ქართულ-უდიურმა ურთიერთობებმა კულმინაციას მიაღწია 1920-22 წლებში, როდესაც უდიური თემის ერთ-ერთი წინამძღოლი, ზინობი სილიკაშვილი, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამო, ვართაშნელი უდიების ნაწილს ყვარლის რაიონში გამოუძღვა. თავდაპირველად უდიებისთვის ადგილის გამოყოფას შორეულ აფხაზეთში აპირებდნენ, თუმცა სილიკაშვილმა ამაზე უარი განაცხადა და, საბოლოოდ, უდიები ყვარლის მახლობლად დაასახლა. ზინობისადმი მადლიერების ნიშნად, ახლად დაარსებული სოფლის მკვიდრებმა ამ ადგილს „ზინობიანი" უწოდეს. 1938 წელს საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის ტრესტ „საქმომარაგების" სამმართველოს უფროსად მომუშავე უპარტიო ზ. სილიკაშვილი დააპატიმრეს შემდეგი ბრალდებით: „რომ იყო ა/ს მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას და იყო პარტიისა და ხელისუფლების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმის კურსში." სასჯელის ზომად მას დახვრეტა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს. 1938 წლის 16 ოქტომბერს სილიკაშვილი დახვრიტეს და უდიების სოფელს „ოქტომბერი" დაარქვეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ სოფლის მკვიდრის, არჩილ აჯიაშვილის, მეოხებით, სოფელმა ჯერ არაოფიციალურად დაიბრუნა თავისი სახელი, ხოლო პრეზიდენტის 2010 წლის ბრძანებულებით უკვე ოფიციალურად.
უდიები დღეს, ზინობიანის გარდა, ცხოვრობენ აზერბაიჯანში: ქ. ოღუზში (ყოფილი - ვართაშენი) და სოფელ ნიჯში. ბევრი მათგანი 90-იან წლებში რუსეთსა და უკრაინაში გადასახლდა. ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათასი უდია დარჩენილი. მათგან მხოლოდ ნაწილი ფლობს უდიურ ენას, რომელიც, ამ გადმოსახედიდან, შესაძლოა, მალე გაქრობის პირას დადგეს.