ქართული კათოლიკობა, ანუ ორიოდე სიტყვა ქართველ კათოლიკეთა
ეროვნულობის შესახებ
ირაკლი ჯავახიშვილი
იოსებ ოცხელი (1865-1919), ქართველი კათოლიკე საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი
,,თუ ვინმეს აქვს უფლება საქართველოში თავის თავს ქართველი უწოდოს - ეს
უფლება ქართველ კათოლიკეთ წამებით აქვთ მოპოვებული", - წერდა 1917 წელს ლ.
ჯაფარიძე. შეუძლებელია, ამ სიტყვებმა არ დაგვაფიქროს. მეტიც, წარმოუდგენელია,
რომ ეს სიტყვები, რომლებიც ერთი საუკუნის წინ ითქვა და დაიწერა, სულში არ
ჩაგვწვდეს, სინდისი არ აგვიფორიაქოს და რაღაც მეტის გაკეთების სურვილი არ
აღგვიძრას. ისტორიული მესხეთის და მთლიანად საქართველოს ჭირნახულ
ისტორიას რომ მივაპყრობთ მზერას, უმალ თვალწინ წარმოგვიდგება ქართველ
კათოლიკეთა ყოფა, მათი დაუღალავი შრომა და განუწყვეტელი ბრძოლა საკუთარი
ეროვნულობისა და სარწმუნოების დასაცავად. დიახ, მგონი, ლამის დაგვავიწყდეს,
რომ კათოლიკეთათვის ეროვნულობა (ქართველობა) და სარწმუნოება (კათოლიკობა)
მუდამ ერთმანეთზე იყო გადახლართული და ერთი მათგანის გადარჩენა მეორეზე
იყო დამოკიდებული. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ქართველი
კათოლიკეებისთვის საკუთარი რწმენა ნიშნავდა საყოველთაო ეკლესიის
განუყოფელ ნაწილად ყოფნას, და უნივერსალურობის ეს პრინციპი მათში მთელი
ძალით ნერგავდა ქრისტიანობის საყოველთაო განცდასა და შეგნებას.

როგორ შეიძლება, რომ გული არ აგვიფანცქალდეს, როდესაც ჩვენი დიდებული
კათოლიკე წინაპრების ყოფა-ცხოვრებას გადავავლებთ თვალს და დავფიქრდებით
მათი ცხოვრების წესზე, მათ ფიქრებზე, ზნეობაზე, პრინციპებზე, ქცევასა და
სხვებისადმი დამოკიდებულებაზე, - იმ ყოველივეზე, რაც ასე შორს იყო პიროვნული
ბოღმისა და შურისაგან (ვგავართ კი ჩვენ მათ?). ხშირად ვკითხულობთ ისეთ გვარ-
სახელებს, როგორებიცაა: მიხეილ თამარაშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, ივანე
გვარამაძე, პეტრე უმიკაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე მელიქიშვილი, სიმონ
ყაუხჩიშვილი, ზუბალაშვილები, ოცხელები, მიზანდარები, გოკიელები და ა.შ., და
არცკი ვეკითხებით ხოლმე საკუთარ თავებს, სინამდვილეში რა ვიცით ამ
პიროვნებების შესახებ; ვინ იყვნენ ისინი? რა შექმნეს და რა დაგვიტოვეს? რატომ
არიან დღესაც ,,ცოცხლები"? ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე მეცნიერი იმასაც კი
ამბობს, რომ ისინი ,,მოძველდნენ", რომ მათზე საუბრით ხალხი დაიღალა. მაგრამ
მავანმა შეიძლება ლოგიკურად ჰკითხოს ასეთ მეცნიერებს: თქვენ რა შექმენით?
თქვენ თუ გაგიკეთებიათ რაიმე ღირებული ქვეყნისა და საზოგადოებისათვის? (სულ
მცირე, იმდენი მაინც, რომ ადრინდელები ნაკლებად გავიხსენოთ, როგორც თქვენ
ამბობთ).

მაგალითისათვის რომ ვთქვათ: როდესაც გამოჩენილი ქართველი კათოლიკე საერო
პირების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ მათ არასდროს
უქადაგიათ სახარება, არასდროს ჩაუტარებიათ სულიერი ვარჯიშები ან
კატექიზაციები, მაგრამ მათი ცხოვრების წესი განასახიერებდა სახარებასა და მის
პრინციპებს. ამ დიდებულ პიროვნებებს სიღრმისეული ქრისტიანული და სულიერო
ფორმაცია ჰქონდათ, სხვაგვარად ვერ შეძლებდნენ იმის გაკეთებას, რაც დღეს მთელი
საქართველოს მემკვიდრეობაა. განა ზუბალაშვილების ქველმოქმედება და
მეცენატობა კათოლიკური სოციალური სწავლების ხორცშესხმა არაა?! და ვინ
დაგვაჯერებს, რომ ისინი არ იცნობდნენ კათოლიკე ეკლესიის იმდროინდელ
სოციალური აზროვნებას? მეტსაც ვიტყვით, როდესაც დიდი პეტრე მელიქიშვილი
საკუთარ თბილ ქურქს უტოვებდა ვიღაც უსახლკაროსა და მათხოვარს, მაშინ იგი
სახარებას განასახიერებდა! როდესაც ზაქარია ფალიაშვილი უსასყიდლოდ
ასწავლიდა ნიჭიერ ყმაწვილებს და ეხმარებოდა მათ სტიპენდიების მოპოვებაში,
მაშინ იგი სახარებას განასახიერებდა! სწორედ ესაა ნამდვილი კათოლიკობა და
ქრისტიანობა, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე ხომ მკვდარია!

ამ დიდ ქართველ კათოლიკეთა მაგალითი ჩვენთვის მაცოცხლებელი წყაროა,
მთელი სიმძაფრით რომ გვიბიძგებს შრომისა და ბრძოლისაკენ. სწორედ ესაა
ქართული კათოლიკობის მამოძრავებელი ძალა, ასე რომ ადუღაბებს ერთმანეთთან
ეროვნულობასა და სარწმუნოებას - ქართველობასა და კათოლიკობას. უნდა
გვახსოვდეს, რომ ჩვენი წინაპრები ოფლითა და სისხლით წერდნენ ისტორიას, - იმ
ისტორიას, რომელმაც მესხეთში (და არა მარტო იქ) ქართველებს შეუნახა
კათოლიკობა, მაშასადამე, ქართველობაც. დაე, ნურასდროს გადავუხვევთ ამ
გზიდან! მუდამ გვახსოვდეს, რომ კათოლიკობა საქართველოში გაუწყვეტელი
ჯაჭვითაა დაკავშირებული ქართველობასთან! სწრაფად მიმავალი პროცესებისა და
მოვლენების ქარტეხილებში ხშირად აღმოვჩნდებით ხოლმე ოდენ სულიერებისა და
ჰომილეტიკის მორევში, მაგრამ ეს არ კმარა; საქართველოში კათოლიკობის მყარად
დგომას მუდამ განაპირობებდა აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა და
ეროვნულობის მნიშვნელობის წარმოჩენა.
სტატიის ავტორი:
ირაკლი ჯავახიშვილი
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი
Made on
Tilda