ვახო ჩიკვაიძე
კანონი ერთია თუ სულერთი?
არსებობს ასეთი გამონათქვამი – „კანონი იმისთვისაა, რომ დაარღვიო". რატომღაც მგონია, რომ ამას ის ხალხი ამბობს, ვინც თავისი წარსულში ჩადენილი ან მომავალში დაგეგმილი უკანონო ქმედების გამართლების გზებს ეძებს.

არც ამ გამონათქვამის წარმომავლობის ვიცი რაიმე და არც მის პათოსს ვეთანხმები.

ჩემთვის კანონი კანონია და ის მხოლოდ ორი სახის არსებობს:

1 – რომელიც თანაბრად მიეკუთვნება დაწერილ და დაუწერელ კანონთა რიცხვს.

2 – რომელიც მხოლოდ დაწერილ კანონთა ჯგუფში შედის.

პირველი ნაწილი ისეთი კანონებისგან შედგება, რომელიც ყველასთვის ისედაც ნათელია. ნათელია მათი დარღვევის შედეგებიც.

- ავტომობილით წითელზე არ უნდა გაიარო!
- გაძარცვავ? დააყაჩაღებ? მოიპარავ? მოკლავ? დაისჯები!
- დაუზიანე? უნდა გაუკეთო!
- დაპირდები? უნდა შეუსრულო;
- დააშავებ? ბოდიში უნდა მოიხადო და ა.შ
~
მეორე ჯგუფში შემავალი კანონები კი თუ არ იცი, ისე "შემოგერღვევა", რომ ვერც მიხვდები. პრობლემა ისაა, რომ რომც იცოდე ჩვენს ქვეყანაში მათი დარღვევისთვის ხან დაისჯები, ხან - არა.

ეგ როგორ? როგორ და ასე, მარტივად. თავს ვერ დავდებ, რომ სხვა ქვეყნებშიც ასეა, მაგრამ ჩვენთან - გააჩნია რა გავლენები გაქვს შენ, შენს ნათესავს, ნათესავის ახლობელს, ან თუნდაც მეგობრის მამიდას. გააჩნია რა ხასიათზეა კანონმდებელი. გააჩნია, როდის მიიღეს კანონი, გააჩნია, სად მუშაობ, ვის უჭერ მხარს, რა ფორმით, ვის დავალებებს ასრულებ და ასე უსასრულოდ. ანუ, ქართული კანონი, ყველას ერთნაირად არ სთხოვს პასუხს. ქართული კანონი, ყველასთვის ერთი არ არის.

იურისტად მე ვერ გამოვდგები, მაგრამ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი – თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ეს კანონი, სახელმწიფო მოხელეების და მათთან გათანაბრებული პირების გარდა, იმათზეც ვრცელდება, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.

- მე მაინტერესებს, თქვენ თუ გინახავთ დაბურულ მინებიანი ავტომობილის ოპერ-მუშაკი მძღოლი, რომელსაც უბრალოდ საცობში დგომა მობეზრდა და ამის გამო გადაკვეთა ორი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო ზოლზე, შეაფერხა იქიდან მომავალი ავტომობილები, გაიარა წითელზე და ბედად ზებრა გადასასვლელზე ბავშვიან ქალს სანტიმეტრებით ასცდა. კი ხომ? ბევრი ხომ? და ასეთი ოპერ-მუშაკი ამის გამო დასჯილი თუ გინახავთ? სამწუხაროდ, არც მე - არადა 332-ე მუხლს ეს ადამიანი დღეში რამდენჯერმე არღვევს და არღვევს ზუსტად იმიტომ, რომ იცის – ამის გამო მას არავინ დასჯის. ჟარგონულად რომ ვთქვათ - "გასდის". არღვევს იმიტომ, რომ ფიქრობს, ძალაუფლება აქვს და წარმოიდგინეთ, მას რომ მართლა მისცე ძალაუფლება..


20 ივნისის აქციების დროს, ბედნიერსახიანი პოლიციელი რომ უმიზნებდა ჟურნალისტს იარაღს ხომ გახსოვთ? წინა ხელისუფლების დროინდელი აქციებიც ხომ გახსოვთ? მაშინ ისიც გემახსოვრებათ, ვინ და როგორ "დაისაჯა". ალბათ არც თუ ისე ბევრია ქვეყანა, სადაც აქციაზე მდგარს თვალს ამოგთხრიან და დაზარალებულად მაინც არ ჩაითვლები.
გავაგრძელოთ.

2015 წლის 15 იანვრიდან ძალაშია "ნარჩენების მართვის კოდექსი".

ამ კოდექსის მიხედვით, გარემოს დაბინძურებაზე ფულადი ჯარიმები 50-დან 5000 ლარამდე მერყეობს. მისი ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით: ავტოტრანსპორტიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანების შემთხვევაში მძღოლი ჯარიმდება 120 ლარით.

- მე მაინტერესებს, თქვენ თუ გინახავთ მძღოლი ან მგზავრი, რომელიც სიგარეტის ნამწვავს ან კოლოფს, ხელსახოცს ან ცელოფნის პარკს, პირდაპირ მანქანიდან ისვრის ძირს, ასფალტზე, კი ხომ? ბევრი ხომ? და ასეთი ადამიანი ამის გამო დასჯილი თუ გინახავთ? სამწუხაროდ, არც მე, არადა მალე 4 წელი გავა ამ კოდექსის ამოქმედებიდან. დასჯილი კი იმიტომ არ გვინახავს, რომ არ არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც მსგავს ფაქტებს გააკონტროლებს და გამოიძიებს. უფრო სწორედ არსებობს, იატაკქვეშ, რომელიც მხოლოდ მსხვილ, 5000 ლარიან დარღვევებს ააშკარავებს. ანუ, გვაქვს კანონი, თუმცა მისი დარღვევა ხან ისჯება – ხან არა.
~
დაახლოებით 2 წლის წინ შემუშავდა კანონი, რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიციას დაევალა მავნე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილის მძღოლების დაჯარიმება. კანონის რამდენიმეჯერ დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იყო ფულადი ჯარიმა, ბოლოს კი მძღოლი მართვის მოწმობის გარეშე რჩებოდა. ამ კანონის ამოქმედებიდან 24 საათიც არ იყო გასული, როდესაც შარტავაზე მიმავალმა ყვითელმა ეგრეთწოდებულმა "მარშუტკამ" გამჭვარტლა შავზე შავი გამონაბოლქვით. ნაცნობი სიტუაციაა, ხომ? იქვე მდგომმა პატრულმა ჩემს კითხვაზე თუ რატომ არ აჯარიმებდა მძღოლს მიპასუხა, რომ არ ჰქონდა შესაბამისი ხელსაწყო, რომლითაც გაზომავდა და დაუმტკიცებდა მძღოლს, რომ გამონაბოლქვი საზიანო იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ამ პატრულის თანამშრომელმაც ძალიან გარკვევით დავინახეთ შავი ბოლის სქელი ფენა. ანუ, გვაქვს კანონი, ვხედავთ მის დამრღვევს, თვითონ დამრღვევმაც იცის, რომ დამნაშავეა, მაგრამ ამას იურიდიულად ვერ ვუმტკიცებთ. შესაბამისად კანონდამრღვევი არხეინად აგრძელებს უკანონო ქმედებას ყოველ წამს, კანონმდებელი კი არაფერს აკეთებს.

უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩამონათვალი, მაგრამ ორიოდე სიტყვა კანონმდებლებზეც ვთქვათ.

ხანდახან მგონია, რომ მთავრობას "კრეატივშიკების" გარკვეული ჯგუფი ყავს დაქირავებული, რომელთა ტვინიც 24/7 ზე მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გააუმჯობესოს ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა ყოველდღიურობა და იგონებს ისეთ გენიალურ კანონებს, როგორებიცაა:

- საპენსიო რეფორმა (რომელიც სავალდებულოა და არავინ მეკითხება, მინდა მე ეს თუ არა), რომელიც მეუბნება, რომ, ჩემს შემთხვევაში, შემდეგი 35 წლის განმავლობაში ჩემ მიერვე პატიოსნად გამომუშავებული თითოეული ლარიდან 4 პროცენტს წამართმევს, სამაგიეროდ, როდესაც 65 წლის გავხდები 2 პროცენტით მეტს დამიბრუნებს უკან.

არც ეკონომისტად ან ფინანსისტად გამოვდგები, მაგრამ ლარის კურსს თუ შევხედავთ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ სერიოზულად გვატყუებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ვიღაცამ ფულის კეთების იოლი გზა მონახა და ჩვენ მიერ გადახდილ ისედაც მსხვილ გადასახადებს, ვითომ უმნიშვნელო, თუმცა მისთვის საკმაოდ მსუყე შემოსავალი დაამატა.
ხანდახან, გინდა ადამიანს იფიქრო განვითარებაზე, სწავლაზე, ახალ შესაძლებლობებზე ან თუნდაც მაღალ მატერიებზე და იმის მაგივრად, ქვეყნის მთავრობა თუნდაც ნაწილობრივ გეხმარებოდეს ამაში, პირიქით - გჭყლეტენ
შრომის უსაფრთხოების კანონი – კი ძალიან კარგია, აუცილებელიც კი, მაგრამ იცით, რა შედის ერთი პატარა ოფისის უსაფრთხოებაში?

გეტყვით:

"რამდენად ნიავდება შენობა და რამდენად კარგად ხდება ჰაერის ნაკადის მოძრაობა შიგნით" – ეს ჩემი სიტყვები არაა, გოგონამ მითხრა, რომელმაც აღნიშნული მომსახურება შემომთავაზა.

ის, რომ ეს ჰაერი დაბინძურებულია ამაზე კანონმდებელს პრობლემა არ აქვს, ცნობისთვის, არც იმაზე აქვს პრობლემა, ცეცხლმაქრი მექნება თუ არა ოფისში, ესეც იმავე გოგონას სიტყვებით. აღნიშნული შემოწმების გავლა სავალდებულოა წელიწადში ორჯერ და ერთჯერადად ღირს დაახლოებით 700 ლარი. არის მეორე ვარიანტი, აიყვანო შრომის უსაფრთხოების მენეჯერი სამსახურში და დაუნიშნო ხელფასი და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მსგავსი თანამდებობის მქონე პირს, კომპიუტერის და სამუშაო მაგიდის ნაცვლად, მახათი უნდა დაახვედრო გასართობად. თუ არ გსურს კომპანიაში დაამატო ეს პოზიცია, მაშინ მოგიწევს შენ თვითონ იარო "ტრენინგებზე" და შეითავსო უსაფრთხოების მენეჯერის მოვალეობებიც. ხო, "ტრენინგზე" დასწრება 1500 ლარამდე ღირს.

ხანდახან, გინდა ადამიანს იფიქრო განვითარებაზე, სწავლაზე, ახალ შესაძლებლობებზე ან თუნდაც მაღალ მატერიებზე და იმის მაგივრად, ქვეყნის მთავრობა თუნდაც ნაწილობრივ გეხმარებოდეს ამაში, პირიქით - გჭყლეტენ, გსრესენ, სუნთქვას არ გაცდიან, გთრგუნავენ და გავიწროებენ ყველა მხრიდან, მომღიმარი სახეებით.


დარწმუნებული ვარ, ყოველი ახლადმოფიქრებული კანონის უკან მხოლოდ ვიღაცის ან ვიღაცეების ჯიბის გასქელების სქემა დგას და მეტი არაფერი, ეს სქემები კი იმაზე მეტია, ვიდრე უსულო სხეულთა რიცხვი საქართველოს პარლამენტში.
სტატიის ავტორი:

ვახო ჩიკვაიძე
პროდუსერი, რეჟისორი და ჟურნალისტი

"სამოქალაქო დარბაზი"
Made on
Tilda