,,პაიდეას" 5 კითხვა: კონსტანტინე აკოფაშვილი
რუბრიკის სტუმარია საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის მდივანი


1. გვიამბეთ საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის საქმიანობის შესახებ და თქვენი როლის შესახებ ამ საქმიანობაში:

მინდა დავიწყო პაპ ფრანცისკეს ცნობილი გამონათქვამით: "ახალგაზრდებო, თქვენ ხართ ეკლესიის აწმყო". ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, რომ დიდი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებისთვის; დახმარებოდა მათ არა მარტო სულიერ ზრდაში, არამედ ყველა იმ სხვადასხვა სფეროში, რომელიც აუცილებელია პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

რაც შეეხება ჩვენ ცენტრს, 2018 წელს საქართველოში მოეწყო ახალგაზრდული სინოდი, ერთად შეიკრიბა ყველა სამრევლოს ახალგაზრდა წამომადგენელი სერიოზული საკითხების განსახილველად და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოსაძებნად. ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ საჭირო იყო კონკრეტული და ეფექტური სტრუქტურის შექმნა, რომელიც დაკავდებოდა ახალგაზრდებზე ზრუნვით. შეძლებდა მათი პრობლემების მოსმენას და აღმოფხვრას; ურთიერთობების დამყარებას ყველა იმ ორგანიზაციასთან, სადაც საჭირო იყო ახალგაზრდების ჩართულობა. (თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეკლესიაში 2018 წლამდეც იყო სხვადასხვა სახის კომისია, რომლებიც მსგავს საკითხზე მუშაობდნენ).

ამავე წლის დეკემბერში მეუფე ჯუზეპე პაზოტოს ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი. ამ საქმეში დიდი როლი ითამაშეს მღვდლებმა და მონაზვნებმა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ დიდ საქმეში.

ჩვენი საქმიანობის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა შევეცდები მოკლედ და ლაკონურად მოგახსენოთ.

დასაწყისში ყველაფერი კვლევით დავიწყეთ, (ეს ტრადიციაა, რომელსაც ყოველ წელს ვიმეორებთ) - შევისწავლეთ ყველა ჩვენი სამრევლო, ადგილობრივი თემი, გამოვარკვიეთ ყველა ის პრობლემა, რომლებიც აწუხებთ ახალგაზრდებს (განსაკუთრებით პერიფერიებში). შემდეგ კი დავიწყეთ კონკრეტული და მიზანმიმართული საქმიანობა.

ჩვენი საქმიანობა კი ასეთია: ვგეგმავთ ბანაკებს, ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებას, ექსკურსიებს, კონკურსებს, ტრენინგებს, და სხვა.

ასევე ვცდილობთ, რომ კავშირი დავამყაროთ ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც დაკავებული არიან ახალგაზრდების განვითარებით - როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ მოკლე პერიოდში შევძელით კარგი მეგობრების შეძენა, რომლებიც დიდ დახმარებას გვიწევენ ჩვენ საქმიანობაში.

დღეს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელია სალელთა ორდენის მონაზონი, და ვერონიკა ოჰარ, რომელიც დიდ შრომას დებს ცენტრის განვითარებაში. ახალგაზრდული ცენტრის განვითარებასა და წინსვლაში დიდ როლს თამაშობენ ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროექტებში, ტექსტების თარგმანში, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რისთვისაც მათ მიმართ ჩემი მადლიერება უსაზღვროა. რაც შემეხება მე, ჩემი პასუხისმგებლობის სფეროა სოციალური მედია, კავშირების დამყარება სამრევლოებთან, ორგანიზაციებთან, ფონდების ძიება, ლოჯისტიკური საკითხები და სხვა.







კონსტანტინე აკოფაშვილი
2. რა არის მთავარი გამოწვევები თქვენ საქმიანობაში და რა გამოწვევების წინაშე დგას ქართველ კათოლიკეთა თემი?

რაც შეეხება გამოწვევებს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. შევეცდები მთავარ გამოწვევებზე გავამახვილო ყურადღება. ალბათ, პირველი გამოწვევა ჩვენ და მართმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობაა, იმ "მიუღებლობის'' გადაუჭრელი პრობლემა, რომელსაც ქართველი კათოლიკეები განიცდიან, ხშირად ქართველების კათოლიკობა დიდ აგრესიას იწვევეს, რაც სამწუხაროდ, აისახება ჩვენ მრევლზე. აბა, როდია ადვილი, სულ ყურში რომ ჩაგჩიჩინებენ "ქართველი მართლმადიდებელი უნდა იყოსო!!! '' ალბათ იცით, რომ საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს კათოლიკე ეკლესიის ნათლობას, ამას კი ხშირად მოსდევს გადანათვლის ფაქტები. საზოგადოება ხშირ შემთხვევაში დიდ ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდებზე. ამიტომ, უკვე შეინიშნება მათი სიმცირე - განსაკუთრებით, რამდენიმე რაიონში.

სკოლები და უნივერსიტეტები - ესენია ადგილები, სადაც არც თუ ისე იშვიათად ხდება კათოლიკეეებზე სხვადასხვა სახის ზეწოლა. (ზუსტად ერთი კვირის წინ ვიყავი კახეთში, სადაც მრევლის წევრებმა მითხრეს თუ როგორი ზიზღის ენით საუბრობენ მასწავლებლები სკოლაში კათოლიკეებზე). სამწუხაროდ, შიშის გამო ბევრი ფაქტი რჩება დამალული.

და ბოლოს, მთვარ გამოწვევად დღემდე რჩება ინკულტურაცია - ფალიაშვილის, მელიქიშვილის, თამარაშვილის და სხვა მრავალთა შთამომავლებს დღეს გვიწევს იმის მტკიცება, რომ ქართველი კათოლიკე არაფრით არის ნაკლები სხვაზე.



3. რა განწყობებს აწყდებით ყველაზე ხშირად ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა კათოლიკეებთან მუშაობისას?
სხვადასხვა განწყობა გვხვდება ახალგაზრდებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სხვადასხვა პრობლემის ფონზე ახალაგაზრდები მაინც მოტივირებულად და ენერგიულად არიან ჩართულები საეკლესო ცხოვრებაში, ხშირად გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას, რაშიც დიდ მხარდაჭერას იღებენ ადგილობრივი მოძღვრისგან და ჩვენი ცენტრისგან.

თუმცა ასევე შესამჩნევია პესიმიზმი, რომელიც განპირობებულია ყველა იმ გამოწვევით, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მახსოვს რამდენიმე ახალგაზრდის მოწყენილი სახე და სიტყვები, რომლებიც არსდროს დამავიწყდება:,,ჩვენ ისე ცოტანი დავრჩით..."



4. რა იქნებოდა თქვენი მთავარი გზავნილი ქართული საზოგადოებისადმი თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე?

კათოლიკე ეკლესია საქართველოში, მართალია, მცირე ზომის თემია, თუმცა მისი სიდიადე იმ საქმეებშია, რომლებსაც ის ემსახურება. დავიწყოთ მოძღვრებით - რომლებიც აგრძელებენ გვარამაძის, თამარაშვილის, თარხნიშვილის მსგავსად მუხლჩაუხრელად მუშაობას, ერთი მხრივ, ადამიანთა სულის ხსნისათვის და, მეორ მხრივ, მათი განათლებისა და განვითარებისათვის.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი - რომელიც კათოლიკე ეკლესიამ დააფუძნა, რათა დახმარებოდა ახალგაზრდებს კარგი და ხარისხიანი განათლების მიღებაში. ასევე, ის უზრუნველყოფს მათ განათლებას ევროპის სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ უნივერსიტეტში.

საქველმოქმედო ფონდი კარიტასი, რომელიც მთლიანად დაკავებულია სოციალური პასუხისმგებლობით და ახორციელებს მრავალ პროექტს, რათა შეუმსუბუქოს ცხოვრება იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

სხვადასხვა საბერმონაზვნო ორდენი - რომლებიც ზრუნავენ ბავშვებზე, შშმ პირებზე, ხანდაზმულებზე და სხვა.

და ჩვენი ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც ძალიან პატარაა ყველა იმ დიდ ორგანიზაციასთან შედარებით, რომელიც მრავალი ათეული წელია ემსახურება საქართველოს.

ეს კი მხოლოდ მცირედი მიმოხილვაა იმ ყველაფრისა რასაც კათოლიკე ეკლესია აკეთებს საქართველოში.

ყველაფერ ზემოთ თქმულში, რა თქმა უნდა, ჩართულები არიან ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ აკეთონ საქმე ეკლესიისა და ჩვენი სახელმწიფოსათვის.

გზავნილი კი ერთია: მოდით, უბრალოდ ერთმანეთზე ვიზრუნოთ! განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, მათ სულიერ ზრდაზე, განათლებასა და მათ წარმატებაზე!



5. მომავლის ხედვა: რისი გაკეთეება საჭირო თქვენი საქმიანობის მიმართულებით და რას აპირებთ?

პანდემიის გამო მოგვიწია მრავალი გეგმის და პროექტის სახეცვლილება, თუმცა შევძელით დაგვეწყო რამდენიმე კარგი პროექტის განხორციელება. 2021 წლის საუკეთესო პროექტად კათოლიკე ლიდერების სკოლას ჩავთვლიდი - ამ სკოლაში მონაწილეობენ ახალგაზრდები სხვადასხვა სამრევლოდან, ტრენინგებს უძღვებიან ადგილობრივი და უცხოელი ტრენერები, მთავარი მიზანი ახალგაზრდების ქრისტიან ლიდერებად გაზრდაა! ასევე გველის ბევრი ღონისძიება მთელი წლის განმავლობაში.

ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტი კრეატიული და მოტივირებული ახალგაზრდის ჩართვა ჩვენი ცენტრის საქმიანობაში. ასევე სამუშაო გვაქვს ურთიერთობის მიმართულებით, უფრო მეტი კავშირი და მეტი ღონისძიება, რათა ჩვენი არსებობის შესახებ ადამიანების უფრო დიდმა წრემ შეიტყოს.

დასასრულს, მინდა პასუხი გავცე ხშირად დასმულ კითხვას, რომელიც ჩვენ სახელს და საქმიანობას უკავშირდება - ,,საქართველოს კათოლკე ახალგაზრდების ცენტრი" მარტო კათოლიკეებისთვის მუშაობთ?" ჩვენი მთავარი სამიზნე ჯგუფი, რა თქმა უნდა, კათოლიკე ახალგაზრდები არიან (მთელი საქართველოს მასშტაბით), თუმცა ჩვენ მიერ განხორციელებულ ბანაკებში, კონკურსებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა ყველას შეუძლია. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!




Made on
Tilda