საქართველო და სომხეთი
ორი მეზობლის ურთიერთობების მოკლე მიმოხილვა
მეზობელი სახელმწიფოების ცხოვრებაში საუკუნეების განმავლობაში უამრავი გარდამტეხი მოვლენა ხდებოდა. რეგიონში განვითარებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესის გავლენის ქვეშ ორივე ქვეყანა ექცეოდა. ,,ზოგჯერ მოკავშირეობა, ზოგჯერ დაპირისპირება" - როგორ ვითარდებოდა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები საუკუნეების მანძილზე? იხილეთ ჩვენი მოკლე მიმოხილვა:
სომხურად საქართველოს ვრასტანი ეწოდება, რაც მეცნიერების აზრით ძვ. ირანული ვურგანი/გურგანისგან და ვრკანისგან (,,მგელთა მიწა") უნდა მოდიოდეს.



ქართულში დამკვიდრებული სომხეთი კი სუხმე/სუხმ/სოხმ-ისგან წარმოიქმნა და დიდი ალბათობით, საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი ტერიტორიული ერთეულის უძველესი დასახელებიდან მომდინარეობს.



ფოტო: სომხეთის ღერბი
· ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში აღმოცენებული მტკვარ-არაქსის კულტურა მოიცავდა დღევანდელი სომხეთის და საქართველოს ტერიტორიებს. ამ პერიოდში ორივეგან ხდება მესაქონლეობის, მიწათმოქმედების და სპილენძის მეტალურგიის განვითარება

· ჯერ კიდევ პირველი სახელმწიფოებრივი ერთეულების ჩამოყალიბებამდე სომხეთიც და საქართველოც (განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთ ნაწილი) განიცდიან ირანის სოციო-პოლიტიკური და კულტურულ გავლენას. სწორედ ამ გავლენის ქვეშ იწყებენ ჩამოყალიბებას ქართული და სომხური სახელმწიფოები.

· სომხეთის ოქროს ხანა ძვ.წ. II-I საუკუნეებში ტიგრან დიდის მმართველობას უკავშირდება. ამ დროისთვის, სომხეთის სამეფოს გავლენა დიდი სამხრეთ საქართველოზეც.

· ერთ-ერთი ვერსიით, ადგილობრივი ფეოდალების მოწვევით, ძვ. წ. I საუკუნიდან ქართლის სამეფო ტახტს სომხეთში გამეფებული პართიული წარმოშობის არშაკიდების/არშაკუნიანების ერთ-ერთი წარმომადგენელი იკავებს. ამ პერიოდში და შემდგომ საუკუნეებში ქართლი და სომხეთი რომის და პართიის იმპერიების დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიცენტრად ყალიბდებიან. გავლენები მეფეებთან ერთად იცვლება და პოლიტიკური ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის.

· ახ.წ. I საუკუნეში ფარსმან I ცდილობს ისარგებლოს რომსა და პართიას შორის დაპირისპირებით და განამტკიცოს გავლენა სომხეთზე, სადაც ჯერ მისი ძმა, ხოლო შემდეგ მისი ძე - რადამისტი მეფობენ.

· IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია ხდება ჯერ სომხეთში და შემდეგ ქართლსა და კავკასიის ალბანეთში.

· V საუკუნეში იწერება ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები - ,,შუშანიკის წამება", რომელიც ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია. მისი მთავარი გმირი სომეხი მხედართმთავრის, ვარდა მამიკონიანის ასული - შუშანიკია.

· V საუკუნეში კავკასიაში იწყება ანტი-ირანული კამპანია, რომლის სათავეშიც ექცევიან ვარდან მამიკონიანი და ვახტანგ გორგასალი. სომხეთიც და ქართლიც ამ ბრძოლაში მარცხდებიან, თუმცა სახელმწიფო რელიგიად ინარჩუნებენ ქრისტიანობას.

· VI საუკუნიდან ქართულ-სომხურ ურთიერთობებში გვხვდება, თეოლოგიურ საკითხებზე დაფუძნებული, უთანხმოების პირველი ნიშნები.

· VII საუკუნეში ორივე სახელმწიფო არაბების ბატობის ქვეშ ექცევა.

· VIII საუკუნეში ქართლი დიოფიზიტურ ბანაკში ხვდება, ხოლო სომხეთი ე.წ. მონოფიზიტურ (დღესდღეობით, როგორც წესი, მიაფიზიტურადაც მოხსენიებულ) ბანაკში. ეკლესიებს შორის გაწყვეტილი ურთიერთობა აისახება ხალხებს შორის ურთიერთობაზეც. კლებულობს ერთმანეთის ტერიტორიებზე არსებული სიწმინდეების მონახულების ფაქტებიც.

· XI საუკუნეში საქართველოს სამეფოს ფორმალური მმართველი ხდება სომხური ვასპურაკანის მმართველის ასული და გიორგი I-ის ქვრივი, მარიამ დედოფალი. ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული დიპლომატიური ნიჭითა და ქართული კულტურის ქომაგობით.

· XII-XIII საუკუნეებში ძალას იკრეფს საქართველოს სამეფო, რომლის გავლენის ქვეშ ექცევა მეზობელი სომხეთის ტერიტორიებიც. წარჩინებულ ოჯახებს შორის ქორწინებების შემთხვევები გრძელდება - მათ შორის, დავით აღმაშენებლის შემთხვევაში, რომლის მეუღლე სომხური წარმოშობის ქალბატონია. მათი ძე - დემეტრე I ხდება საქართველოს შემდეგი მეფე.

· XV საუკუნიდან ფართო ხასიათს იღებს საქართველოს ტერიტორიებზე სომეხთა გადმოსახლებები, რასაც ხელს საქართველოს მონარქები უწყობენ.

· სომეხთა გადმოსახლება გრძელდება მეფე ერეკლე II-ს დროსაც, რომლის კარზეც მსახურობს წარმოშვებით სომეხი განმანათლებელი - ფილიპე ყაითმაზაშვილი. ამ პერიოდშივე, ქართლ-კახეთში, მოღვაწეობს სომხური წარმოშობის აშუღი და პოეტი - საიათნოვა.

· XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის დროს, საქართველოში კიდევ ათასობით სომეხი სახლდება, ხოლო გადმოსახლების შემდეგი დიდი ტალღა უკვე XX საუკუნის დასაწყისში, თურქეთიდან გამოქცეული სომხების სახით გხვდება.

· 1917 წელს, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ყალიბდებდა ამიერკავკასიის კომისარიატი, სადაც საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ერთიანდებიან.

· 1918 წელს რამდენიმე დღიანი ინტერვალით საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი აცხადებენ საკუთარ დამოუკიდებლობას. 1918 წელსვე იწყება სომხეთ-საქართველოს ომი. მხარეები 31 დეკემბერს დაზავდნენ.

· 1920 წელს ხდება ჯერ სომხეთის რესპუბლიკის, ხოლო 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გასაბჭოება. ორივე ქვეყანა შემდეგი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში თანაარსებობენ.

· 1991 წელს ორივე ქვეყანა, რამდენიმე თვიანი ინტერვალით, აცხადებს საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ.

ფოტო: სომხეთი, საქართველო და შუამდინარეთი. გერმანელი კარტოგრაფის, კარლ სპრუნერ ფონ მერცის 1865 წლის რუკა

Made on
Tilda