ალექსანდრე მეფეს ეგვიპტის სულთნებიდან განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა სულთან ჯაკმაკთან (1438-1453 წწ). სწორედ ასეთი კარგი ურთიერთობის ამსახველი ფაქტია ეგვიპტის სულთნის, ჯაკმაკის, მიერ ალექსანდრე მეფესთან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის ალექსანდრე მეფეს მადლობას უხდის მუსლიმების საქართველოში კარგად მოპყრობისა და ჩრდილოეთ ირანიდან და ერაყიდან 4 000 დევნილის შეფარების გამო. თავის მხრივ, ჯაკმაკმა პირობა დადო, რომ იზრუნებდა თავის ქვეყანაში ქრისტიანებზე, უპირველეს ყოვლისა, ქართველებსა და მათ ბერებზე, აღადგენდა დამასკოში დანგრეულ წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიას, ქართველები იცხოვრებდნენ უშიშრად, მათ დაიცავდათ ყოველგავრი სამართალი, ამავე დროს ქართველები ისარგებლებდნენ სხვადასხვა ნაბოძები მიწითაც, რომელიც ქართულ ეკლესია-მონასტრებს მიეცათ, გოლგოთას გადაცემასთან ერთად.
მიუხედავად ალექსანდრე მეფისა და სულთან ჯაკმაკის ასეთი კარგი ურთიერთობისა და საქართველოში მუსლიმთა კარგად მოპყრობისა, სულთნის კარზე მისულა ვაჭარი, სახელად, მუჰამედ იბნ მუსტაფა ალ კარმანი და შეუჩივლია ჯაკმაკისათვის, თითქოს ალექსანდრე მეფემ მას უსამართოლდ წაართვა 1 000 დინარი საქართველოში მოგზაურობის დროს. საპასუხოდ, ჯაკმაკმა დაიბარა გოლგოთის ეკლესიის წინამძღვარი და მას მოსთხოვა, გადაეხადა 1 000 დინარი, მაგრამ შემდეგ სულთანმა გადაწყვეტილება შეცვალა და დაელოდა სიმართლის გარკვევას. სულთანმა საქართველოს მეფესთან გამოგზავნა ელჩი სიმართლის დასადგენად და საჭიროების შემთხვევაში ფულის წამოსაღებად. სულთანი ალექსანდრე დიდს სწერდა: „თუ შენ აღიარებ ჩემი მოთხოვნის მართებულებას და გაუგზავნი ვაჭარს ფულს, მაშინ ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ჩვეულ ყურადღებას მისი უდიდებულესობისადმი და გავზრდით ჩვენს სამართლიან და კეთილმოსურნე მოპყრობას ქრისტიანებისა და ბერებისადმი ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტიც, ჩვენ შევასრულებთ მის მოთხოვნას მარიამის ეკლესიასთან დაკავშირებით. თუ მისმა უდიდებულესობამ მიითვისა 1 000 დინარი და არ დაუბრუნა უკან, თუ ის იყო უყურადღებო თავის ქვეყანაში მუსლიმებისადმი, სამართლიანობისა და კეთილგანწყობის მხრივ, ანდა მათ შორის ისლამის წესების საჯაროდ შესრულების ნებართვის მიცემისას, მაშინ ჩვენ გამოვცემთ მითითებებს, რათა გამოყენებული იქნას მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის მახვილი მუსლიმანთა ქვეყანაში ქრისტიანებზე და ქართველებზე შურის საძიებლად, იმის შესაბამისად, რასაც ისინი მართლა იმსახურებენ."
სულთნის მოთხოვნით, ალექსანდრე მეფეს უნდა დაეფიცა სამღვდელოებასთან საზეიმო ფიცით, რომ ის მართალი იყო ვაჭართან, ამ ფიცის ასლი უნდა გაგზავნილიყო სულთან ჯაკმაკთან, სამღვდელოების ხელმოწერით. მხოლოდ ამის შემდეგ აღარ გაატარებდა სულთანი არანაირ სანქციას იერუსალიმში მყოფი ქრისტიანების მიმართ.
თუ რა პასუხი გასცა ალექსანდრე დიდმა ამ წერილს, ისტორიულ წყაროებში არ ჩანს, თუმცა ეს მცირე კონფლიქტი მოგვარებულა, რადგან ალექსანდრე მეფესა და სულთან ჯაკმაკს შორის კარგი ურთიერთობა შემდეგ ხანშიც გაგრძელდა.
ეგვიპტელი ვაჭრის მიერ ალექსანდრე მეფის დადანაშაულების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყვეს, რომ ალექსანდრე დიდი ამ საქმეში უბრალო იყო. ამ კონფლიქტის შემდეგ ქართველებს გადაეცათ წმინდა მარიამის ეკლესიაზე უფლებები და მათი პრივილეგიები შენარჩუნებული იქნა.
ამ დაპირისპირებაში საინტერესოა ერთი ფაქტი: რა მიზანი ჰქონდა ალ კარმანს, როდესაც ალექსანდრე მეფე დაადანაშაულა ფულის გამოძალვაში? რაში სჭირდებოდა მას ეგვიპტისა საქართველოს ურთიერეთობების დაძაბვა? ამ შემთხვევაში ხომ წაგებული ისევ თავად დარჩებოდა, რადგან საქართველოში ვაჭრობას ვეღარ შეძლებდა? ვისი ინტერესები შეიძლებოდა, გაეტარებინა მას? თავისთავად, დარწმუნებით რაიმეს თქმა ცოტა რთულია, მაგრამ მცირე ისტორიული მიმოხილვა რომ გავაკეთოთ, მივიღებთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველო არ წარმოადგენდა დიდ სამხედრო ძალას, რომლისაც შეიძლებოდა, შეშინებოდა ირანის შაჰს, როჰს, და მის მოკავშირე ქვეშევრდომს, ჯაჰან შაჰს, რომელმაც მრავალგზის ააოხრა საქართველო. ანუ სამხედრო ალიანსი, რომელიც შეიძლებოდა, შემდგარიყო ეგვიპტესა საქართველოს შორის, შავბატკნიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და, ამდენად, არც ეგვიპტისთვის იყო მნიშვენლოვანი ასეთი გაერთიანება. რომ ყოფილიყო, ერთ ვაჭარსა და 1000 დინარს სულთანი არაფრად ჩააგდებდა და, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, არც გაახმაურებდა ასეთ ამბავს.
ჩემი აზრით, აქ სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, როგორც აღვნიშნე, XV საუკუნის 20-იან წლებში საქართველოსა და სომხებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა გოლგოთისათვის, რომელშიც გამარჯვება ქართველებს დარჩათ, არა ფულითა და სამხედრო ძალით, არამედ მეფის დიპლომატიური სვლებითა და სულთნის პირადი კეთილგანწყობით. თუ საქართველოს მეფე სულთნის მხარდაჭერას დაკარგავდა, ფაქტობრივად, იკარგებოდა გოლგოთაზე უფლებებიც. ამ გარემოებით კი სომხები ისარგებლებდნენ და დიდი ფულით კვლავ მოიპოვებდნენ გოლგოთის მონასტერს. სწორედ ამიტომ შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ეგვიპტელი ვაჭარი მარტიროსის მომხრეების მოსყიდულია და მათ უფლებებს იცავს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ მარტიროსის მოქმედება გოლგოთის ხელში ჩასაგდებად სწორედ მოსყიდვასა და მოქრთამვაზეა აგებული, რაც რამდენიმეჯერ გამოუვიდა კიდევაც. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სულთნის კარისკაცებმა მარტიროსს მიუთითეს ალექსანდრე მეფის მნიშვნელოვან როლზე ამ დაპირისპირებაში. როგორც ჩანს, მარტიროსმა ეს გაითვალისწინა.