კოტე ჩაჩიბაია
თეიმურაზ I
თეიმურაზ I ბაგრატიონთა კახური შტოს წარმომადგენელია. მის გამეფებას წინ უძღოდა საქართველოს ისტორიაში თავისი დრამატულობით გამორჩეული მონარქიული დაპირისპირებები, როდესაც მამამისმა დავით I-მა ტახტის დათმობა აიძულა თეიმურაზის პაპას ალექსანდრე II-ს.
თეიმურაზ I ბაგრატიონთა კახური შტოს წარმომადგენელია. მის გამეფებას წინ უძღოდა საქართველოს ისტორიაში თავისი დრამატულობით გამორჩეული მონარქიული დაპირისპირებები, როდესაც მამამისმა დავით I-მა ტახტის დათმობა აიძულა თეიმურაზის პაპას ალექსანდრე II-ს. დავითის მოულოდნელი და საეჭვო გარდაცვალების შემდეგ ხელახლა გამეფებული ალექსანდრე და მისი მემკვიდრე გიორგი კახეთის ტახტის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა კონსტანტინე I-მა მოკლა. თეიმურაზის დედის, ქეთევანის წინამძღოლობით კახელებმა მოახერხეს კონსტანტინეს განდევნა და შაჰს მოსთხოვეს თეიმურაზი დაესვა მეფედ. მართლაც, შაჰმა თეიმურაზი ცნო კახეთის ლეგიტიმურ მმართველად.
,,მარტყოფის აჯანყების შემდეგ ხელახლა გამეფებულმა თეიმურაზმა რომის პაპთან სცადა დიპლომატიური კავშირის დამყარება, თუმცა ეს კავშირი რაიმე სასარგებლო შედეგით არ დასრულებულა. პარალელურად ის ცდილობდა სამხედრო დახმარება მიეღო ოსმალეთის სულთნისგან. განიხილებოდა კავკასიური ხალხების გაერთიანებაც ირანის წინააღმდეგ, თუმცა კავშირი არ შედგა"
თეიმურაზი თავისი ბიძის კონსტანტინეს მსგავსად ირანის შაჰ აბას I-ის კარზე იზრდებოდა. თუმცა ბიძისგან განსხვავებით პროირანული განწყობების არ ყოფილა. მისი ხანგძლივი ხელმწიფობისთვის დამახასიათებელი იყო პოლიტიკური მანევრები საერთაშორისო ასპარეზზე, მძლავრ ფეოდალებთან დაპირისპირებები, სხვა ქართულ სამეფოებთან კავშირის დამყარების მცდელობები. თეიმურაზი ჯერ ოსმალეთის სამხედრო დახმარებით ცდილობდა ირანთან დაპირისპირებას, შემდეგ რუსეთის, თუმცა სათანადო დახმარება ვერ მიიღო და შაჰ-აბასთან ბრძოლების გამო იძულებული გახდა ორჯერ დაეტოვებინა კახეთის სამეფო. ტახტის გარდა, ირანთან დაპირისპირებისას თეიმურაზმა დაკარგა მძევლებად წარგზავნილი დედა ქეთევან წამებული და შვილები ლევანი და ალექსანდრე.


მარტყოფის აჯანყების შემდეგ ხელახლა გამეფებულმა თეიმურაზმა რომის პაპთან სცადა დიპლომატიური კავშირის დამყარება, თუმცა ეს კავშირი რაიმე სასარგებლო შედეგით არ დასრულებულა. პარალელურად ის ცდილობდა სამხედრო დახმარება მიეღო ოსმალეთის სულთნისგან. განიხილებოდა კავკასიური ხალხების გაერთიანებაც ირანის წინააღმდეგ, თუმცა კავშირი არ შედგა.
ტახტზე დაბრუნებულ თეიმურაზს მოუწია ორი გავლენიანი ფეოდალის ჩამოშორება ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად. მან ჯერ ბაზალეთის ბრძოლაში გიორგი სააკაძე და მისი მომხრეები დაამარცხა, ხოლო შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ ახლად გამეფებულ შაჰ სეფის გულის მოსაგებლად, ზურაბ არაგვის ერისთავის მოკვეთილი თავი გაუგზავნა. არაგვის ერისთავები ამ პერიოდში ფაქტობრივად უგვირგვინო მეფეები იყვნენ, რომლებსაც ხშირად იყენებდა ირანის შაჰის კარიც ადგილობრივი მონარქების წინააღმდეგ. არაგვის საერისთავოს დამორჩილებით თეიმურაზმა ცენტრალიზებული მონარქიის გავლენა განამტკიცა.
1648 წლისთვის თეიმურაზი ირანთან დაპირისპირების შედეგად იმერეთში გაიხიზნა, მისი უკანასკნელი ძე ირანელებთან იმავე წელს მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა. თეიმურაზი კვლავ შეეცადა რუსეთთან კავშირის დამყარებას და თავადაც ჩავიდა მოსკოვში. რეალური დახმარება რუსეთიდან ვერ მიიღო.

,,ირანთან პოლიტიკური მოლაპარაკებები კახეთში თეიმურაზის შვილიშვილის ერეკლე I-ის გამეფების შესახებ უშედეგოდ დასრულდა და 74 წლის ასაკის თეიმურაზი ასტრაბადის ციხის საკანში გარდაიცვალა"
1660 წელს ირანის ვასალმა ქართლის მეფემ ვახტანგ V-მ აიღო იმერეთში მდებარე სკანდის ციხე სადაც თეიმურაზი აფარებდა თავს და თეიმურაზი იძულებული გახდა ირანში წასულიყო. ირანთან პოლიტიკური მოლაპარაკებები კახეთში თეიმურაზის შვილიშვილის ერეკლე I-ის გამეფების შესახებ უშედეგოდ დასრულდა და 74 წლის ასაკის თეიმურაზი ასტრაბადის ციხის საკანში გარდაიცვალა.
მთელი სიცოცხლის განმავლობაში ირანისგან ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მეფე დიდი დამფასებელი იყო სპარსული ენისა და კულტურისა. პოეზიით მისი დაინტერესებაც როგორც თავად ხსნიდა სპარსულმა ენის სილამაზემ განაპირობა - "სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი". მრავალგზის გადასახლებაში მყოფი თეიმურაზი თარგმნიდა და თავადაც წერდა პოეზიას. სპარსული ლიტერატურის გავლენით მან დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში მაჯამური ჟანრი. შინაარსობრივად თეიმურაზის ლირიკაში ხშირად ჟღერდა რელიგიური მოტივებიც, ეკლესიის ისტორია. მან სათავე დაუდო გაბაასების სტილს, რომელიც ფართოდ გავრცელებული გახდა მის თანამედროვე და მომდევნო თაობის ქართველ პოეტებს შორის.
სტატიის ავტორი:
კოტე ჩაჩიბაია
სამართლის მაგისტრი

Made on
Tilda