ალექსანდრე ქავთარაძე
ციკლოპების და დევების ციხე-ქალაქები: მეგალითები საქართველოში
ციკლოპური, იგივე მეგალითური, ნაგებობები - ასე მოიხსენიება ჩვენში ის უძველესი ციხე-ქალაქები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხვდება მნახველს და აოცებს თავისი მასშტაბურობით. ეს ნაგებობები არც ციკლოპებს აუგიათ და არც დევებს, მაგრამ მათი მოცულობა ხშირად მართლაც გასაოცარია. ძველად, ალბათ, სწორედ უზარმაზარ არსებებს თუ მიაწერდნენ ამ ციხეების თუ ქალაქების აგებას. ყველაზე მრავლად ასეთი ტიპის ნაგებობები ქვეყნის სამხრეთით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გვხვდება. როგორც ჩანს, საქართველოს სამხრეთი ნაწილი ოდითგანვე რეგიონში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში გახლდათ.
მანგლისიდან წალკისკენ მიმავალ გზას თუ დაადგებით, რამდენიმე კილომეტრში, მთავარი გზიდან მარცხნივ გადასახვევი შეგხვდებათ. სოფლის ოღროჩოღრო გზა ორ ულამაზეს ისტორიულ სოფელთან ჩაგიყვანთ. აქვეა აღმართული საშუალო ზომის ქვის სვეტი, რომელსაც შეიძლება ისე ჩაუაროთ, რომ ყურადღება არც მიაქციოთ, თუმცა ის ისტორიული მნიშვნელობისაა. ოდესღაც, ოსმალთა მიერ საქართველოს სამხრეთი რეგიონების მიერთებისას სწორედ აქ გადიოდა ოსმალური საქართველოსა და ქვეყნის დანარჩენი ნაწილის საზღვარი. ეს ქვის სვეტიც ამის აღსანიშნად აღმართეს. ქვის სვეტის მარცხნივ - ახალსოფელია, ხოლო მარჯვნივ, ანუ იქ სადაც ოდესღაც ოსმალების პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა, ბედენის ქედის ძირში, ტყის პირას, სოფელი გოხნარია გაშენებული. გოხნარიცა და მის გვერდით მდებარე ახალსოფელიც თავის დროზე მოსახლეობისგან დაცარიელებულა და XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძის ინიციატივით ამ დაცლილ უძველეს სოფლებში მთიულები ჩამოუსახლებიათ.
მისტიკური ტყე: გოხნარის ლოდოვანისკენ მიმავალი გზა
ორივე სოფელში შუა საუკუნეებში აგებული მეტად საინტერესო ეკლესიები, ხოლო ზოგ შემთხვევაში მხოლოდ მათი ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ ამ გზაზე სულ სხვა მიზნით წამოვიყვანე მკითხველი. სოფელი გოხნარის მაღლა, ბედენის ქედისკენ თუ დაიძრებით, პატარა მდინარეს - ბზისწყალს გადაკვეთთ და ტყეშიაც არ დაიკარგებით, სულ რაღაც სამიოდე კილომეტრში მიადგებით უჩვეულო ვულკანური წარმოშობის ქვების გროვას. მართლაც უცნაური სანახავია ტყის შუაგულში, ლამის ჯუნგლების მსგავსი ფლორით ალყაშემორტყმული, გოხნარის ლოდოვანი (ამ ადგილს სოფლის მკვიდრები ლოდიანს ან ლოდოვანს ეძახიან). ერთი შეხედვით შეიძლება ერთად თავმყორილი უზარმაზარი ქვის ლოდები განსაკუთრებულ მოვლენად სულაც არ მოგეჩვენოთ, სანამ არ გაიაზრებთ, რომ თქვენ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ერთ-ერთ უძველეს ნამოსახლარში იმყოფებით. ადრეული ბრინჯაოს ხანის (საშუალოდ 5,000-6,000 წლის წინანდელი) ამ ქალაქის მთავარი ქუჩები ლოდების ქვემოთ გვირაბების ქსელებით უკავშირდებოდა ერთმანეთს. შეგეძლოთ ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე გვირაბში ჩასულიყავით და ქალაქის ზედა ნაწილში ამოსულიყავით. ნამოსახლარის ზემოთა ნაწილში მდებარეობს ქვის სვეტი, რომელიც ან ფალოსური ან სულაც რაიმე თევზის მაგვარი არსების მსგავსი რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლო გახლდათ ადგილობრივებისთვის (წყლის ბინადრების ფორმებს მიმსგავსებული მსგავსი ქვის სვეტები მრავლად იქნა აღმოჩენილი მთელს რეგიონში; მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანში). სავარაუდოდ, იქვე სახლობდნენ ქურუმებიც და ამ ჩვენთვის უცნობი თემის სხვა ბელადებიც და იქვე სწირავდნენ თავიანთ უცნაურ ღმერთებს მსხვერპლსაც. შესაძლოა, მსხვერპლად ხშირად ადამიანებსაც სწირავდნენ.



ათასწლეულების წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სხვადასხვა ტომის გაერთიანების შედეგად ეთნოსები და სამეფოები წარმოიქმნებოდნენ, გოხნარის მსგავსი ციკლოპური ციხეები თუ ნამოსახლარები მთელ სამხრეთ საქართველოში შენდებოდა. მოგვიანებით ამ ნაგებობებით აღტაცებული ხალხი მათ დევების ან ძველი გმირების ნამოსახლარებს უწოდებს. ასეთი ციხეები და ნამოსახლარებია: შაორი (სამცხე-ჯავახეთი), პატარა აბული (იქვე), ჩხიკვთა მეგალითი (ქვემო ქართლი) და სხვა. უცნობია ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი ერთმანეთთან ამ ადგილებში მოსახლე ხალხს, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ გოხნარის ტყეში მოსახლე ტომს საერთოდ არ სცოდნოდა პატარა აბულის მთაზე მოსახლე ხალხის შესახებ. რას უკავშირდება ასეთი ტიპის ნაგებობები ან რამ გამოიწვია მათი მასობრივი თავმოყრა ქვეყნის სწორედ ამ ნაწილში? ამ კუთხით საინტერესო ცნობებს გვაწვდის XIX საუკუნეში თბილისში დაბადებული სომეხი მეცნიერი ლეონ მელიქსეთ-ბეგი რეგიონის მეგალითებზე დაწერილ ნაშრომში. ის გვიამბობს, რომ ძველ სომხურში ასეთ ციხეებსა თუ ნამოსახლარებს ერასტული (სავარაუდოდ, ურარტული) ნაგებობები ეწოდებოდა. მართალია, ურარტუს სამეფო მეგალითების შექმნის პერიოდთან შედარებით გვიან წარმოიშვა (დაახლოებით ძვ.წ. IX საუკუნეში), თუმცა აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ მისი ტერიტორიები დაახლოებით დღევანდელ სამცხე-ჯავახეთსაც მოიცავდა. შესაძლოა, რომ რამდენიმე ათასი წლით ადრე რეგიონში გამოჩენილ ურარტუელ ტომებს რაიმე გავლენა ჰქონდათ მსგავსი ნაგებობების აღმართვასთან, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.
პატარა აბულის მთის წვერზე გაშენებული ციკლოპური ციხე


,,ბედენის ყორღანული კულტურა გაცილებით დიდი, თრიალეთის, კულტურის ნაწილი იყო. მტკვარ-არაქსის კულტურის შემდეგ ის ადრეული ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კულტურაა მთელ რეგიონში"


გოხნარის კულტურა მოულოდნელად გაქრა და ის გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომმა ბედენის კულტურამ ჩაანაცვლა. უცნობია, გოხნარის ლოდოვანის მოსახლეთა ბედი. შეიძლება ბედენის ქედისკენ მიმავალმა ახალმა ტომებმა ისინი ძალმომრეობით დაიმორჩილეს ან სულაც გაანადგურეს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომელიმე გოხნარელი ტყვე, რომელიც ვარსკვლავებითა და მთვარით აკიაფებული ღამის ცის ცქერით დაღლილი, ზოგჯერ სევდიანად ქვემოთ გადაიხედებოდა, სადაც ნაცნობი ტყე და მასში ჩაკარგული ძველი სამოსახლო ეგულებოდა. ბედენის ყორღანული კულტურა გაცილებით დიდი, თრიალეთის, კულტურის ნაწილი იყო. მტკვარ-არაქსის კულტურის შემდეგ ის ადრეული ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კულტურაა მთელ რეგიონში.









ალექსანდრე ქავთარაძე
,,სამოქალაქო დარბაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი
ისტორიკოსი და კულტურის კვლევების დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
Made on
Tilda