ფილმი მოგვითხრობს ერთ ქალაქზე, რომელიც თითქოს არაფრით განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. ის ერთგვარი მიკროსამყაროა; მაგალითი მთლიანად ქვეყნისა და არა ერთი რომელიმე ქალაქის. ქალაქში რამდენიმე ძალაუფლების ცენტრია: ნოშრევანი - შეძლებული, ფორმალური ძალაუფლების მქონე ქალაქის თავი, გეო - ქალაქის ყველაზე მდიდარი ვაჭარი და საპატიო მოქალაქე, რომელსაც ეს წოდება არც ინტელექტითა და არც შინაგანი კულტურით არ დაუმსახურებია, საპატიო მოქალაქეობა მან უბრალოდ იყიდა და, ბოლოს, ერთობ კომიკური ფიგურა - მღვდელი ამბროსი, რომლის ხელშიც ეკლესიას დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია. მას მუდმივად ეზარება თავისი მოვალეობის აღსრულება ღვთისა და მრევლის წინაშე. ასეთ პირობებში, ქალაქის ცხოვრება ბაზრობის, კუბოსა და დუქნის გარშემო ტრიალებს. ამ სივრცეში უსამართლობა, ზედაპირულობა და ბოროტება მეფობს. სწორედ ამ ბოროტებაზე საუბრობს ფილმის დასაწყისში მთხრობელი: ,,ზღაპარში ბოროტს ყოველთვის ამარცხებს კეთილი, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის ასე არ ხდება, ჩვენ შორის ისევ არის ბოროტება... ხალხის ოცნება და სურვილი კი სიკეთის დამკვიდრებაა." ამაზე პასუხად, კადრი გადადის მოქეიფე პოლიტიკურ ელიტაზე: ნოშრევანზე, გეოზე და მღვდელ ამბროსიზე, რომელიც მთხრობელის რეპლიკას ასე პასუხობს: ,,რა დროს ზღაპრებია?! შეგვარგე პურ-მარილი". ტრაპეზის კიდევ ერთი დამსწრე, ნოშრევანი კი ასე პასუხობს: ,,რა საქმე მაქვს მე ხალხთან?!". პარადოქსული ფრაზაა, რადგან, როგორც ქალაქის თავს, სწორედ ნოშრევანს უნდა ჰქონდეს ,,საქმე" ხალხთან.