1. ხულოს მთავარი გამოწვევები:
ხულო მაღალმთიანი აჭარის ჩემთვის გამორჩეული მუნიციპალიტეტია, სადაც ძალიან მშრომელი და თავდაუზოგავი ადამიანები ცხოვრობენ. შეუძლებელიც კია სხვაგვარად იყოს, რადგან დიდი ჯაფის გაწევაა საჭირო, რომ არჩინო რამდენიმე თაობისგან შემდგარი დიდი ოჯახი, გამოიმუშავო ლუკმა პური და დააგროვო მცირეოდენი მატერიალური რესურსი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად. მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობითა და სოფლისმეურნეობით ირჩენდა თავს, თუმცა ეს კულტურა მცირდება თანდათან რადგანაც აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული პროდუქტის რეალიზების შესაძლებლობა არ არსებობს ადგილზე, ხოლო ბათუმში მის ტრანსპორტირებას თავისი ხარჯი აქვს, რაც მისაღები მოგება მინიმუმამდე დაყავს. ეს გარემოება ხულოს მოსახლეობის შრომითუნარიან ნაწილს ძირითადად ახალგაზრდებსა და ჩემი მშობლების თაობას აიძულებს წავიდნენ ბათუმში, იქ იმუშაონ არასტაბილურ სამსახურში, მაგალითად მშენებლობაზე, რესტონრებში, სადაც გაწეულ შრომასთან შედარებით მიზერული ხელფასს იღებენ. პანდემიის დაწყებამდე კი ეს ადამიანები ძირითადად თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ, ამიტომაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ხულოში თუ გაივლიდით მხოლოდ ბავშვებსა და მოხუცებს შეხვდებოდით. პანდემიამ კი ეს შესაძლებლობაც წაართვა ხალხს, რამაც უფრო დაამძიმა როგორც ხულოს ისე აჭარის დანარჩენი ნაწილის მოსახლეობის ცხოვრების პირობები.
ხულოელების ყოველდღიურობა პანდემიის გარდა შუახევჰესმაც დაამძიმა, მათი აზრით მოსავლიანიბის , სასმელი წყლის ნაკადების გაქრობა და შემცირება, ფუტკარის რამდენიმე ოჯახში განადგურება სწორედ ჰესთანაა პირდაპირ დაკავშირებული.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობა. ხულოში მოსახლეობა იღებს მხოლოდ პირველადი და აუცილბელი სამედიცონო დახმარების სერვისებს. არ არსებობს ყველა სახის საჭირო ტექნიკა და ძალიან მცირეა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ამიტომაც, მათ ვისაც აქვთ ფინანსური შესაძლებლობა სერვისის მისაღებად მიდის ბათუმში ან თურქეთში, ხოლო ვისაც არ აქვს რჩება ბედის ანაბარა. ამასთან, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია სახელმწიფო უფასო სერვისების შესახებ, თუმცა ვისაც უსარგებლია ისინი ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილონი არიან ხარისხით და ნდობა აქვთ დაკარგული ამ სერვისების მიმართ.
გარდა ამისა, ძალიან სუსტია ხულოს მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. სოფლებში თითქმის არ ტარდება დასახლების საერთო კრებები, ძალიან მცირეა მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირებაში, თითქმის არ არსებობს ახალგაზრდებისთვის მხარდამჭერი პროგრამები, როცა ამის უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პრობლემურია განათლების ხარსისხი და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ნაკლებობა, განსაკუთრებით ხულოს სოფლებში. ამ შემთხვევაში ძირითადი პრობლემა ის არის რომ სოფლებში არ აარსებობს უცხო ენისა და სხვა სპეციფიკური საგნების პედაგოგების ადამიანისეული რესურსი, რის გამოც რამდენიმე საგანს ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის. არაფორმალური განათლება კი თითქმის ხელმიუწვდომელია მათთვის.
ცალკე მინდა გამოვყო ქალთა წინაშე არსებული გამოწვევბი. ქალების აბსოლუტური უმრავლესობა არასდროს ყოფილა სოფლის კრებაზე, რომელიც იშვიათად მაგრამ მაინც ტარდება, სადაც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. სამწუხაროდ, მამაკაცებთან შედარებით მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო ნაკლებია. ქალების შრომა თითქმის არ არის გადანაწილებული ოჯახის სხვა წევრებზე და ისინი მძიმე შრომით პირობებში არიან ჩართულნი. საშინაო საქმეებს (ბავშვების აღზრდა, ასაკოვანი ოჯახის წევრების მოვლა, სახლის დალაგება, საჭმლის გაკეთება და ა.შ) ძირითადად ქალები ახორციელებენ. გარდა ამისა, ისინი ჩართული არიან საგარეო საქმეშიც - ბოსტანი , ბაღჩა, ბოსელი, სათიბი თუ სათესი მიწების მოვლა. მათი დღე იწყება დილით ადრე და სრულდება გვიან საღამოს, შესვენების დრო კი თითქმის არ რჩებათ.