2. გვიამბეთ ამ ცენტრში თქვენი ჩართულების და როლის შესახებ
მე გუნდს 2018 წელს შევუერთდი და, ოფიციალურად, არაფორმალური განათლების მიმართულების კოორდინატორი ვარ, თუმცა გუნდში ყველა ყველაფერს ვაკეთებთ, ოღონდ საქმე გაკეთდეს.
ჩემი როლის ფარგლებში მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად (რომელიც 6 თვე გვყავდა აქ) შევქმენით ინგლისური ენის კლუბი, რომლის მიზანიც არის ინგლისურად საუბარი და სასაუბრო ინგლისურის გაუმჯობესება. აქ არავინაა მასწავლებელი, ერთად ვსწავლობთ და ვიხვეწებით - მაშინაც კი, როცა ამერიკელი მოხალისე აღარ გვყავს.
ასევე, მე და მალიამ (მოხალისემ) დავიწყეთ ყოვლთვიური კულტურული ღონისძიებების ჩატარება, იმისათვის, რომ გავცნობოდით სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ღონისძიებები შეჩერებული გვაქვს.
მგონია, რომ ქართულ ხელოვნებას ახალგაზრდები ნაკლებად ვიცნობთ და სწორედ ამიტომ, ორგანიზაციაში შევქმენით ქართული კინოს კლუბი. ყოველკვირეულად, ფილმების ყურების შემდეგ (რაშიც, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები ერთვებოდნენ) გქვონდა განხილვები და შინაარსის გარჩევები. რის მეშვეობითაც ბავშვები არა მხოლოდ ფილმს ეცნობოდნენ, არამედ მოსმენასა და საკუთარი აზრის გამოხატვასაც სწავლობდნენ.
სანამ პანდემია შემოგვიტევდა, ვმასპინძლობდით საინტერესო სტუმრებს, რომლებიც გვიზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხების გარშემო. საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩამიტარებია ტრენინგები და რაც მე ყველაზე ძალიან მიყვარს, მხარი დამიჭერია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მათი ინიციატივების განსახორციელებაში.
ზემოთ ჩამოთვლილი ის მცირედი საქმიანობაა, რომელშიც მე ვარ ჩართული. ორგანიზაციაში კიდევ უამრავი სასარგებლო საქმე კეთდება ახალგაზრდული ცენტრის გუნდის სხვა წევრების მიერ.