზა სავსეა
წინააღმდეგობებით, ბრძოლით და ვარამით.
როდესაც ამ დიდებულ პიროვნებებზე მსჯელობენ, თითქმის ყოველთვის
მხოლოდ მათ ნამოღვაწარზე, დამსახურებასა და დანატოვარზე ამახვილებენ
ყურადღებას; მაგრამ არავინ ინტერესდება, რა ამოძრავებდა ამ ადამიანებს, რა
იყო მათი დაუღალავი შრომის მოტივები, რა კავშირი ჰქონდათ საკუთარ
კათოლიკურ რწმენასა და ეკლესიასთან. სწორედ ხედვის ამგვარად
შემობრუნების ამოცანას ემსახურება აღნიშნული კრებული. ,,ჩვენი კათოლიკე
წინაპრები" მიზნად ისახავს, აჩვენოს ამ კათოლიკე პიროვნებათა ღრმა
სულიერ-მორალური ფასეულობები და მათი მაგალითებით შთააგონოს
დღევანდელი თაობა, რათა ღირსეულად და უშიშრად შეეძლოთ თქმა: ,,მე
ქართველი კათოლიკე ვარ! მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ამ
საზოგადოებას ვუძღვნი თავს!"
ირაკლი ჯავახიშვილი
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი
კონსტანტინე აკოფაშვილი
თეოლოგიის მაგისტრი
საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის მდივანი