Paideia

სასარგებლო რჩევები

რჩევები ბავშვთან ერთად წიგნის წასაკითხად

ბავშვში კითხვის სიყვარულის გასაღვივებლად, პროცესი საინტერესო თამაშად უნდა ვაქციოთ. აი, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელიც ამაში დაგეხმარებათ:

რჩევა 1

დაიწყეთ ყდიდან

წიგნის გაცნობა დაიწყეთ გარეკანზე გამოსახული ილუსტრაციის გარჩევით. ჰკითხეთ ბავშვს, მისი აზრით, რის შესახებ შეიძლება გვიამბობდეს ავტორი.

რჩევა 2

გააცანით ილუსტრატორი

ბავშვს მხოლოდ ავტორი კი არ დაუსახელოთ, არამედ ილუსტრატორიც გააცანით. ერთად დაათვალიერეთ და შეაფასეთ წიგნში მოცემული ნახატები.

რჩევა 3

მიეცით არჩევანის უფლება

უმჯობესია, ბავშვმა თავად აარჩიოს წასაკითხი წიგნი თქვენ მიერ შეთავაზებული 2 ან 3 ვარიანტიდან. ეს მას დამოუკიდებლობის განცდას მისცემს.

რჩევა 4

გამოიყენეთ პაუზები

კითხვისას კარგია შეყოვნება რაიმე გარდამტეხი ან საინტერესო მომენტის წინ — ეს დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ ბავშვი ყურადღებით გისმენთ და ელოდება გაგრძელებას.

რჩევა 5

აკონტროლეთ დრო

იკითხეთ მანამ, სანამ ბავშვის მხრიდან არის ინტერესი. თუ ატყობთ, რომ ყურადღება გაეფანტა, ჰკითხეთ, აქვს თუ არა გაგრძელების სურვილი, და ძალას ნუ დაატანთ.

რჩევა 6

გაიხსენეთ განვლილი

შემდეგ ჯერზე, სანამ კითხვას გააგრძელებთ, ბავშვთან ერთად ეცადეთ გაიხსენოთ წინა შეხვედრაზე წაკითხული ამბავი.

სასურველი კითხვები კითხვის პროცესში

კითხვის პარალელურად ბავშვთან დიალოგის წარმართვა საუკეთესო გზაა ემპათიის, ლოგიკისა და წარმოსახვის განსავითარებლად. აგრეთვე ასეთი ცოცხალი ღია საუბრებით გაამყარებთ ბავშვთან ემოციურ კავშირს და თქვენს შორის მეგობრობის ჩამოყალიბებას შეუწყობთ ხელს.

  1. რას ფიქრობ, რას განიცდის ესა თუ ის გმირი, როცა მას ბურთი წაართვეს, მეგობარმა დასცინა ან დედა ავად გაუხდა?
  2. შენი აზრით, ახლა რა ხასიათზეა ეს პერსონაჟი და რატომ?
  3. როგორ ფიქრობ, რა დაეხმარებოდა ამ გმირს, რომ თავი უკეთ იგრძნოს?
  4. შენ თუ გქონია ოდესმე მსგავსი განცდა ან შემთხვევა?

რას ვკითხულობთ კლუბში

ნახეთ წიგნების სია ასაკის მიხედვით.

წიგნების სია
Scroll to Top