,,პაიდეას 5 კითხვა" • რუბრიკის სტუმარი: მანანა ჯობავა
ჩვენი რუბრიკის სტუმარია ბერგჰოფის ფონდის ფასილიტატორი მანანა ჯობავა
1. გალის რაიონი:
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ გალში. აქედან გამომდინარე ძალიან დადებითი მოგონებები მაკავშირებს გალთან, მიუხედავად იმისა, რომ არსებული სიტუაცია არასდროს გამოირჩეოდა სიმშვიდითა და უზრუნველი ცხოვრებით. ალბათ, გამორჩეული მოგონებები ჩემი ბავშვობის წლების ორ ნათელ წერტილს უკავშირდება - ფორტეპიანოს პედაგოგს, ჯენეტი კორძაიას და ჩემს უფროს მეგობარს ნატო გვარამიას. მათ ცხოვრებისადმი დამოკიდებულებამ, რწმენებმა, გემოვნებამ, ფილოსოფიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნებასა და შემდგომ განვითარებაზე. სწორედ ამ მიზეზების გამო ასოცირდებიან ეს ადამიანები ჩემს გამორჩეულ მოგონებებთან გალში.
მანანა ჯობავა
2. აფხაზებთან მეგობრობაზე:
სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში არ მქონია შეხება აფხაზებთან. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც არ ვფლობ ინფორმაციას კონფლიქტის შესახებ, სახლში ქართულად მესაუბრებიან და დანარჩენ საქართველოში ვატარებ ყველა ზაფხულს. თუმცა გარკვეულ ეტაპზე ავანაზღაურე მათთან ურთიერთობის დანაკლისი. სკოლის ოლიმპიადებზე სოხუმში მიწევდა ყოფნა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული პროექტების ფარგლებში სხვადასხვა რაიონში ჩასვლა, ომის დროს დაკარგული ოჯახის აფხაზ ნათესავებთან კონტაქტის განახლება და ა.შ. თავიდან, საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო გამოწვევა იყო, რადგან ვაცნობიერებდი თუ რატომ არ მქონდა აქამდე მათთან შეხება, თუმცა საერთო საქმიდან და მიზნებიდან გამომდინარე ვმეგობრობდით და ვმეგობრობთ დღემდე.
3. ბერგჰოფის ფონდი და თქვენი როლი ამ ფონდში:
ბერგჰოფის ფონდი არის გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. აღნიშნული პროექტი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის ნაწილია, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრებას/გაანალიზებას შეეხება. პირველად 2016 წელს მოვხვდი შემთხვევით ერთ-ერთ ვორქშოფზე.

ჩემი შემდგომი დაინტერესება ისევ და ისევ გალის რაიონში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. თბილისში სასწავლებლად ჩამოსულმა აღმოვაჩინე, რომ უკან სახლში ჩასვლა სირთულეებს უკავშირდებოდა. შემდეგ უკვე პოლიტიკური და სოციალური თემების სიმწვავე დადგა და გაჩნდა კითხვა, თუ რატომ უწევთ ასეთ ყოფაში ცხოვრება ადამიანებს. უნდა ვაღიარო, რომ იქ დაბადებულს და გაზრდილს, წარმოდგენა არ მქონდა სად ვცხოვრობდი. ჩვენი ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენითა და ერთმანეთისთვის გაზიარებული ინფორმაციის წყალობით ძალიან ბევრ კითხვას ვუპასუხე. გასულ წელს გავხდი ფასილიტატორი და ვცდილობ ახლა სხვა მონაწილეების აზრი მოვისმინო. პროექტის და შემდეგ უკვე თითოეული ადამიანის მთავარი მოვალეობაც ეს არის - მოსმენა და გაანალიზება.
აფხაზეთი და სამურზაყანო 1899 წლის ერთ-ერთ რუკაზე
4. ქართულ-აფხაზური დიალოგი: არის თუ არა მზაობა სრულფასოვანი და საფუძვლიანი დიალოგის დასაწყებად?
მზაობა ცხადია არის, ადამიანებს სჭირდებათ და აკლიათ საუბარი; ერთმანეთის ტკივილის გაზიარება და ერთმანეთის სიმართლის დანახვაც. ციტატას მოვიყვან ერთ-ერთი ინტერვიუდან: „ყველას თავისი სიმართლე აქვს და ეს ყველამ იცის. თუმცა ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია". ჩემი აზრით დიალოგი არ უნდა იყოს აგებული მხარეების სიმართლეზე, ის უნდა იყოს აგებული ერთობლივ მიზნებსა და საჭიროებებზე. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. უბრალოდ, დროა საჭირო და დიალოგი.
5. რა იქნებოდა თქვენი მთავარი გზავნილი ქართული საზოგადოებისადმი, როცა საქმე ეხება ქართულ-აფხაზურ დიალოგს და კონფლიქტის ტრანსფორმაციას?
ყველაზე სწორი გზა საუბარია, ნაკლები სენტიმენტალიზმითა და ცივი გონებით. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს აფხაზების როგორც მეორე მხარის დანახვა, მათი როგორც ჩვეულებრივ ადამიანებად აღქმა. ისტორიის გადაფასებისა და დაშვებული შეცდომების გააზრების გარეშე სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყება შეუძლებელი მგონია.
Made on
Tilda