ჩემი ფეისბუქ მეგობარი რომელსაც სმენის დაქვეითება აქვს წერს, რომ ვერ იღებს სრულ ინფორმაციას კორონა ვირუსის შესახებ რადგან ტიტრები არა აქვს ინფორმაციას, არც ჟესტური ენა იცის, ეს სახელმწიფოს პრობლემაა, უნდა არსებობდეს ერთი საინფორმაციო დღეში რომელიც ტიტრებითაც იქნება, მითუმეტეს ასეთ დროს.
ამბობენ რომ მინიმუმ ერთი თვე მოგვიწევს სახლში ყოფნა, ჩვენ ზრდასრულ შშმ პირებს ეს დიდად არ გაგვიჭირდება, როცა სამუშაო არა გვაქვს ისედაც სახლში ვართ.
სამსახურში 2 კვირაა არ ვყოფილვარ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კარანტინი გამოაცხადა, ძალიან მიყვარს იქაურობა, რაც აქციები არ არის ძირითადად ვცდილობ პარლამენტის წინ არ გავიარო და მეორე მიწისქვეშათი ვსარგებლობ, შოთას ძეგლს ჩავუვლი ხოლმე და ვესალმები, მიყვარს ეს შენობა ახლა რესტავრაცია უკეთდება და იშვიათად შემიძლია იქ მოვხვდე მაგრამ ყოველთვის, როცა შანსი მაქვს სიხარულით შევდივარ, და ისე ვათვალიერებ მის მოხატულობას თითქოს პირველად ვხედავდე. წარმოგიდგენიათ როგორ გამიმართლა ყოველ ჯერზე, როცა სამსახურში მივდივარ შოთა მხვდება და სანამ შევალ შემიძლია მივესალმო, ეს კარგ განწყობაზე მაყენებს, ამასწინათ ახალციხეში ვიყავი ერთი მესხი შოთა გავიცანი, მან მცხეთაში წამოგვიყვანა და უკან ახალციხეში დაგვაბრუნა მე და ჩემი მასპინძლები მისი მანქანით, ჩვეულებრივი მშრომელი სოფელში მაცხოვრებელი ბიჭია კარგად ფლობს იტალიურს და საქართველოს ისტორიას, პირველად იქცა შოთა ჩემთვის ღმერთთან მოჩურჩულე გრანდიოზული, უკიდეგანო ღმერთკაციდან ჩვეულებრივ ბიჭად, იმ დღეს პირველად ვიფიქრე რუსთაველზე, როგორც ჩვეულებრივ მესხ კაცზე რომელიც სათიბებში ყოფილა, თივის ზვინებიც გაუკეთებია და ყანაშიც უმუშავია, ამ ფიქრმა შოთა კიდევ უფრო ახლობლად აქცია ჩემთვის. ამიტომ როცა დავბრუნდები სამსახურში და მას მივესალმები, ჩემი სალამი ნაკლებად მოკრძალებული იქნება უფრო მეგობრული და კიდევ უფრო მეტი პატივისცემით გამსჭვალული, რადგან ახლა ის მხოლოდ დიდებული სიტყვის მთქმელი კი არა არის ბიჭია რომელსაც ჰქონია ჟამი სიტყვის გრანდიოზულად წერისა და ჟამი სათიბებში ყოფნისა და ჟამი უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისა და ჟამი წარმოუდგენელი ამბის წარმოდგენისა...
გამიმართლა რომ ციფრული ფოტომატიანეს გვერდს ისევ ვმართავ და შემიძლია ამ კარანტინში ხანგამოშვებით ავტვირთო გვერდზე ფოტოები, სულ პაწაწინა ნაწილი ვიყო ამ დიდი შინ ყოფნისას ჩემი სამსახურის.