1922 წლისთვის ყვარლის სიახლოვეს დასახლებულმა მადლიერმა უდიებმა სწორედ ზინობი სილიკაშვილის გამო დაარქვეს საკუთარ სოფელს ზინობიანი და თავდაუზოგავი შრომით მის გაშენებას და მოპირკეთებას შეუდგნენ. სულ მალე სოფელი ზინობიანი მთელი რეგიონის ერთ-ერთ სამაგალითო სოფლად იქცა. მოგვიანებით, 1938 წელს ზინობი სილიკაშვილი საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა და სოფელი ზინობიანის ეტაპობრივი დაღმასვლაც დაიწყო, რამაც კულმინაციას, ისევე როგორც საქართველოს ბევრი სხვა სოფლის შემთხვევაში, 1990-იან წლებში მიაღწია.
დღესდღეობით, საქართველოს უდიურ თემს შეგვიძლია ერთი სოფლის ეთნიკური უმცირესობა ვუწოდოთ, რადგან უდიური თემის ძირითადი ბირთვი სწორედ სოფელ ზინობიანშია თავმოყრილი. აქ მოსახლე ოჯახების უმრავლესობა ამჟამად შერეულ - ქართულ-უდიურ ოჯახებს წარმოადგენენ. სოფელში უამრავ მიტოვებულ სახლს გადააწყდებით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, უკეთესი სოციო-ეკონომიკური პირობების ძიებაში აქაური უდიების ნაწილი ან საზღვარგარეთ წავიდა ან საქართველოს დიდ ქალაქებში გადასახლდა (ძირითადად, თბილისსა და რუსთავში). ოდესღაც ზინობიანში არსებული ქარხანა-ფაბრიკების შენობები უფუნქციოდ, ზოგიც მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოშლილები, ახლა მხოლოდ სოფლის საუკეთესო წლების აჩრდილებად დგანან ზინობიანის შესასვლელის სიახლოვეს. სოფელში არ არის ამბულატორია. ამ დრომდე ჯერ კიდევ არ არის მაღაზია. მაღაზიაში მოსახვედრად სოფლის მკვიდრებს მეზობელ სოფლებში წასვლა უწევთ (როგორც წესი, ახალსოფელსა და ჭიკაანში). სოფელ ზინობიანს, საქართველოს ბევრი სხვა სოფლის მსგავსად, მწვავედ უდგას წყლით მომარაგებისა და საძოვრების პრობლემა. ნახევრად ჩამოქცეულ მდგომარეობაში დგას სოფლის ბიბლიოთეკის შენობაც, რომლის აღდგენა და მისი, ბიბლიოთეკის ფუნქციებით დატვირთვის გარდა, სათემო განათლების ცენტრად ქცევა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა სოფელში შემორჩენილი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. სასურველია, რომ სოფელი ზინობიანის შემთხვევაში აღნიშნული და სხვა პრობლემების მოგვარება უმოკლეს ვადებში მოხდეს, რადგან საქართველოში ის წარმოადგენს მთავარ ცენტრს მომცრო უდიური თემისთვის. აქ არის კონცენტრირებული საქართველოს უდიების აბსოლუტური უმრავლესობა და თუ აღნიშნული პირობების არ არსებობის გამო მას იქ დარჩენილი ახალგაზრდების დიდი ნაწილი დატოვებს, მაშინ უდიური თემიც აღარ იარსებებს.