ლიკა
წიგნი ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემი საუკეთესო მეგობარი და მეგზური იყო. მასთან ერთად მწყინდა, მეტირებოდა, მიხაროდა და ვბედნიერდებოდი. ამიტომ, როცა დედა გავხდი, წიგნი სრულიად ბუნებრივად, სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე, აღმოჩნდა ჩემი შვილების გვერდით. მრავალი წლის განმავლობაში ზიარი კითხვა ჩვენთვის ყოველდღიური სიხარულის მომტანი იყო.
განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებ იმ დროს, როცა ინგლისში, ერთ-ერთ ცნობილ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ( ARCh | Inspiring children to read ) მოხალისედ ვმუშაობდი და სკოლის მოსწავლეებს კითხვის უნარების გაუმჯობესებაში ვეხმარებოდი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ჩემი ორი მოსწავლე სკოლაში „კითხვის ელჩი“ (Reading Ambassadors) გამხდარიყო.
წიგნის თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩანაცვლებამ საგრძნობლად დააზარალა ბავშვების როგორც სასკოლო აკადემიური უნარ-ჩვევები, ასევე მათი სოციალურ-ემოციური განვითარება. ამიტომ, დღეს, ნინოსთან ერთად დიდი ენთუზიაზმით ვცდილობ ბავშვებს შევაყვარო წიგნი და ის განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც ხმამაღლა წაკითხულ ნაამბობს მოაქვს.