Paideia

პაიდეია

ჩვენს შესახებ

სახელის მნიშვნელობა

სიტყვა პაიდეია (Paideia) ძველი ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს განათლების, ცოდნისა და კულტურის გზით ბავშვის აღზრდასა და განვითარებას. ის ასევე გამოხატავს იდეას, რომ ბავშვის გაზრდა მისი გონების, წარმოსახვის, ხასიათისა და სამყაროსადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასაც გულისხმობს.

როგორ დაიწყო

როდესაც პაიდეიას დაარსებაზე დავიწყეთ ფიქრი, უკვე ვიცოდით, რომ უნდა შეგვექმნა მყუდრო, თბილი და მეგობრული გარემო, სადაც ბავშვებს საკუთარი აზრების და ემოციებისა თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ექნებოდათ და რომელიც მათ ღია, ცოცხალი საუბრებისკენ მარტივად უბიძგებდა.

ამ იდეამ ბუნებრივად მიგვიყვანა ლიტერატურამდე, რადგან სწორედ წიგნის ხმამაღლა წაკითხვა იოლად აღვიძებს ბავშვებში დიალოგის სურვილს. ღია და თავისუფალი საუბარი კი გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, რათა სწორად გავერკვეთ გარე სამყაროსა და მასში მიმდინარე ცვლილებებში.

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი , ცოცხალი კომუნიკაცია ერთმანეთის მიმართ გულწრფელი სიკეთის, პატივისცემისა და თანადგომის გამოხატვაა.

ლიკა და ნინო, პაიდეიას დამფუძნებლები

დამფუძნებლები

ჩვენი გუნდი

ლიკა

წიგნი ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემი საუკეთესო მეგობარი და მეგზური იყო. მასთან ერთად მწყინდა, მეტირებოდა, მიხაროდა და ვბედნიერდებოდი. ამიტომ, როცა დედა გავხდი, წიგნი სრულიად ბუნებრივად, სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე, აღმოჩნდა ჩემი შვილების გვერდით. მრავალი წლის განმავლობაში ზიარი კითხვა ჩვენთვის ყოველდღიური სიხარულის მომტანი იყო.

განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებ იმ დროს, როცა ინგლისში, ერთ-ერთ ცნობილ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ( ARCh | Inspiring children to read ) მოხალისედ ვმუშაობდი და სკოლის მოსწავლეებს კითხვის უნარების გაუმჯობესებაში ვეხმარებოდი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ჩემი ორი მოსწავლე სკოლაში „კითხვის ელჩი“ (Reading Ambassadors) გამხდარიყო.

წიგნის თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩანაცვლებამ საგრძნობლად დააზარალა ბავშვების როგორც სასკოლო აკადემიური უნარ-ჩვევები, ასევე მათი სოციალურ-ემოციური განვითარება. ამიტომ, დღეს, ნინოსთან ერთად დიდი ენთუზიაზმით ვცდილობ ბავშვებს შევაყვარო წიგნი და ის განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც ხმამაღლა წაკითხულ ნაამბობს მოაქვს.

ნინო

წიგნებით სავსე სახლში გავიზარდე. წიგნი მუდმივად მეხმარებოდა ჩემთვის ახალი სამყაროს აღმოჩენაში, უამრავ კითხვაზე პასუხის პოვნაში, გარემოს და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. ალბათ, სწორედ წიგნებისა და ბავშვების სიყვარულმა განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზაც. თავდაპირველად პედაგოგიკა ავირჩიე, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის დიდ სიხარულს მანიჭებდა და ენერგიით მავსებდა. მოგვიანებით, კი ჩემი ბიზნესსაქმიანობაც ბავშვებსა და მათ უსაზღვრო, ფერად სამყაროს დავუკავშირე.

თითქმის 30-წლიანი საზღვარგარეთ ცხოვრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო. ასე გაჩნდა ლიკასთან ერთად „პაიდეიას“ შექმნის იდეა – შეგვექმნა სივრცე, სადაც ბავშვები ცნობისმოყვარეობას გაიღრმავებდნენ, საკუთარ აზრებს თავისუფლად გამოხატავდნენ, წიგნებს შეიყვარებდნენ და სიახლეების აღმოჩენას ისწავლიდნენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვთან ერთად ხმამაღლა წაკითხულ თუნდაც ერთ წიგნს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე უბრალოდ ამბის მოყოლას. მას შეუძლია გააჩინოს კითხვები, გააღვივოს წარმოსახვა, განავითაროს თანაგრძნობა და წიგნი ბავშვის ცხოვრების ერთგულ თანამგზავრად აქციოს.“
Scroll to Top