ისტორია გამუდმებით გვესაუბრება. ის ყოველთვის ცდილობს ჩვენთვის რაღაცის თქმას. ეს შეიძლება იყოს გაკვეთილი, თავში "წამორტყმა", ანდა სულაც საყვედური. რა შეიძლება, ისტორიას სასაყვედურო ჰქონდეს ჩვენთან? ან შეიძლება ეს კითხვა სხვაგვარად დავსვათ: ვისწავლეთ თუ არა გაკვეთილი ისტორიისგან? და, საერთოდ, რა გაკვეთილზეა საუბარი? ისტორიისგან მიღებულ რა გაკვეთილზე შეიძლება საუბრობდეს ქართველი კათოლიკე? დიახ ქართველი, ვინაიდან ქართული კათოლიკობა სრულებით თვითმყოფადი მოვლენაა. ეს ის სარწმუნოებაა, რომლის გამოც ქართველები ეწამებოდნენ და კვდებოდნენ კიდეც, და არა მარტო საკუთარ მიწაზე, არამედ სამშობლოდან შორს გადახვეწილებიც. და რა ვისწავლეთ ამ გაკვეთილიდან? საზეიმო შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე მამა მიხეილ თამარაშვილზე წარმოთქმული ლამაზი სიტყვები, რომლებიც უბრალო ვალდებულების მოხდის სურვილით გაჯერებულ ფორმალობად იქცევა ხოლმე?! ან იქნებ მისი შედევრები - საშვილიშვილო საქმე - რომლებსაც ზოგიერთი დღევანდელი "დიდი კათოლიკე" პროფესორი მოძველებულად თვლის. რომელ მათგანს დაუწერია "ისტორია კათოლიკობისა"-ზე უკეთესი რამ? უმჯობესია, სხვაგვარად დავსვათ კითხვა: რომელ მათგანს გაუკეთებია თუნდაც იმის მეასედი, რაც მამა მიხეილმა გააკეთა? სამართლიანი იქნება, რომ დადუმდნენ და ისტორიისგან გაკვეთილი მიიღონ.
უკანასკნელმა სამმა ათწლეულმა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ დაგვანახა, რამხელა როლი აქვს წარსულის გააზრებას აწმყოსა და, რასაკვირველია, მომავლისთვისაც. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წინაშე უამრავი შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ თავი იჩინა არაერთმა პრობლემამ და გამოწვევამაც. ეს სრულებით ბუნებრივია. და როგორია ან როგორი უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე? საჭიროა ახალი აზროვნება - მაშასადამე, ახალი სისხლი, ახალი სახეები, ახალი ფიქრი. და ამ ახალს სჭირდება ძველი გამოცდილებაც (ცხადია!). ახალი რეალობა, რომელიც მთელი სიმძაფრით იჩენს თავს ჩვენს წინაშე, მომთხოვნი და დაუნდობელია. თუკი არ ვიბრძოლებთ და არ ვიშრომებთ, ვერ გადავრჩებით. ქართველი კათოლიკეები მუდამ გამოირჩეოდნენ ბრძოლისა და შრომის ჟინით, რასაც ზურგს უმაგრებდა მტკიცე რწმენა. ჩვენ კი თითქოს მოვდუნდით, დავძაბუნდით, თავის დინებაზე მივუშვით ისტორია, "რაც იქნება, იქნება" პრინციპი ვარჩიეთ, ბანალური რუტინის ტყვეობაში ამოვყავით თავი საკუთარივე ნებით... თუმცა, ცხადია, იმედის ნიშნებიც შეიმჩნევა, და განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ეს ნიშნები ახალგაზრდებისგან მოდის. ახალგაზრდები არიან საქართველოში კათოლიკე ეკლესიის პროტაგონისტები, მაშასადამე, მთავარი მოქმედი პირები, თუნდაც გმირები!!! და ამ ახალ ძალას, ამ "ახალ აზროვნებას" ვერავითარი სისტემა და ძალა ვერ შეაკავებს.