მხოლოდ შეშლილთათვის

"ტრამალის მგელი"

მათე სარალიშვილი
ჰერმან ჰესეს - „ტრამალის მგელის" ავტორის თქმით, ყველაზე არასწორად გაგებული ტექსტია მისი ნაშრომებიდან. ეს ნაშრომი, მთავარი გმირის გაზეთში დაწერილი სტატიის მსგავსად, მწერლის მეგობრებისგან, კრიტიკოსებისგან და მკითხველის დიდი ნაწილისგან დაწუნებულ იქნა. რა სირთულეებს შეიძლება ატარებდეს ეს ნაწარმოები და რის გამოა ის ასეთი რთული გასაგები?
~
„შენს სხეულში უფრო მეტი გონიერებაა, ვიდრე შენს უკეთეს სიბრძნეში." „შენი თვით დასცინის შენს „მე"-ს და მის ამაყ ნახტომთ."
მთავარი პერსონაჟი, მგელკაცი ჰარი ჰალერი ერთი უცნაური კაცია, რომელსაც დიდი სიყვარული აკავშირებს სიბრძნესთან და მარტოობასთან. მისი „გაორება", რომელიც შემდგომში უფრო ღრმა დანიშნულებას იძენს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს დასაწყისში, არამხოლოდ ცხოველური ინსტიქტების და რაციონალური უნარების ბრძოლაა, არამედ პიროვნული თვისებების, სამყაროს აღქმის, ემოციური უწონასწორობის და საბოლოოდ სამყაროს მიღმა, ადამიანს მიღმა დარჩენილი, მიტოვებული არსის ცვალებადობის დამაბნეველი მოცემულობა. ჰარი ჰალერს ფაუსტსაც კი ადარებენ ხოლმე, მაგრამ ჰესეს ტექსტებში სიტყვა „ზეკაცი" არსად ჟღერს. მას არ მოსწონს სიტყვა „მე". თითქოს, ის ნიცშეს მხარეს დგება და „მე"-ს მიწიერ, ილუზიურ და მერყევ მდგომარეობას დასცინის. „შენს სხეულში უფრო მეტი გონიერებაა, ვიდრე შენს უკეთეს სიბრძნეში." „შენი თვით დასცინის შენს „მე"-ს და მის ამაყ ნახტომთ." (ნიცშე, 2016)

~
მისთვის საზიაროა ის აზრი, რომ ტანჯვა აუცილებელი პირობაა პიროვნული ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ეს არ არის ხელოვნურად გამოწვეული ტანჯვა. ჰალერს ის იშვიათი ურთიერთობა აქვს საკუთარ სხეულთან, რომელიც მის ფარულ, მანკიერ თვისებებს ანახებს და ართულებს ამ ცხოველსა და ადამიანს შორის რაიმე შეთანხმების მიღწევას. ცხოველი ცდილობს ყველანაირი მოცემულობა: დრო, სამსახური, მორჩილება და მიკუთვნებულობა მოშალოს. ადამიანი კი აიძულებს გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს და დალაგებულ, ორგანიზებულ სამყაროს სთავაზობს ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც იმ დროისთვის დიდი აღმოჩენა იყო. მაგალითად, რადიო, რომელიც გენიალური ნაწარმოებების იმდენადვე მარტივად დამტევია, რამდენადაც დილის ამინდის პროგნოზის გამოცხადების და შეუძლია ერთი და იმავე ჟღერადობა გაავრცელოს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ჰერმანისთვის ადამიანისგან შემოთავაზებული მიწიერი სიამოვნებები ბიურგერულ ტკბობასთან ასოცირდება. ბიურგერები ცეკვავენ, მღერიან, სვამენ და ახერხებენ დატკბნენ წამით, როცა მათ შემყურე ტრამალის მგლები სიცოცხლეს სასოწარკვეთილები ებღაუჭებიან და ცდილობენ შეკავშირდნენ შეუცნობელთან. ჰარიმ იცის, რომ ადამიანი მიწისთვისაა შექმნილი და ზოგი არც კი გაცურავს, სანამ არ შეეძლება ცურვა. მაგრამ როგორ შეძლებს ცურვას, თუ არ გაცურა? რა თქმა უნდა, ბევრი არ გაცურავს, რადგან ადამიანი ცხოვრებისთვისაა და არა ფიქრისთვის და ის ვინც ბევრს ფიქრობს ერთხელაც ჩაიძირება, რადგან წყალს და მიწას ვეღარ განასხვავებს. (ჰესე, 2016) ჰარი ხვდება, რომ არ უნდა იფიქროს, რადგან ჩაიძირება, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს დაშორდეს ფიქრებს მით უფრო მეტად უახლოვდება მათ და ისინი არამარტო ფიქრებად იქცევიან, არამედ ნაწილი ხდებიან სინამდვილისა.

არსებობს იდეა, თუკი ადამიანს რამე სძულს სხვაში, ის სინამდვილეში ამჟღავნებს სიძულვილს იმისადმი, რაც უკვე არსებობს საკუთარ თავში. ამის კარგი გამოვლინებაა ჰარის ძველ ნაცნობთან ოჯახში სტუმრობა. კაცთან, რომელიც მოხიბლულია ჰალერის განათლებით, ჰყავს ცოლი და ოთახში აქვს გოეთეს სურათი, რომელიც სტუმრის კრიტიკის საგანი ხდება. ჰალერს აღიზიანებს ნახატზე გამოკვეთილი გოეთეს ქედმაღლური, დამცინავი გამოხედვა. გოეთეს ხელოვნებას ნაზიარები სტუმრისთვის მიუღებელია ასეთი ბიურგერული თვისებების მატარებელი პოეტი, რომელიც მიღმიერ იდეებს ეტრფის, რომელსაც ესმის ადამიანის მრავალსახიანობისა და მაინც იცინის. იცინის ისე, როგორც იცინიან მხოლოდ უკვდავნი. ჰალერისთვის გამაღიზიანებელია გოეთეს დამცინავი მზერა საკუთარ თავში, რომელიც ელის გამოღვიძებას. ის ხვდება ქალს სახელად ჰერმინეს, რომლის სახელსაც თვითონ ჰარი ამბობს და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს მისი არსებობისა. ის თითქოს ჩნდება ჰალერის ქალურ გამოვლინებად, რომელიც თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ჩნდება. ჰერმინე მის ბავშვობის მეგობარს აგონებს და ქალის სახელიდან და მამაკაცური გარეგნობიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ ის მიწიერი მოთხოვნილებების და მიღმიერის ძიების ულამაზესი ნაზავია. ის თანაუგრძნობს ჰარის და ეუბნება, რომ მასაც აწუხებს წმინდანები ფრესკებზე, რომლებიც ისეთივე წინაანღმდეგობრივი გამოვლინებაა მასში ნაბადები სიწმინდისა ხატებში, როგორც გოეთეს პოეტური დამოკიდებულებისა ნახატებში. საბოლოოდ ის უცხადებს ჰარის, რომ იმდენად შეაყვარებს საკუთარ თავს, რომ ჰალერი იძულებული იქნება მოკლას. ამ დიალოგის შემდეგ გოეთე ეცხადება ჰარის და ეუბნება, რომ ცხოვრებას მეტისმეტად სერიოზულად უყურებს.

ჰერმან ჰესე
~
„There is no crime of which I do not deem myself capable"
სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ჩვენ ვხვდებით, რომ ჰარის მიდრეკილება თვითმკვლელობისაკენ არის დაკავშირებული საკუთარი თავის მხოლოდ ან ადამიანად, ან მგლად წარმოდგენასთან. ჰარი მხოლოდ მაშინ აღწევს სიმშვიდეს, როდესაც სარკეში ჩაიხედავს და დაინახავს მრავალ ჰარის, რომელიც მასში ცხოვრობს. ასევე მაშინ, როდესაც თეატრში მოგზაურობისას უცხო მოჭადრაკე, თუ შეიძლება ასე მოვიხსენიოთ, აღმოსავლურ ყაიდაზე ფეხმორთხმული ხელში ჩაუყრის მისი მრავალფეროვანი პიროვნების გამომხატველ ფიგურებს. ამით ჩვენ ვხვდებით, რომ ამ ადამიანში არამხოლოდ ასაკიდან გამომდინარე განპირობებული საზოგადოებასთან გაუცხოების პროცესს ვეხებით, არამედ შინაგან პიროვნულ ბარიერების რღვევასაც. ერთ მომენტში ჰალერისთვის საკუთარი თავი იმ მოხუცის სახეს წარმოადგენს, რომელიც ფაუსტისეული კაშხალის აგების გამო უნდა გაწიროს დროებამ. ამიტომ, შეიძლება დავუახლოვდეთ ჰერმანის სიტყვებს, რომ ტექსტის არასწორად გაგება ხშირად ხდება ახალგაზრდების მიერ, რომლებიც ამ ტკივილს საკუთართან აიგივებენ და ავიწყდებათ, რომ ამ ტკივილის გარდა ტექსტში არის გარიყულობის განცდისგან, სიკვდილის შიშისგან, მტკივნეული მარტოობისგან დახსნის გზაც. ჰარი იმასაც კი ამჩნევს მის ერთ-ერთ თეატრალურ განყოფილებაში, რომელშიც ადამიანებზე სანადიროდ იწვევენ, რომ მასშიც არსებობს მისგან შეზიზღებული მკვლელი, მისგან გამართლებული ჟლეტა და როგორც გოეთე იტყოდა: „There is no crime of which I do not deem myself capable" - „არ არსებობს დანაშაული, რომელსაც ვერასოდეს ჩავიდენდი." როგორც ჰესეს ერთ-ერთი პერსონაჟი ზიდჰარტა იტყოდა: „ყველა ცოდვა უკვე ატარებს მის თავში შენდობას, ყველა ბავშვი ატარებს თავის თავში მოხუცებულს, ყველა ძუძუმწოვარა სიკვდილს, ყველა მომაკვდავი სიცოცხლეს. არავის ძალუძს დაინახოს, სადამდე მიაღწია სხვა ვინმემ თავის გზაზე, ყაჩაღში და მოყომარეში ბუდა ყუჩობს, ბრაჰმანში კი - ყაჩაღი." იუნგის „ჩრდილის" პრინციპზე, ნიცშეს ნაწინასწარმეტყველებ „უკანასკნელ ადამიანებზე" დაყრდნობილ ტექსტში ჰარი ჩრდილსა და მშვიდობისმოყვარე ადამიანს შორის იხლიჩება. ერთი კვლავ მგლად რჩება და მეორე კვლავ ადამიანად. საინტერესო ისაა, რომ მან იცის ამ გაორების ილუზიური მხარე, რადგან ადამიანი არათუ ერთი, ან ორი პიროვნული თვისებისგან შედგება, არამედ უსაზღვროდ მრავალი თვისებისგან, რომელიც ერთ მთლიანობად გვეჩვენება ჩვენ. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ზუსტად ამით ხსნის იგი საკუთარ რწმენას. მას სწამს მარადიულობის, მაგრამ ეს რწმენა გულისხმობს იმასაც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ყველაფერი, რაც კი რამ იცის.

სად არის ხსნა, რომელზეც ავტორი გვესაუბრება? ჰარის გოეთეს გარდა უკვდავების სამყაროდან მოცარტი ეცხადება, რომელიც მთავარ პერსონაჟს უკრიტიკებს მის განცალკევებულ მდგომარეობას ბიურგერებისგან და სწორედ ეს არის მისი დაცემის გამომწვევი მიზეზი. ამ დიალოგამდე ჰარი უკვე ნაზიარებია ბიურგერულ ტკბობას, მუსიკას და ცეკვებს, მაგრამ მაინც საკუთარ ჩრდილშია გამოკეტილი. ჰალერი თითქოს აღიარებს მის სისუსტეს და სურს ეზიაროს უკვდავთა სიცილის ხელოვნებას, რომელიც თეატრშია მოქცეული. ეს თეატრი თითქოს მისი ფიქრების განყოფილებებათაა დაყოფილი. თეატრში მოგზაურობის შემდეგ ის ჰერმინეს კლავს. მოცარტს უხსნის, რომ მკვლელობა ჰერმინეს სურვილით იყო ჩადენილი და მას ვერაფრით შეეწინაანღმდეგებოდა, მაგრამ აანალიზებს, რომ ესეც მისი წარმოსახვის ნაწილია. მოცარტი მკვლელობის გამო სასამართლოს მოუწყობს ჰალერს. მისი სასჯელი კი მარადიული სიცოცხლეა. სასჯელის მოსმენას უკან მოსდევს უკვდავთა მჭექარე სიცილი. მოცარტი, უკვე ახალგაზრდა შავთვალება მუსიკოსი პაბლოს სახით ჰერმინეს ფიგურაში მოათავსებს. ჰარი საბოლოოდ ხვდება, რომ ამ თამაშში, რომელსაც ადამიანები ვთამაშობთ, ფიგურებიც და თამაშის წესებით ჩვენს ხელთაა.

~
„გონებაში გავიფიქრე, ერთხელაც იქნება შევძლებ უკეთესად თამაშს, ერთხელაც იქნება ვისწავლი - მეთქი სიცილს. ახლა კი პაბლო მელოდა, მელოდა მოცარტი." (ჰესე, 2016)როგორც ალან ვატსი იტყოდა, ჩვენ ხშირად გვიწევს ჩუმად ვიყოთ, რომ შევძლოთ გავიგოთ რა აქვთ სათქმელი სხვებს. ასევეა გონებაშიც... ზოგჯერ უნდა გავჩუმდეთ, რომ გავიგოთ სხვა ხმებიც, რომლებიც სიტყვებით და ფიქრებით არ გვესაუბრებიან, მაგრამ ვართ მზად, რომ მოვუსმინოთ? ვართ მზად გავიაროთ ის სამოთხე და ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენსავე გონებაშია მოთავსებული? ვართ საკმარისად შეშლილები?
მათე სარალიშვილი
მწერალი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
Made on
Tilda