რას ვისწავლით ჟამიანობის შემდეგ?
ალექსანდრე ქავთარაძე
..შავი ჭირის" მსხვერპლთა დასაფლავება, შუა საუკუნეები
არაფერს. დიახ, კითხვაზე თუ რას ვისწავლით ამ პანდემიის შემდეგ, ერთი პასუხია: არაფერს. საუბარი არ არის ზედაპირულ, კოსმეტიკურ ცვილელებებზე ან არსებულ მდგომარეობაზე ორი-სამი დღით დაფიქრებაზე და სოციალურ ქსელებში გამოთქმულ მილიონობით შეშფოთებაზე. თუ კაცობრიობის ისტორია ამ ყველაფერთან მიმართებით რამეს გვეუბნება - მაშინ, უკვე გასაგებია, რომ არც ამ პანდემიის შემდეგ განვახორციელებთ სიღრმისეულ ცვლილებებს: არც დედამიწას მოვუფრთხილდებით და არც ცხოველებს მოვექცევით ისე, როგორც ცოცხალ, სულიერ არსებებს უნდა ვექცეოდეთ; არც ჩვენი ცხოვრების წესს შევცვლით არსებითად.

დედამიწაზე აქამდეც გავრცელებულა უამრავი დაავადება. ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, შუა საუკუნეებში გავრცელებული ,,შავი ჭირის" პანდემიაა. ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი კორიფე, ჯოფრი ჩოსერი, თავისი ცხოვრების განმავლობაში ,,შავი ჭირის" ხუთი ტალღის მოწმე გახდა. ,,დეკამერონის" ავტორის, ბოკაჩიოს, შთაგონების წყაროც ,,შავი ჭირის" პანდემია იყო. არც იმ პანდემიიდან გამოუტანია კაცობრიობას რაიმე სიღრმისეული დასკვნები. მეტიც, ინდუსტრიულმა რევოლუციამ, შინაური ცხოველების სასტიკმა ექსპლუატაციამ, ურბანულმა აფეთქებამ და ,,კონზუმერიზმის" ეპიდემიამ უფრო მეტად დაგვაშორა ჩვენ ბუნებრივ მდგომარეობას. ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა კი უკვე გამოყენებულ სიტყვაში იკითხება: ბუნება. ბუნებასთან ახლოს ყოფნა და არა მასთან უფრო მეტად დაშორება - აი, რა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე გვყვავს თაობები, რომლებიც კორპუსების და მანქანების ჯუნგლებში იზრდებიან და მთელი ცხოვრების განმავლობაში მინიმალური შეხება ექნებათ ,,ველურ" ბუნებასთან.

,,დიდი დავიწყების", ანუ ამნეზიის ეპოქაში ჩვენ არ და ვერ ვისწავლით გაკვეთილებს პანდემიების შემდეგ.
კლიმატურ ცვილელებზეც დიდად არ შევიწუხებთ თავს და არც სხვა მსგავსი მოვლენებისგან ვიქნებით დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ მომხვეჭელობას, გარემოსთან სასტიკ მოპყრობას და უთავბოლო სიბეცით კიდევ ბევრჯერ გადავიჩეხებით ხევში. ისმის კითხვა: ,,მაშინ როგორ მოვიქცეთ?".

ოდითგანვე, ძველი დროის ფილოსოფოსები თუ მისტიკოსები მიგვანიშნებდნენ, რომ მთავარი რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის საკუთარი თავის და უშუალო გარემოს შეცვლაზე კონცენტრირება. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გაგვაჩნია. აქვე, უნდა გავიხსენოთ ერთი ძველი ებრაული სიბრძნე პირკელ ავოთიდან (ანუ ,,მამათა სწავლებიდან"): ,,შენ არ გევალება გაასრულო ეს საქმე, მაგრამ არც იმის უფლება გაქვს მას თავი აარიდო".

ავტორი:
ალექსანდრე ქავთარაძე
,,სამოქალაქო დარბაზის" თანადამფუძნებელი
Made on
Tilda