ცნობიერება არ არსებობს იმ წამის ანუ (თანა-)ცნობიერების გარეშე, რომ ეს წამი ახალია - რომ ის არასოდეს ყოფილა
[1]. მარადიული დაბრუნება, მარადიული დაბრუნების აუცილებლობა, ნიცშეს უცხადდება როგორც წამი, რომელიც არც დეჟა-ვუა და არც რემინისცენცია. პირამიდასავით აღმართულ ქვის ლოდთან შემდგარ ნიცშეს ეწვევა ეს აზრი, რომელიც უპირველესად მხოლოდ და მხოლოდ ამაღლებული განწყობაა. ისმის შეკითხვა: გსურს ეს (ნებისმიერი რამ, ობიექტი X) კიდევ ერთხელ და უთვალავჯერ? აი, იხრება საათის ისარი და მეხება მე - ნათელი,
მეტალისებრი დარტყმით; გრძნობები მითრთიან: ვგრძნობ: შემიძლია და ვავლებ ხელს
პლასტიურ დღეს. (რილკე)
მარადიული დაბრუნება ცნობიერებისთვის, როგორც ის ზემოთ განვმარტეთ, არის გამოწვევა. როგორ შეიძლება ცნობიერებას (რომელიც სინამდვილეში ნება და აქტია) უნდოდეს, რომ ახლა მარადიულად დაბრუნდეს - განმეორდეს
[2]? როგორ, რა გზით უნდა ინდომოს მან ამგვარი რამ? გზა კი ასეთია: არაფერი მომხდარა ახლა-ს მიღმა
[3], მთელ ცხოვრებას
ახლა აქვს გავლილი, ამ წამის მოდუსშია დროის ყოველი მოდალობა (წარსული-აწმყო-მომავალი), მაგრამ ახლა რა ხდება - არავინ იცის. რჩება ჩრდილი, როგორც ორეული, როგორც ჟესტი - დროის შეუქცევადობა (ძალაუფლების ნება).
ნიცშე საუბრობს წარსულის გამოხსნაზე (Erlösung des Vergangenen). წარსული არის ფრაგმენტი, საზარელი შემთხვევითობა, გამოცანა (ენიგმა)
[4] და ის ლოდი, რომლის გადაგორებაც ნებას არ ძალუძს. „იყო (ოდეს)" არის ნების კბილთა ღრჭენის მიზეზი. თითქოს ოდითგანვე ქვაზეა დაწერილი არსებ(ობ)ის კანონი. არსებ(ობ)ა კი დამნაშავეა, რაკი წარმავალია - წარსულთან შეკრული. ნებას არ ძალუძს უკუ-ინებოს (zurückwollen), გამოითხოვოს ის, რაც მისი არასოდეს ყოფილა. „ოი ზარათუსტრავ, სიბრძნის ქვაო
[5], ზევით ისვრი ამ ქვას, მაგრამ ყოველი ასროლილი - უნდა ჩამოვარდეს.", ეუბნება ჯუჯა (სიმძიმის სული) მთაზე ამავალ ზარათუსტრას. ადის ზარათუსტრა ზემოთ და ამავდროულად ჩადის ქვემოთ, უფსკრულისკენ, საითკენაც მას სიმძიმის სული ექაჩება
[6]. აქ იხსნება წამი.
შენიშვნები: [1] შესაბამისად, რაკი აწმყო წამი არ არის წარსულის გამეორება, მე წინ მაქვს შესაძლებლობების სივრცე.
[2] ეს არ არის წარსულის გამეორება ახლა-ში, არამედ ახლა-ს უკვე (!) გა(მე)ორება.
[3] ასევე: არ არსებობს მიღმიერი სიცოცხლე.
[4] ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ - მხიარული მეცნიერების 341-ე აფორიზმში - ნიცშეს მარადიული დაბრუნების იდეას დემონი ჩააწვეთებს, თითქოს ის ამ ამოცანის ამოხსნას ითხოვდეს. ამ მხრივ ასევე საგულისხმოა ჯორჯო კოლის (ნიცშეს და ანტიკური ფილოსოფიის მკვლევარი) მოსაზრებები ფილოსოფიის დასაბამზე - ბრძენის ფიგურისა და მის წინაშე (ღვთაების მიერ) დაყენებული ენიგმის (გამოცანის) ურთიერთობაზე: საქმე გვაქვს სამკვდრო-სასიცოცხლო გამოწვევასთან.
[5] იგივე ფილოსოფიური ქვა (Stein der Weisheit).
[6] უცნაური სპირალი