ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი წითელხევი

მარიამ გელაშვილი
ჩემი სოფელი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია. 2014 წლის აღწერის მიხედვით 2079 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში მიედინება მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი - მდინარე კორისწყალი, რომელიც სოფელს ორ ნაწილად ყოფს.

სოფლის ძველი სახელია - სადემეტრაო . არსებობს გადმოცემა რომ ხრესილის ომში თავი გამოუჩენია სიმამაცით ვინმე დემეტრეს, ამიტომ ბრძოლის დამთავრების შემდეგ სოლომონ მეფეს ახალგაზრდა მეომრისთვის აზნაურობა და ერთი სოფელი გლეხებითურთ უბოძებია. სწორედ ამ დემეტრეს შთამომავლები ფლობდნენ სოფლის ტერიტორიას და შესაბამისად სახელიც სადემეტრაო ერქვა. თუმცა მეოცე საუკუნეში საბჭოთა პერიოდში სოფელს სახელი ეცვლება და ეწოდება წითელხევი. ამასთან დაკავშირებითაც არსებობს გადმოცემა რომლის მიხედვითაც გლეხები ყანას თოხნიდნენ, შემდეგ ისვენებდნენ მდინარის პირას , იყო საღამოს პირი და მზე უკანასკნელ სხივებს სტყორცნიდა სოფელს, არემარე გადაწითლებული იყო , ამ სურათით აღფრთოვანებულ გლეხებს მოუვიდათ იდეა სოფლისთვის წითელი ხევი ეწოდებინათ .

სოფელში დგას 2 ძველი ეკლესია. ერთი წმინდა გიორგის სახელობის შუა საუკუნეების ე.წ დევიძეების ეკლესია და ასევე მე- XIX საუკუნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ჭალის ეკლესია (ე.წ თეთრი ეკლესია). მათ უდიდესი რელიგიური, კულტურული და ისტორიული ფუნქციაა აქვს სოფლისთვის.

წითელხევში არის 2 საჯარო სკოლა, ბაღი, ამბულატორია და ხელოვნების სკოლა. ერთი სკოლა ტარიელ კვირიკაშვილის სახელობისაა - ამ სოფლის ადგილობრივი მკვიდრის , რომელიც გმირულად დაუღუპა აფხაზეთის ომში. ხოლო მეორე სკოლა კოტე ფოცხვერაშვილის სახელს ატარებს. ის არის ავტორი ჰიმნის მუსიკისა , რომელიც საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაამტკიცა და 2004 წლამდე მოქმედებდა. კოტე ფოცხვერაშვილი სწორედ ამ სოფლიდან იყო და მისი სახლი გადაკეთდა სკოლად.

ჩვენს სოფელში ტრადიცული მეურნეობის დარგებია: მევენახეობა, მესაქონლეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა და სხვა. ადამიანები მშრომელი, პატიოსანნი და კეთილსინდისიერნი არიან. აღნიშნავენ ყველა ტრადიციულ დღესასწაულს როგორიცაა - შობა, აღდგომა, გიორგობა, ბარბარობა, მარიამობა და სხვა.

რაც შეეხება პრობლემებს , ბევრი მიმართულებითაა მუშაობა აუცილებელი. უმუშევრობა, მიგრაცია, ეკოსისტემის დაბინძურება, ინფრასტრუქტურა.

როგორც წინაპართა გადმოცემით ვიცით ეს იყო ხალხმრავალი სოფელი , ყოველკვირეულად იმართებოდა დიდი ბაზრობა, რომელშიც სხვა სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ ადამიანები. ჭირის დრო ერთად განიცდიდა ხალხი და ლხინის დროს ერთად ზეიმობდნენ ყველაფერს, ზრუნავდნენ ერთმანეთზე და გარემოზე . ჩემთვის ეს ამბები შეუცნობელივითაა , რადგან დღეს უმთავრესი რაც არ ემთხვევა წარსულის ამბებს არის ადამიანების რაოდენობა სოფელში. მაწუხებს და გულს მტკენს ყოველი დაკეტილი სახლი , ეკლებით სავსე ეზოები, მიტოვებული ყანები.

მე მიყვარს ჩემი სოფელი და მინდა ბედნიერი აქ ვიყო, ამისათვის საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები , რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას. მე მინდა რომ მიზიდულობის ცენტრი იყოს არა ქუთაისი ან თბილისი, არამედ ჩემი სოფელი . ვგულისხმობ რომ ადამიანებს აქ უნდა აკავებდეთ სიყვარული ამ ადგილის, სამუშაო და შემოსავალი აქ და მომავალიც აქ უნდა წარმოიდგინონ. ამისთვის საჭიროა გამართული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და მეტი დაინტერესება . ამ მიმართულებით საფიქრებელია აგროტურიზმის განვითარება, ინვესტორების დაინტერესება, მოსახლეობის გააქტიურება და ცნობიერების ამაღლება.

არ მომწონს დაბინძურებული გარემო სოფელში, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უმუშევარი და დაუსაქმებელი ადამიანები, სიღარიბე, , გასართობი სივრცის არ არსებობა. მე ვისურვებდი რომ სოფელში დაბრუნდნენ ხალხი რომლებსა ნამდვილად უყვარს ეს ადგილი და გული შესტკივათ, მოუარონ საკუთარ კარ-მიდამოს, ადგილებს , იყოს მხიარულება და ჟრიამული. სოფელში არსებობდეს რამდენიმე სტადიონი, გასართობი ცენტრი, სხვადასხვა სახელოვნებო წრეები. ამავდროულად მესმის რომ ცვლილებებზე პასუხიმგებლობა პირველ რიგში ჩვენ გვაქვს , ადამიანებს რომელებიც ამჟამად აქ ვცხოვრობთ. საჭიროა მეტი აქტიურობა მოსახლეობის მხრიდან და ამასთანავე მეტი დახმარება, ხელშეწყობა, თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის მერიასა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მე წარმომიდგენია ჩემი სოფელი მომავალში სრულიად სავსე მოსახლეობით, სტადიონებით, ახალგაზრდული ცენტრებით, კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები სოფელში ხშირად იმართებოდეს. ადამიანებს საკუთარი საქმე და შემოსავალი ჰქონდეს და წითელხევი იყოს ერთი დიდი შეკრული, ერთიანი და ძლიერი საზოგადოება.

მინდა წითელხევის გარდაქმნაში ჩემი აქტიური წვლილი შევიტანო , ამისთვის ვსწავლობ კარგად სკოლაში, ასევე ვატარებთ სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობებს სოფელში მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით. მე ვარ აქტიური მოქალაქე და ჩემი საქმით ვეხმარები თემს განვითარებაში.

ამასთანავე უნდა ითქვას რომ საჭიროა თანამედროვე განვითარების ტემპს მიყვებოდეს სოფელიც. სოფლის მეურნეობა რომელიც საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ადგილობრივებისთვის, გადაეწყოს მექანიზაციაზე , ადამიანებს დამატებითი საქმიანობა და შემოსავალიც ჰქონდეთ ამასთან ერთად, რათა ღირებული იყოს მათთვის აქ ცხოვრება. გასაგებია რომ ურბანიზაცია , სოფლების დაცლა და ქალაქების გამსხვილება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი , ესაა ოცდამეერთე საუკუნის თანმდევი ეკონომიკური განვითარების შედეგი . სადაცაა ინდუსტრიული ცენტრი იქაა მეტი ადამიანიც. მაგრამ თუკი სოფლი ადგილობრივი მოსახლეობა შეეცდება, მოინდომებს გაიგოს ახალი, შეისწავლოს მეტი, გაეცნოს თანამედროვე მოთხოვნებს, შეცვალოს ცხოვრები წესი, მაშინ მიზიდულობის ცენტრი მათთვის იქნება აქ ადგილზე და არა სხვაგან. ამისთვის საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი. გვქონდეს მყარი რწმენა და გვჯეროდეს იმის რასაც ვაკეთებთ.

ვავლებთ პარალელს წარსულში , ვცხოვრობთ აწმყოში და გვჯერა ნათელი მომავლის , მაშასადამე ცვლილებები ჩვენს ხელშია, რათა შევქნმათ საზოგადოება და სივრცე სადაც ყველას როლი და ფუნქცია მნიშვნელოვანია. ამ მოწესრიგებულ და ორგანიზებული ერთობა იქნება როგორც თვითმმართველი ერთეული, სადაც ადამიანები პრობლემებს ერთობლივად უმკლავდებიან. მნიშვნელოვანია განათლების კერა ანუ სკოლა , რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ბავშვი საზოგადოებაში გამოდის როგორც ღირსეული მოქალაქე.

წითელხევის მცხოვრები ადამიანები არიან პატიოსანნი, მშრომელები, განათლებულები, აქტიურები და დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში . აქ ყველას თავისი საქმე აქვს , ყველამ იცის დროის ფასი, შრომობს და კიდევაც ისვენებს . ამისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. სპორტული სტადიონები, გამაჯანსაღებელი და სავარჯიშო დარბაზი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი (ველოსიპედი, ელექტრომობილი), გამრჯე და გონიერი ადამიანები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გზები, შენობა-ნაგებობები. მზის ბატარეები ყველა შენობის თავზე, მაქსიმალურად ათვისებული განახლებადი ენერგიის წყაროები, თანამედროვე ტექნოლოგიებით ამუშავებული სოფლის მეურნეობა, აიტი ცენტრი, კლუბი , თეატრი, კინო, სავაჭრო ცენტრი, აგრარული ბაზრობა და ბედნიერი ადამიანები


* ტექტსი ქვეყნდება კონკურსში გადმოგზავნილი ფორმით - უცვლელად.



© "სამოქალაქო დარბაზი"

Made on
Tilda