ალექსანდრე ქავთარაძე
პაიდეა ანუ რა არის განათლება
პაიდეა - განათლების არსის შესახებ
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ მთელი ცხოვრება გამოქვაბულში გამომწყვდეული ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ მათ წინ აღმართულ კედელზე გამოსახული ჩრდილები აქვთ ნანახი და სხვა არაფერი. გარკვეული დროის მერე მათ ათავისუფლებენ, გამოჰყავთ გამოქვაბულიდან, 400 ვერცხლის მონეტის გადახდას სთხოვენ (მონეტები სასწაულებრივად აღმოაჩნდებათ ჯიბეებში) და გამოქვაბულიდან გამოსასვლელი გზის წარმატებით გავლისთვის სერთიფიკატს გადასცემენ. იქიდან გამოსულთ არც მზით ტკბობის საშუალებას აძლევენ და არც სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, ისევ უკან, უკუნეთ სიბნელეში უკრავენ თავს და კვლავ საიმედოდ ამოქოლავენ გამოქვაბულის კარს.


ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის ცნობილი გამოქვაბულის იგავი ასე ნამდვილად არ მთავრდება და არც 400 ვერცხლის მონეტად ნაყიდი სერთიფიკატი თუ დიპლომია ამ ამბის გმირების მთავარი მიზანი. მეტიც, პლატონი დასანახად ვერ იტანდა სოფისტებს - საბერძნეთში მცხოვრებ მასწავლებლებს, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ადამიანების სხვადასხვა სფეროში გაწაფვაში იყვნენ დახელოვნებულნი. არც პლატონი და არც მისი მასწავლებელი სოკრატე არ თვლიდნენ სოფისტებს ნამდვილი სიბრძნისა თუ ცოდნის მატარებლებად და ამ სიბრძნის გამავრცელებლებად.
,,პაიდეას'' აზრი ის იყო, რომ აღზრდილიყო პოლისის (ქალაქის, დასახლების) განათლებული, ღირსეული, რაციონალურად და ანალიტიკურად მოაზროვნე მოქალაქე"
დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ აქტუალურია სტუდენტური ვალებით გაწამებული ახალგაზრდების საკითხი, ხოლო საქართველოში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში უამრავი სტუდენტი უსახსრობის გამო სწავლას ვერ აგრძელებს. ამ დროს ყოველთვის ისმის კითხვა: ,,თუ იცოდნენ, რომ გაუჭირდებოდათ ვალის დაფარვა ან საფასურის გადახდა, რატომ აბარებდნენ ამა თუ იმ უნივერსიტეტში? განა ვინმემ დააძალა?" ამის საპირწონედ ისმის სხვა კითხვა: „სჭირდება თუ არა სახელმწიფოს და საზოგადოებას განათლებული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში თავისი წვლილის შეტანას ან თუნდაც საარჩევნო ყუთთან სწორი არჩევანის გაკეთებას შეძლებენ?" თუ კვლავ ძველ ბერძნებს დავუბრუნდებით, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ნებისმიერი საზოგადოება საჭიროებს ასეთ ,,იდეალურ" მოქალაქეებს.

,,პაიდეას" კონცეფცია, სწორედაც რომ, ასეთი მოქალაქეების აღზრდასა და მათთვის განათლების მიცემას მოიაზრებდა. ყმაწვილებს ასწავლიდნენ რიტორიკას, გრამატიკას, ფილოსოფიასა და სხვა საგნებს. ,,პაიდეას" მიზანი არ იყო სწავლის გასრულებისას მათთვის რაიმე სახის გრაგნილის გადაცემა, რომელშიც მათი მონაცემები და კურსის წარმატებით გავლის შესახებ ინფორმაცია იქნებოდა დატანილი, რის შემდეგაც მათ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე შეეძლებოდათ დასაქმება. ,,პაიდეას" აზრი ის იყო, რომ აღზრდილიყო პოლისის (ქალაქის, დასახლების) განათლებული, ღირსეული, რაციონალურად და ანალიტიკურად მოაზროვნე მოქალაქე. ძველ ბერძენთა მოსაზრებით, სწორედ ასეთი მოქალაქეები შეძლებდნენ პოლისის ცხოვრების მართებულად წარმართვას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვას და კრიზისული სიტუაციების დროს ემოციების მოთოკვას.

,,პაიდეას" კონცეფცია კარგად ჩანს კონტინენტური ევროპის ზოგიერთ და ასევე, ბრიტანულ საგანმანათლებლო სისტემაშიც. ასე მაგალითად, ინგლისის წამყვან უნივერსიტეტებში - ოქსფორდსა და კემბრიჯში - ხშირია ლექტორისა და სტუდენტის პირისპირ შეხვედრები და ასეთ გარემოში ლექცია-დისკუსიების წარმართვა, რათა ყველა შეხვედრა გაცილებით ნაყოფიერი იყოს. ასევე ხშირია სამ-ოთხ სტუდენტთან პირისპირ ლექციები. მთავარი აზრი არა ორმოცდაათი სტუნდენტის ჩაჭრა-არჩაჭრა ან მაღალი ქულების დაწერა, არამედ ჭეშმარიტად განათლებული და რაციონალური ადამიანის აღზრდაა.



,,სანამ ჩვენ, როგორც საზოგადოება და ინდივიდები, დიპლომის ანუ ერთი ფარატინა ფურცლის აღებას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე თავად სწავლის პროცესში მიღებულ ფასეულ ცოდნას, ყოველთვის დავდგებით დიდი პრობლემების წინაშე"
სანამ ჩვენ, როგორც საზოგადოება და ინდივიდები, დიპლომის ანუ ერთი ფარატინა ფურცლის აღებას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე თავად სწავლის პროცესში მიღებულ ფასეულ ცოდნას, ყოველთვის დავდგებით დიდი პრობლემების წინაშე. შეიძლება, ჩვენი დიპლომით იოლად დავსაქმდეთ მაღალანაზღაურებად სამსახურში, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღებისას გონების ნაცვლად ემოციებს დავეყრდნოთ; ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას პლატონის დიალოგების ან ვაჟა-ფშაველას პოემების წაკითხვის შედეგად შესისხლხორცებული ფასეულობებით კი არ ვიხელმძღვანელოთ, არამედ სამსახურის დაკარგვის შიშით. შეიძლება, ძალაუფლებას ადვილად არ შეველიოთ და ქვეყანასაც უფრო მეტი ზიანი მოვუტანოთ; არჩევნებზე კი ხმა იმას მივცეთ, ვინც ან პირდაპირ მოგვისყიდის ან უბრალოდ ადვილად მოგვატყუებს. ბოლოს კი პლატონის მიერ აღწერილ გამოქვაბულში დავრჩებით და მზის სინათლეს ვერასოდეს ვიხილავთ, გავაგრძელებთ კედელზე აჩრდილების ყურებას, 400 ვერცხლად ნაყიდი სერტიფიკატის თუ დიპლომის მოფრთხილებას და დავივიწყებთ, რომ ამ აჩრდილების სამყაროს მიღმა უფრო ლამაზი, მრავალფეროვანი და ნათელი სამყარო არსებობს. ბოლოს და ბოლოს, თავად ქართული სიტყვა „განათლება" გვეუბნება მთელ სათქმელს.
სტატიის ავტორი:
ალექსანდრე ქავთარაძე
პროფესიული პედაგოგი და საქმისმწარმოებელი სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" ხულოს ფილიალში
სამოქალაქო დარბაზი
Made on
Tilda