ალექსანდრე ქავთარაძე
ზინობი სილიკაშვილის ღვაწლი: ,,ცხოვრება სხვებისთვის"
ზინობი სილიკაშვილი - საზოგადო მოღვაწე და საქართველოს უდიური თემის პირველი რწმუნებული
,,სხვებისთვის ნაცხოვრები ცხოვრება ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ღირებულად" - ამ სიტყვებს ალბერტ აინშტაინს მიაწერენ და ალბათ, სწორედ ეს სიტყვები გამოხატავს ყველაზე უკეთ საქართველოს უდიური თემის პირველი რწმუნებულის და წინამძღოლის, ზინობი სილიკაშვილის ამქვეყნად განვლილ გზას.
ზინობი ანდრიას ძე სილიკაშვილი დაიბადა 1891 წელს, სილიკოვების (მამა - ანდრია სილიკოვი; დედა - მარიამ ჯეირანოვი/ჯეირანიშვილი) ოჯახში, აზერბაიჯანის სოფელ ვართაშენში (რომელსაც დღეს ოღუზი ეწოდება). სილიკოვები ადგილობრივი უდიური თემის გამორჩეული წევრები იყვნენ. მათ ეკუთვნოდათ აბრეშუმის ფაბრიკები, მიწები და სხვა ტიპის ქონება ვართაშენსა და მის შემოგარენში. ზინობი ადრეულ ასაკშივე, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, გაემგზავრა სასწავლებლად რუსეთში, სადაც განათლების მისაღებად წაიყვანა თავისი დაც: ანასტასია სილიკაშვილი. შემდგომში ის ქართულის სასწავლებლად მიაბარა ცნობილი ქართველი მომღერლის, მარო თარხნიშვილის რძალს - გორში.



ფოტო: ზინობი სიყმაწვილეში
,,ახლადგადმოსული უდიების დასახმარებლად შეიქმნა ქართველ-უდინთა დამხმარე საზოგადოება, რომლის გამგეობაშიც, სხვებთან ერთად, შედიოდნენ ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი და ცნობილი დრამატურგი და მწერალი შალვა დადიანი"
1920 წელს ზინობი მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის მეცნიერებათა კანდიდატია. ამავე წელს მან სატუსაღოდან გამოიხსნა როსტოვში დაპატიმრებული 160 ქართველი ვაჭარი, რომლებსაც სასჯელის ზომად მაღარეობში 2 წლიანი მძიმე სამუშაოები ემუქრებოდათ. გამოხსნილ ვაჭრებს მან მატარებელში მოუნახა რამდენიმე ვაგონი და საშვი, რის შემდეგაც სამშობლოში დააბრუნა. მადლიერმა ქართველმა ვაჭრებმა გაზეთ ,,ერთობის" 1920 წლის აგვისტოს ერთ-ერთ ნომერში მისდამი სამადლობელო წერილიც გამოაქვეყნეს.

ამ პერიოდში, სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების შედეგად, უდიური თემი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მშობლიურ მხარეში დაბრუნებულმა სილიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ვართაშენის უდიური თემის დიდი ნაწილის საქართველოში გადმოყვანის თაობაზე. უდიებს გადმოსახლების ნებართვის პირველი მოთხოვნა 1920 წელს ჰქონდათ გადმოგზავნილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, თუმცა მათი ძირითადი ნაკადი საქართველოში 1922 წლისთვის ჩამოვიდა.

ზინო სილიკაშვილის ხელშეწყობით და ზედამხედველობით, ყვარლის რაიონში მათთვის გაშენდა სოფელი, ხოლო ახლადგადმოსული უდიების დასახმარებლად შეიქმნა ქართველ-უდინთა დამხმარე საზოგადოება, რომლის გამგეობაშიც, სხვებთან ერთად, შედიოდნენ ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი და ცნობილი დრამატურგი და მწერალი შალვა დადიანი.

ფოტო: გალაკტიონის დღიურში ჩაწერილი ზინოს სახელი და გვარი
საქართველოში გადმოსული უდიებისთვის, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ზინობი სილიკაშვილის ხელშეწყობით და ინიციატივით, 1923 წლიდან, სოფელში ეტაპობრივად იხსნება ფაბრიკა-ქარხნები, წითელი ჯვრის სამედიცინო პუნქტი, ფოსტა და სკოლა; სოფელში გაჰყავთ დენი. მადლიერი უდიები მის პატივსაცემად 1923 წელსვე არქმევენ სოფელს „ზინობიანს". აი, რას იხსენებს გაზეთ ,,კომუნისტის" 1923 წლის 7 დეკემბრის ნომერში, ,,ქართველ-უდინთა დამხმარე საზოგადოების" წევრი ა. კაკაბაძე (რომელიც აღწერს მის მოგზაურობას სოფ. ზინობიანში, ზინობი სილიკაშვილთან ერთად):

,,თუ რამ თვალსაჩინო გაკეთებულა სოფლისთვის დღემდე, მაგ. სახერხი ქარხანა, გოგირდის წყლებზე, თუმცა პრიმიტიულად, მაგრამ მაინც ბანაობის მოწყობა, კოოპერატივი და სხვა, ეს შედეგია განსაკუთრებით ამხ. ზინობი სილიკაშვილის შრომისა. ამხ. ზინო მთელ ძალღონეს, ენერგიას, ჯამაგირს და ერთი სიტყვით ყველაფერს რაც მას გააჩნია, აწვდის ამ ხალხს. მხოლოდ და მხოლოდ მისი არაჩვეულებრივი ცდით იქნა ეს ხალხი ჩამოსახლებული საქართველოში და, რა თქმა უნდა, ხალხიც კმაყოფილია ამხ. ზინოთი. შესანიშნავი იყო ზინოს შეხვედრა ხალხთან. ყველა სიყვარულის თვალებით და იმედით შესცქერის მას, გარს ეხვევიან დიდი და პატარა და უზიარებენ თავის გაჭირვებას. ამ სურათით უსათუოდ დავრწმუნდი თუ რა შეუძლია საზოგადოებისთვის ერთ პიროვნებას, თუ ის თავს გადადებს ისე, როგორც ამას შვრება ზინო სილიკაშვილი. ამხ. ზინოს მისი დაუზოგავი შრომისთვის და იმ თავდავიწყებამდე სიყვარულისათვის, რომლითაც ის გამსჭვალულია თავისი ხალხისადმი, სოფელმა შესანიშნავად დააჯილდოვა: სოფელს დაერქვა ზინოს სახელი - ზინობიანი. სოფელმა ზინოს სიცოცხლეშივე შეუმკო თავი უკვდავი გვირგვინით"


სილიკაშვილი ამ დროისთვის ჩართულია არა მხოლოდ უდიური სოფლის, არამედ მთლიანად რეგიონის დახმარების საქმეში. ამას ადასტურებს თუნდაც მის მიერ გაზეთში ,,კომუნისტი" გამოქვეყნებული მოთხოვნა მდინარე ალაზანზე ახალი ხიდის გადების საჭიროებასთან დაკავშირებით. ასევე, საინტერესოა, რომ ცნობილი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დღიურებში ზინობი სილიკაშვილის შესახებ აღმოჩენილი ჩანაწერები ცხადყოფენ მათ სავარაუდო ახლობლურ ურთიერთობას. საგულისხმოა, რომ 1930 წელს სილიკაშვილი მას ზინობიანში ვიზიტს სთავაზობდა.

ფოტო: ზინობი სილიკაშვილი
1933-34 წლებში უდიური თემის გამორჩეული წევრები, ძმები - მიხეილ და თევდორე ჯეირანიშვილები, ლათინურ გრაფიკაზე დაფუძნებით, ქმნიან ახალ უდიურ ანბანს. ამავე პერიოდში, იქმნება კომისია უდიური ლექსიკონისა და სასაუბროს შესადგენად. აღნიშნულ კომისიაში შედიან: ზინობი სილიკაშვილი, ძმები ჯეირანიშვილები, ალექსანდრე აჯიაშვილი (ზინობიანელი უდი), ვაგან გუკასიანი (ნიჯელი უდი) და დავით კარბელაშვილი (ქართველი ენათმეცნიერი).

1930-იან წლებში ზინობი სილიკაშვილს ეკავა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის ტრესტ ,,საქმომარაგების" სამმართველოს უფროსის თანამდებობა. ამის მიუხედავად, ის არ იყო გაწევრიანებული კომუნისტურ პარტიაში და იყო ,,უპარტიო", როგორც ამას მისი დახვრეტის ოქმშივე ვკითხულობთ. ამ დროისთვის ის მეუღლესთან, ნადეჟდა ანტიპოვასთან, და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ფალიაშვილის 18 ნომერში.



1938 წელს, საბჭოთა რეპრესიების დროს, ზინობი სილიკაშვილი დააპატიმრეს და ოფიციალურ ბრალდებად წაუყენეს, რომ იყო ,,მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას და იყო პარტიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმის კურსში." სასჯელის ზომად მას განესაზღვრა დახვრეტა და ქონების კონფისკაცია - ორივე მალევე აღსრულდა.

ზინობი სილიკაშვილი 1938 წლის 16 ოქტომბერს დახვრიტეს, ოჯახს ჩამოართვეს მთელი ქონება და მალევე უდიების სოფელს გადაარქვეს სახელი. სოფელს ,,ოქტომბერი" ეწოდა. 1956 წელს ზინობი სილიკაშვილი რეაბილიტირებულთა სიაში მოხვდა, ხოლო რამდენიმე ათწლეულის შემდეგ სოფელმა თავისი თავდაპირველი სახელი - ,,ზინობიანი"დაიბრუნა. დღეს სოფელს კვლავ მისი დამაარსებლის და საქართველოში უდიური თემის პირველი რწმუნებულის - ზინობი სილიკაშვილის სახელი ჰქვია.

საინტერესოა ერთი გადმოცემა: ზინობის დახვრეტის შემდეგ უკვე რამდენიმე წელი იყო გასული, როცა მის დაარსებულ სოფელში და შემოგარენში ხმა დაირხა თითქოს ის გადასახლებიდან ბრუნდებოდა. რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დაირაზმა მის დასახვედრად და უახლოესი რკინიგზის სადგურისკენ დაიძრა. ცხადია, მალევე გაიკრვა, რომ ზინობი არ ბრუნდებოდა.

რთულია იმის წარმოდგენა თუ რაზე ფიქრობდა მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში, განაჩენის აღსრულებამდე, ზინო სილიკაშვილი, მაგრამ მისი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მან ღირსეულად განვლო ეს მძიმე გზა: მან ნამდვილად იცხოვრა მის გარშემო მყოფთათვის, უდიური თემისთვის, ახლობლებისთვის, უცნობებისთვის - სხვა ადამიანებისთვის. მან ,,იცხოვრა სხვებისთვის".



ფოტო: ზინობი სილიკაშვილი მეუღლესთან (ნადეჟდა ანტიპოვასთან) და შვილთან (ლეილა სილიკაშვილთან) ერთად
2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული წარმოებს თანხის აგროვების კამპანია სოფ. ზინობიანში ზინობი სილიკაშვილის სკულპტურის და თანდართული საინფორმაციო დაფის (ზინობის ბიოგრაფიული ცნობებით და ინფორმაციით უდიებზე) დადგმასთან დაკავშირებით. თუ გაქვთ სურვილი თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში:

ანგარიშის ნომერი: GE90TB7871636512500003
ბანკი: თი-ბი-სი
მიმღები: ალექსანდრე ქავთარაძე
სტატიის ავტორი:
ალექსანდრე ქავთარაძე
,,სამოქალაქო დარბაზი"-ს თანადამფუძნებელი
Made on
Tilda