ალექსანდრე ქავთარაძე
მრავალფეროვნების გაკვეთილები საქართველოს ისტორიიდან
სტატია ეძღვნება 2018 წელს ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლული ვიტალი საფაროვის ხსოვნას
,,ვახტანგ გორგასალი სპარსელი იყო?" - გაკვირვებით აღმოხდა ჩემს ერთ მეგობარს რამდენიმე წლის წინ, ამ თემაზე საუბრისას. მე ის უფრო გამიკვირდა, რომ მას გაუკვირდა, თუმცა მერე კარგად დავფიქრდი და გაკვირვებამაც გადამიარა. საიდან უნდა სცოდნოდა მას, რომ თავად ვახტანგის სახელში (ვარანგ-ხუასრო-თანგი) ჩანს მისი ხოსროიდული წარმოშობა მამის მხრიდან ან რომ დედამისიც კავკასიის ალბანეთის სპარსული წარმოშობის მმართველის ასული იყო?! ან საიდან უნდა სცოდნოდა, რომ თამარ მეფე დედით ოსი იყო ან დავით აღმაშენებლის ვაჟი და ,,შენ ხარ ვენახის" ავტორი დემეტრე I - ნახევრად სომეხი?! ან საიდან უნდა ვიცოდეთ ეს ყოველივე ჩვენ?! განა ყველასთვის სავალდებულოა „ქართლის ცხოვრების" წაკითხვა?!
ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია გაჯერებულია ამგვარი ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური მრავალფეროვნებით, არ ისწავლება არც სკოლაში, დიდად არც უნივერსიტეტებში და არც სხვა მსგავს დაწესებულებებში. ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც მრავალფეროვნების იდეა ეტაპობრივად იდევნებოდა ჩვენი საზოგადოებრივი სივრციდან, რითაც მახინჯდებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაც. ჩვენ დღემდე გვთავაზობენ მონოეთნიკურ თუ მონორელიგიურ კულტურულ მემკივდრეობას და, შესაბამისად, საქართველოს ალტერნატიულ ისტორიას, რითაც მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ უმციროსებებს კი არ აკნინებენ, არამედ თავად ჩვენს ქვეყანასაც.

უძველესი ხანიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქმნიდნენ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები. მეფეებზე საუბრით დავიწყეთ და უნდა ვახსენოთ, რომ ივერიის პირველი მეფე დედით სპარსელი იყო, ხოლო პირველი დედოფალი და ფარნავაზის მეუღლე - დურძუკი (ვაინახების, ჩეჩენ-ინგუშების, წინაპრები) ქალი. სამეფო დინასტიებსა და ქორწინებებსაც თუ გადავხედავთ, ეს მრავალფეროვნება კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება: ფარნავაზიანები პართიული წარმოშობის სომეხმა არშაკუნიანებმა (არშაკიდებმა) ჩაანაცვლეს; შემდეგ სპარსელი მიჰრანიდები (ხოსროიდები) გამოჩნდნენ; და ბოლოს - ბაგრატიონები, რომლებიც თავს იუდას ტომის ებრაელებად თვლიდნენ. ბაგრატიონების წარმოშობის ებრაული ან სომხური (ბაგრატუნები სომხურ მიწებსაც მართავდნენ და, ერთ-ერთი ვერსიით, ქართველი ბაგრატიონებიც მათი განშტოება იყვნენ) წარმოშობის თეორიები გვერდით რომ გადავდოთ და სულაც მათი ქართველური წარმოშობის დავიჯეროთ (ბივრიტიანთა გვარიდან), მაინც მოგვიწევს იმ გარემოებისთვის თვალის გასწორება, რომ ჩვენი მონარქები, ძირითადად, სწორედ სხვა ეთნოსის წარმომადგენლებზე ქორწინდებოდნენ: ოსებზე, ყივჩაღებზე, სომხებზე, ბერძნებზე, თურქებზე და ა.შ.


ვარანგ-ხუასრო-თანგი (ვახტანგ გორგასალი)
დაკარგული ფრესკა სვეტიცხოვლიდან. გადმოღებულია 1840 წელს.
შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰყოლია ეთნიკურად თავიდან ბოლომდე ქართველი მონარქი. მეტიც, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით და, მათ შორის, ერეკლე მეფის შვილიშვილის, იოანე ბატონიშვილის ფეოდალთა გვარების წარმოშობაზე დაწერილი წიგნის მიხედვით, ჩვენ ვგებულობთ, რომ თავად-აზნაურთა აბსოლუტური უმრავლესობაც უცხოური წარმოშობისა იყვნენ: ორბელიანები (ჩინეთი), ამილახვრები (რომის იმპერია), ფალავანდიშვილები (სომხეთიდან გადმოსული პართიელები), თუმანიშვილები (სომხები), გაბაშვილები (სპარსელები) და ა.შ.

ის, რომ წარჩინებულ გვართა დიდი ნაწილი სწორედ სხვა ეთნიკური წარმოშობისანი იყვნენ იმდენად ცნობილი ფაქტი იყო, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ქომაგი, სერ ოლივერ უორდროპი, XIX საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, სხვა გვარებთან ერთად, საუბრობს ანდრონიკაშვილების ბერძნულ წარმოშობაზე. XIX-XX საუკუნეების გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, ზაქარია ჭიჭინაძე კი, ქართველ ებრაელთა მდიდარი ისტორიის გადმოცემისას, წერს თავად ციციშვილთა ებრაულ წარმოშობაზე, რასაც იოანე ბატონიშვილის წიგნიც გვიდასტურებს.
სერ ოლივერ უორდროპი ჩოხაში
წმ. იოანე ზედაზნელი - ასურელ მამათა წინამღძოლი (მიხეილ საბინინი, 1882 წ.)
საქართველოს სამეფოს გამოჩენილ მებრძოლთა და მხედარმთავართა სიაც დახუნძლულია სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებით: თამარ მეფის მეუღლე, დავით სოსლანი, ალანთა მეფის შვილი, სულაც რომ ნახევრად ბაგრატიონი ყოფილიყო, როგორც ამას ზოგიერთი ქართველი მეცნიერი ამტკიცებს, მაინც ოსურ სამეფო დინასტიასთან შერწყმული გახლდათ; მხარგრძელები გასომხებული ქურთები იყვნენ, ხოლო ბორჩალოელ თურქ მებრძოლთა განსაკუთრებული ერთგულება ერეკლე მეფისადმი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.

შეგვიძლია, ისტორიული მრავალფეროვნების მაგალითად მოვიყვანოთ წმინდანთა დასიც: კაბადოკიელი წმ. ნინო, სომეხი წმ. შუშანიკი, სპარსელი წმინდანები: რაჟდენი და ევსტათი, არაბი წმ. აბო თბილელი, ქართული სამონასტრო ცხოვრების ფუძემდებელი ასურელი მამები, ოსი წმ. ნიკოლოზ დვალი და სხვები. დეკანოზი იოსებ ზეთეიშვილი მის 1989 წლის სტატიაში - ,,აბოს გმირობა და იოვანე საბანისძის ღვაწლი" - სწორედ ამ წმინდანებზე წერს: ,,მათი სახელები ყველაზე საპატიო ადგილზეა ქართულ პანთეონში".



,,დავითი და მისი ვაჟი, დემეტრე I, მეჩეთების ხშირი სტუმრები იყვნენ, ლოცვებსაც ბოლომდე ესწრებოდნენ, სამლოცველოებს კისაჩუქრებსა და შესაწირს უტოვებდნენ. მათი შთამომავალი ლაშა-გიორგი კი სულაც ისლამის სუფიური მიმდინარეობით იყო გატაცებული".
რადგან რელიგიას მივადექით, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული მრავალფეროვნების პანთეონში გამორჩეული ადგილი უჭირავს რელიგიური მრავალფეორვნების ისტორიასაც. როგორც წესი, ზაქარია ფალიაშვილსა და პეტრე მელიქიშვილს ისე ვახსენებთ, რომ მათ კათოლიკეობაზე კრინტსაც არ ვძრავთ. კათოლიკური მონასტრის არსებობა ჯერ კიდევ თამარის ასულის, რუსუდანის, მმართველობის დროს, დედოფლისა და რომის პაპის მიმოწერით, დასტურდება. უფრო შორეულ წარსულზე, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე საუბრისას კი, ხშირად ვივიწყებთ ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმების მიმართ მის დამოკიდებულებას, რომელსაც შესანიშნავად აღგვიწერენ არაბი ისტორიკოსები (ალ-ფარიკი და ალ-ჰამავი). იმის გარდა, რომ აღმაშენებელმა, თბილისის აღების შემდეგ გამოცემული კანონებისა და წესების მიხედვით, მუსლიმთა მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოავლინა, ამავე ისტორიკოსების ცნობებით, ის ისლამური თეოლოგიის უბადლო მცოდნეც ყოფილა. ალ-ფარიკი გვიამბობს, რომ დავითი და მისი ვაჟი, დემეტრე I, მეჩეთების ხშირი სტუმრები იყვნენ, ლოცვებსაც ბოლომდე ესწრებოდნენ, სამლოცველოებს კი საჩუქრებსა და შესაწირს უტოვებდნენ. მათი შთამომავალი ლაშა-გიორგი კი სულაც ისლამის სუფიური მიმდინარეობით იყო გატაცებული.



ხშირად საუბრობენ გორგასლის გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ შედგენილი მისი ანდერძის შესახებ, რომლითაც ის მოუწოდებს თავის ოჯახსა და ქვეშევრდომებს, რომ მათ არ ეღალატათ ქრისტესრწმენისთვის. ამბობენ, რომ თითქოს ამით ვახტანგ გორგასალმა სამუდამოდ გააიგივა ქართველობა ქრისტიანობასთან. ამ ანდერძის უფრო ყურადღებით წაკითხვისას ადვილია მისი პოლიტიკური კონოტაციების შემჩნევაც. შუა საუკუნეებში შედგენილ ანდერძში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ სიტყვებს: ,,ბერძენთა სიყვარულს ნუ დაუტევებთ" - საუბარია აღმოსავლეთ რომის იმპერიაზე (იგივე ბიზანტიაზე). ეს სიტყვები ვახტანგ გორგასლის ანდერძს უფრო მეტ ნათელს ჰფენს, რადგან ირანელებთან მებრძოლი და თავად სპარსული წარმოშობის მეფე მისი ქვეშევრდომებისთვის ანტი-ირანული და პრო-ბიზანტიური კურსის გარშემო გამაერთიანებელ ბოძად ეთნიკურ გზავნილს ვერ დატოვებდა. ამიტომ რჩებოდა ბიზანტიელებთან დაკავშირებული სხვა გამაერთიანებელი ფაქტორი - ქრისტიანული სარწმუნოება.

ამ კუთხით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ერთი მარტივი ამბის გააზრება, რომ სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრობა არ აკნინებს ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქის ქართველობას. ამ თემაზე საუბრისას, უნდა მოვიყვანოთ ზაალ ქიქოძის სიტყვებიც: ,,ქართველები იყვნენ წარმართებიც, ზოროასტრიზმის მიმდევარნიც, ქრისტიანებიც, მუსლიმანებიც, არიან კრიშნაიტებიც, ბუდისტებიც, ათეისტებიცა და კომუნისტებიც". შესაბამისად, თუ ჩვენ არ ვაკნინებთ ჩვენს წარმართ წინაპართა როლს ამ ქვეყნის ისტორიაში, არ გვაქვს უფლება დავაკნინოთ არც სხვა რელიგიათა წარმომადგენლების როლი წარსულსა თუ აწმყოში.

ზაალ ქიქოძე
არქეოლოგი, მთამსვლელი, ფოტოგრაფი და XX საუკუნის გამორჩეული საზოგადო მოღვაწე
ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებაზე საუბრისას, ისტორიული მაგალითებით შესაძლოა, კიდევ მრავალი გვერდი შეივსოს. მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების ფარგლებში ამ მნიშვნელოვან დეტალებზე ყურადღების გამახვილება, აგრეთვე, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური, სიღრმისეული და არა ზედაპირული მიდგომა ამ საკითხისადმი, რადგან ქართული მრავალფეროვანების ისტორია უბრალო ტოლერანტობის ანუ განსხვავებულთა ამტანობის ისტორია არ არის. საქართველოს მრავალფეროვანება მისი საგანძური და სიძლიერეა. ის მაშინ იყო ძლიერი, როდესაც ამ მრავალფეროვნებით იყო გაჟღენთილი და არ ცდილობდა მის მიჩქმალვას ან მხოლოდ ირიბად წარმოჩენას. ჩვენი ქვეყნის ალტერნატიული ისტორიიდან მისი რეალური ისტორიის შესწავლასა და გავრცელებაზე უნდა გადავიდეთ. სხვაგვარად, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ უგზო-უკვლოდ ხეტიალს ჩვენი თვითმყოფადობის ძიებაში, ამ გზაზე კი ვერც ჩვენს თავს ვუშველით და ვერც რეგიონულ ცვლილებებში ჩავებმებით სრული დატვირთვით.
სტატიის ავტორი:
ალექსანდრე ქავთარაძე
,,სამოქალაქო დარბაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კულტურის კვლევების დარგში
Made on
Tilda