მ. მიხეილ თამარაშვილი დაიბადა ახალციხეში (რაბათში), 1858 წლის სექტემბერში. მ. მიხეილი დიდი ოჯახის მეცხრე წევრი იყო. როგორც ყველაზე გონებამახვილი ძმებში, თავდაპირველად სწავლაში გამოსცადეს მშობლებმა. ის სასწავლებლად მიაბარეს მღვდელსა და საზოგადო მოღვაწეს, მ. ივანე გვარამაძეს. თამარაშვილი მართლაც გამორჩეული და უნიჭიერესი ყმაწვილი იყო, მისი ნიჭიერება და მიზანსწრაფულობა თავიდანვე დაინახა გვარამაძემ და საგანგებოდ დაუწყო მზადება. 1878 წლის ბოლოს ოცი წლის მიხეილმა გადაწყვიტა, სწავლა გაეგრძელებინა კონსტანტინეპოლში, ქართველი კათოლიკე მოძღვრის პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ სასწავლებელში შესულიყო და ბერად აღკვეცილიყო. სასწავლებელში სწავლა ქართულად მიმდინარეობდა. საფუძვლიანად ისწავლებოდა ფრანგული, ლათინური. სამწლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მიხეილი თავისუფლად ფლობდა უცხო ენებს. კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა ძმობამ მ. მიხეილი ესპანეთში გააგზავნა (1881) სწავლის გასაგრძელებლად. მან აქაც გამოიჩინა თავი საკუთარი ნიჭით. 1883 წელს დაასრულა სწავლა, დაბრუნდა კონსტანტინეპოლს და მიიღო მღვდლად კურთხევა. "ნიჭიერს და შრომის მოყვარე მიხეილს არ აკმაყოფილებდა მიღებული ცოდნა, უნდოდა სწავლა გაეგრძელებინა". პეტრე ხარისჭირაშვილმა ანგარიში გაუწია მის სურვილს და ძმობის ნებით და ხარჯით გაისტუმრა პარიზში სწავლის გასაგრძელებლად. დახმარების წყალობით მ. მიხეილი სასწავლებლად პარიზში ლაზარეს სასწავლებელში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ "პარიზის სამეცნიერო ცხოვრების გაცნობამ მამა მიხეილ თამარაშვილზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. პარიზის მუზეუმებში, წიგნსაცავებსა და არქივებში მიიღო მან მომავალი მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის პირველი ნათლობა".
1888 წელს დაასრულა სწავლა პარიზში, დაბრუნდა კონსტანტინეპოლში, იქიდან კი საქართველოსკენ აიღო გეზი. "ის ჩამოვიდა საქართველოში, ვითარცა მომზადებული მოლაშქრე და გაჩერდა ქალაქ თბილისში." თბილისში ჩამოსვლისთანავე იგი ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა. ეკლესიაში მამა მიხეილმა თავისებური განაწესი შემოიღო. ყოველი საზოგადო წირვისა და ლოცვის დროს, ეკლესიის კათედრიდან მრევლს ეროვნულ პატრიოტულ ფურცლებს ახსენებდა და სიმტკიცისა და ერთობისაკენ მოუწოდებდა.