ალბანეთის სამეფოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, მეზობელი ივერიისა და სომხეთის მსგავსად, IV საუკუნეში გამოცხადდა რანთა მეფის, ურნაირის, მიერ. ალბანელთა დიდი ნაწილი მონოფიზიტები იყვნენ, თუმცა დროდადრო დიოფიზიტობაზე გადასვლის მცდელობებიც ჰქონდათ. ქართველთა და სომეხთა მსგავსად, ალბანელებსაც გააჩნდათ თავიანთი მონასტრები წმინდა მიწაზე, ხოლო მეოცე საუკუნის მიწურულს სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს უძველეს მონასტერში, შემთხვევით აღმოაჩინეს კავკასიურ ალბანურ ენაზე დაწერილი ქრისტიანული ლექციონარი, რომელიც, ქართველი ენათმეცნიერის, ზაზა ალექსიძის, მოსაზრებით, შესაძლოა, ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი ქრისტიანული ლექციონარი იყოს.
რანთა ყველაზე გამორჩეული მონარქი მიჰრანიდთა საგვარეულოს ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი, ჯუანშერი, გახლდათ. მან განამტკიცა ალბანელთა საზღვრები, ააშენა და აღადგინა ტაძრები და სიმაგრეები, დაიცვა თავისი სამეფო ხაზარების ამაოხრებელი შემოსევებისგან, თავი დააღწია ირანის პოლიტიკურ გავლენას და მოკავშირედ მეზობელი ივერია და ბიზანტიის იმპერია გაიხადა. სამოცს გადაცილებული მეფე მმართველობის მიწურულს იძულებული გახდა, არაბთა ბატონობა ეღიარებინა, რის შემდეგაც ის მალევე თავისივე თავადების ნაწილის შეთქმულებას ემსხვერპლა. VII საუკუნის ბოლოს მოღვაწე ჯუანშერის გარდაცვალების შემდეგ ალბანელთა სამეფო შეუქცევად დაცემას იწყებს. საუკუნეების განმავლობაში ჯერ ხაზარების მიერ არაერთხელ აოხრებულმა, შავი ჭირის გავრცელების არეალად ქცეულმა და შემდეგ არაბთა ბატონობის ქვეშ მოქცეულმა ალბანეთმა წნეხს ვეღარ გაუძლო და ჩამოიშალა. გაუქმდა ალბანეთის, ჩორისა და ლფინის საკათალიკოსოც და ის, არაბების დახმარებით, სომხეთის ეკლესიამ დაიმორჩილა. მოსახლეობის ნაწილმა ისლამზე მოქცევა დაიწყო, ნაწილი სომხებთან და მეზობელ ქართველებთან ასიმილირდა, ხოლო კიდევ უფრო დიდი ნაწილი XI საუკუნეში ამ მიწებზე ჩასახლებულ თურქულ ტომებს შეერწყა.